თბილისი (BPI) – ლეჩხუმში ახალი ღვინო „ტვიშის ცოლიკოური“ სულ რამდენიმე წელია რაც შეიქმნა. ახალი პროდუქტი 56 წლის თამაზ ასათიანიანმა 3 წლის წინ შექმნა და მან მომხმარებელში გარკვეული მოწონება უკვე დაიმსახურა.
თამაზ ასათიანს ვენახი ლეჩხუმში, სოფელ ტვიშში, ორ ჰექტარზე აქვს გაშენებული და თეთრ, მშრალ, ნახევრადტკბილ ცოლიკოურს აწარმოებს.
როგორც ქართველი მეღვინე აღნიშნავს, მეღვინეობა და მევენახეობა მისი ოჯახის ტრადიციაა. „მოგვყავს ცოლიკოური, ვენახს ჩვენ თვითონ ვუვლით, ვაზს მზრუნველობა სჭირდება. ამიტომაც,საქმეს დიდი ყურადრებით ვეკიდებით, მთელი ზაფხული ყველა პროცედურას ვატარებთ, რაც საჭიროა და შედეგიც სახეზეა.“
თამაზ ასათიანის ღვინო პირველად 2013 წლის 12 ივლისს გამოჩნდა და როგორც თავად ამბობს, საკმაოდ დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
,,თავდაპირველად ვღელავდი, რადგან არ ვიცოდი ბაზარი როგორ მიგვიღებდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. „ტვიშის ცოლიკოური” საკმაოდ კარგად მოერგო მომხმარებელთა გემოვნებას, 2013 წლის სექტემბრიდან დავიწყეთ ინტენსიური გაყიდვა”.
„ტვიშის ცოლიკოური” იყიდება, როგორც საქართველოში, ასევე საფრანგეთში, პოლონეთში და რუსეთში. ერთი ბოთლი ,,ტვიშის ცოლიკოურის” ფასი 25 ლარია. იგი საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს ღვინის მოყვარულებში.
თამაზ ასათიანი აღნიშნავს, რომ „ტვიშის ცოლიკოურის” მიერ ღვინის ბაზარზე მიღწეული წარმატება დიდი სტიმულია მისთვის და მისი ოჯახისთვის, რათა ყოველდღიურად იზრუნონ ღვინის ხარისხისა და გემოს გაუმჯობესებისათვის.
„მიმაჩნია, რომ მიღწეული შედეგით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. ეს არის სფერო, რომელიც მუდმივ ზრდასა და განვითარებას მოითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქტი ვერ იქნება კონკურენტუნარიანი”.
ღვინის ბიზნესის განვითარებას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ეს ბიზნესი საკუთარი კულტურისა და ტრადიციების დემონსტრირების საუკეთესო საშუალებად ითვლება. მსოფლიოს მრავალი ქვეყანა წარმატებით იყენებს ღვინის ტურიზმს სახელმწიფოს ცნობადობისა და პოპულარიზაციისთვის. როგორც ამბობენ, საქართველოსაც საკმაოდ დიდი რესურსი აქვს ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის. ქართველი მეღვინე თამაზ ასათიანი აღნიშნავს, რომ „ღვინის ტურიზმი ძალიან მნიშვნელოვანია, ღვინო ჩვენი კულტურის ნაწილია, მას შეუძლია სახელი გაუთქვას საქართველოს და გაზარდოს ჩვენი ქვეყნის ცნობადობა. ეს არის რესურსი, რომლის ათვისებაც სასარგებლო იქნება საქართველოსთვის“.
ხატია კუხიანიძე – “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი
მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში