TI: თიბისიზე კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიების დუმილი კითხვის ნიშნებს აჩენს

თბილისი (BPI) – “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” ეხმაურება ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას “თიბისი ბანკის” წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერშეტევასა და  სახელისუფლებო  პარტიის სავარაუდო კავშირზე აღნიშნულ თავდასხმასთან.

მიმდინარე წლის 13 მარტს ტელეკომპანია “პირველმა” გაავრცელა წერილების ასლები, რომლებიც “თიბისი” ბანკის მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაეგზავნა ბანკზე შესაძლო კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით. პირველი წერილი 2018 წლის 17 ივლისით თარიღდება, სადაც ბანკის წარმომადგენელი სამართალდამცავ უწყებას მათზე განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ ამცნობს. წერილის თანახმად, 16 ივლისს თანამშრომლებმა სამსახურის ელექტრონულ ფოსტაზე მიიღეს შეტყობინებები, რომლებიც შეიცავდა ე.წ. ტროიანის ვირუსს. “თიბისი ბანკის” ცნობით, ვირუსის მეშვეობით “დაინფიცირებული” კომპიუტერების მართვა გახდებოდა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ კომპანიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდა IP მისამართი, საიდანაც კიბერშეტევა განხორციელდა, ხოლო მეორე წერილში უკვე დეტალურად მისწერა IP მისამართის მფლობელი იურიდიული პირის ვინაობა (შპს “გრევითი”) და ამ კომპანიის მისამართი (ქ. თბილისი რუსთაველის 12). შემდეგ წერილებში, მათ შორის ბოლოს 2019 წლის 24 იანვარს გაგზავნილში,  “თიბისი ბანკი” ითხოვს ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. სამწუხაროდ, როგორც ბანკის, ასევე საზოგადოებისთვის დღემდე უცნობია  გამოძიების შედეგები.

წერილების გასაჯაროებიდან რამდენიმე დღით ადრე, თბილისში,  რუსთაველის 12-ში ტროლების სავარაუდო ფაბრიკის არსებობის შესახებ  ინფორმაცია  ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა. ტელევიზიის ინფორმაციით, ისინი “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პირის, კოკა ყანდიაშვილის მიერ არიან მართული. აღნიშნულ ინფორმაციას მოგვიანებით ყანდიაშვილმა სიცრუე უწოდა.

ნიშანდობლივია ასევე, რომ მამუკა ხაზარაძემ 2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სავარაუდოდ კიბერშეტევა იმ მისამართიდან განხორციელდა, საიდანაც ხდება ყალბი სოციალური მედია გვერდების და ე.წ. ბოტების მართვა. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც პროკურატურამ “თიბისი ბანკის” წინააღმდეგ ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიება დაიწყო, ფეისბუქზე ბანკის დამფუძნებლების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მადისკრედიტირებელი პოსტები და გვერდები გამოჩნდა, რომელსაც სავარაუდოდ მთავრობასთან დაკავშირებული ყალბი პროფილები (ბოტები) ავრცელებდნენ.

კიბერთავდასხმა წარმოადგენს მძიმე ხასიათის დანაშაულს, რომელიც 21-ე საუკუნეში ფართოდ არის გავრცელებული. ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლის თანახმად, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა აღკვეთოს აღნიშნული კატეგორიის დანაშაული ან მისი ჩადენის შემთხვევაში, გაატაროს შესაბამისი საგამოძიებო ქმედებები დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის მიზნით. “ტროლების თავდასხმა” ბოლო დროის გავრცელებული ტრენდია და განსაკუთრებით აქტუალური წინასაარჩევნო პერიოდში იყო. ტროლების თავდასხმის ობიექტები ხშირად არიან, როგორც პოლიტიკური ოპონენტები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ლიდერები. დაკვირვებამ აჩვენა, რომ მსგავსი ხასიათის თავდასხმები დროში ემთხვევა კრიტიკაზე ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან აგრესიულ და შეურაცხმყოფელ რეაქციას.

ისეთ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტზე კიბერთავდასხმა, როგორიც არის  “თიბისი ბანკი”, რომელიც ათასობით მოქალაქეს ყოველდღიურად ემსახურება, მის ფინანსურ და პერსონალურ მონაცემებს ფლობს, წარმოადგენს მძიმე კატეგორიის დანაშაულს. ამ საქმეზე გამოძიების უმოქმედობა აძლიერებს ეჭვს, რომ “თიბისი ბანკის” საქმეში იკვეთება სახელმწიფოს შესაძლო კვალი. სამწუხაროდ, არც შინაგან საქმეთა სამინისტრო და არც ეროვნული ბანკის წარმომადგენლები არ გამოხმაურებიან  საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას კიბერთავდასხმასთან დაკავშირებით.

წინა გამოცდილების გათვალისწინებით, რადგანაც პოლიტიკურად მგრძნობიარე საქმეებთან მიმართებაში  საგამოძიებო ორგანოების უმოქმედობის  გამო  კითხვის ნიშნები ჩნდებოდა, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს შექმნას დროებითი საგამოძიებო კომისია, სადაც საჯარო სხდომებზე მოხდება “თიბისი ბანკის” საქმის დეტალური შესწავლა, მათ შორის ბანკზე შესაძლო კიბერთავდასხმის საკითხისაც. ასევე აუცილებელია, რომ პარლამენტმა გამოძიების მიმდინარეობაზე ეფექტური მონიტორინგი აწარმოოს.

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …