როგორ შევარჩიოთ წვრილი ტექნიკა სახლისთვის?

ბევრი ჩვენგანისთვის სამზარეულოში ტრიალი და კერძების მომზადება არა მხოლოდ ყოველდღიური მოვალეობა, არამედ საყვარელი პროცესიცაა, რომლის დროსაც კმაყოფილებითა და ბედნიერებით ვივსებით. ეს შეუძლებელი იქნებოდა, თუ შესაბამისი გარემო და აღჭურვილობა არ შეგვიწყობდა ხელს. დღევანდელ ბლოგში ვისაუბრებთ სამზარეულოს წვრილი ტექნიკაზე და იმაზე, თუ როგორ შევარჩიოთ ისინი სწორად. 

გაითვალისწინე შენი კულინარიული სტილი და უნარები

ყველა ჩვენგანის კულინარიული უნარები, ისევე, როგორც სტილი, ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. თუ, მაგალითად, დამწყები ხართ და სამზარეულოში ტრიალის დიდი გამოცდილება არ გაქვთ, უფრო მარტივი გამოსაყენებელი ტექნიკა დაგჭირდებათ, ხოლო თუ უკვე დიდი ხანია, რაც მზარეულობთ, კომპლექსური ელექტრო ხელსაწყოების გამოყენებაც არ იქნება თქვენთვის პრობლემა და, უფრო მეტიც, მათი დახმარებით თავს გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, კონკრეტული მოწყობილობის შეძენამდე სწორად შეაფასოთ თქვენი გამოცდილება და კულინარიული უნარები. 

შეადგინე ბიუჯეტი

ისევე, როგორც ნებისმიერი ნივთის შემთხვევაში, სამზარეულოს წვრილი ტექნიკა მხოლოდ მას შემდეგ უნდა შეიძინოთ, როცა წინასწარ შეადგენთ ბიუჯეტს. ამ გზით, ზუსტად გეცოდინებათ, რომ არც იმაზე მეტი გადაიხადეთ, ვიდრე შეგიძლიათ და არც თანხა დაზოგეთ მაშინ, როცა ამის საჭიროება არ არსებობდა. 

შეაფასე ბრენდი და მისი რეპუტაცია

ცხადია, ტექნიკის ხარისხში დარწმუნდებით მაშინ, როცა გამოიკვლევთ ბრენდს და ნახავთ, თუ როგორი რეპუტაციით სარგებლობს ის, თუნდაც ინტერნეტში. ინტერნეტი სუკეთესო საშუალებაა, გაეცნოთ მომხმარებლების შეფასებას ამა თუ იმ ბრენდის კონკრეტული ნივთის შესახებ. ცხადია, რეალური ადამიანების მიერ დაწერილი შეფასებები არჩევანს მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ. 

შეარჩიე დიზაინი

მართალია, როცა ელექტრო ხელსაწყოებზე მიდგება საქმე, დიზაინს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ, ვაღიაროთ, საჭმლის მომზადება ბევრად უფრო სასიამოვნოა, როცა პროცესში ლამაზ-ლამაზ ნივთებს ვიყენებთ. 

სამზარეულოს ყველაზე საჭირო ელექტრო ხელსაწყოები

მას შემდეგ, რაც ტექნიკის შერჩევისას გასათვალისწინებელ ფაქტორებზე ვისაუბრეთ, დროა, რამდენიმე აუცილებელი ელექტრო ხელსაწყო გამოვყოთ, რომლებიც თითოეული მზარეულის, დამწყებისა თუ გამოცდილის, მარჯვენა ხელია. 

ბლენდერი

ბლენდერი სამზარეულოს განუყოფელი ნაწილია და საუკეთესოა ინგრედიენტების ათქვეფის, დანაწევრებისა და ერთგვაროვან მასამდე დაქუცმაცებისთვის. ბლენდერი ისეთი კერძების მომზადებისას გამოიყენება, როგორიცაა სმუზები, წვნიანები, სოუსები და პიურე. მაღალი სიჩქარისა და სიმძლავრის ბლენდერებს კი ყინულისა და მაგარი ხილის დაქუცმაცებაც იდეალურად შეუძლია. არსებობს როგორც ხელის, ისე შედარებით დიდი ზომის ბლენდერები, მათ შორის არჩევანი ისევ და ისევ თქვენს საჭიროებებზეა დამოკიდებული. 

ელექტრო ჩაიდანი

ალბათ, ცოტა რამ არის ისეთი კომფორტული, როგორიც ელექტრო ჩაიდანი, რომელსაც წამებში შეუძლია წყლის ადუღება, შესაბამისად, თქვენს დროსაც მნიშვნელოვნად ზოგავს. თანაც, ხშირად ჩაის ან ყავის დალევა ზუსტად მაშინ გვინდება ხოლმე, როცა დროში შეზღუდულები ვართ და თითოეულ წუთს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუ ფიქრობთ, რომ გაზის ჩაიდნები უკეთ გამოიყურება, შეგიძლიათ ასეთივე დიზაინის ელექტრო ჩაიდანი შეიძინოთ და არც თქვენს გემოვნებაზე თქვათ უარი. 

ტოსტერი

ტოსტერი საუკეთესო ხელსაწყოა მათთვის, ვისაც დილით საუზმისთვის დიდი დრო არ აქვს და სურს, სწრაფად და მარტივად დანაყრდეს. ტოსტერებში სენდვიჩების უამრავი ვარიაცია შეგიძლიათ დაამზადოთ. სენდვიჩების აპარატთან ერთად, ტოსტის აპარატიც კარგი ვარიანტია. 

მიკროტალღური ღუმელი

მიკროტალღურ ღუმელს, ისევე, როგორც ბევრ სხვა ელექტრო ხელსაწყოს, დაკავებული ადამიანები მიმართავენ ხშირად, რომლებსაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში ნაკლები თავისუფალი დრო აქვთ კერძების მომზადებისთვის. მზა საჭმელი და მიკროტალღური ღუმელი ასეთ დროს საუკეთესო კომბინაციაა. 

ელექტრო გრილი

ალბათ, ყველა თანხმდება, რომ გრილზე შემწვარი ხორცი თუ ბოსტნეული განსაკუთრებით გემრიელია. წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო სასიამოვნო იქნება გრილზე მომზადებული კერძების მირთმევა, როცა პროცესი ამდენად გამარტივდება ელექტრო ხელსაწყოს საშუალებით. 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით ტრენინგები ჩატარდა

ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის (IVF) მხარდაჭერით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში …