სამი თვის მონაცემებით, მგზავრთნაკადი 565%-ით, ხოლო საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთის მოცულობა 3%-ით არის გაზრდილი

2022 წლის I კვარტლის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტები 700 200 მგზავრს მოემსახურა, რაც 565%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე, ხოლო 2019 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით, საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 69%-ს შეადგენს.
🔵 მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მოემსახურა 507 050 მგზავრს. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 407%-ს შეადგენს. ამასთან, მგზავრთნაკადის აღნიშნული მაჩვენებლით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 63%-ით დაუბრუნდა 2019 წელს დაფიქსირებული მგზავრების რაოდენობის მაჩვენებელს.
🔵 2022 წლის I კვარტალში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გადაყვანილ იქნა 121 470 მგზავრი. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 37 047%-ს შეადგენს (შარშან ამავე პერიოდში აეროპორტი 327 მგზავრს მოემსახურა). 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 77%-ს შეადგენს.
🔵 ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 68 474 მგზავრს მოემსახურა. ზრდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1635%-ია, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდამ 32%-ი შეადგინა. შესაბამისად აეროპორტის მგზავრთნაკადის აღდგენის მაჩვენებელი 132%-ია.
🔵 რაც შეეხება ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტებს, მესტია პირველი 3 თვის დაჯამებული მონაცემებით 1 407 მგზავრს მოემსახურა, რაც 307%-ით მეტია ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა და 13%-ით აღემატება პანდემიამდე, 2019 წლის I კვარტალში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ამბროლაურის აეროპორტმა განვლილ 3 თვეში 278 მგზავრი მიიღო, რაც 168 მგზავრით მეტია (153%) ვიდრე 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში მომსახურებული მგზავრების რაოდენობა და 83 მგზავრით (+43%) აღემატება 2019 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობას. 2019 წლის პირველ 3 თვესთან შედარებით, ნატახტარის აეროპორტში მგზავრთნაკადი 17%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის ამავე პერიოდთან შედარებით ზრდა 234%-ს შეადგენს. აეროპორტი 1521 მგზავრს მოემსახურა.
🟦 2022 წლის I კვარტალში, საქართველოს აეროპორტებში ჯამში 3 978 რეისი განხორციელდა. აქედან რეგულარული რეისების რაოდენობა შეადგენდა 2 996-ს, ხოლო ჩარტერების – 982-ს. 2021 წელს განხორციელებული ფრენების რაოდენობასთან შედარებით, რეისებმა მნიშვნელოვნად, 207%-ით იმატა, ხოლო რაც შეეხება 2019 წელთან შედარებით შესრულებული ფრენების აღდგენის დინამიკას, აღნიშნული მაჩვენებელი 76.50%-ს შეადგენს.
🟦 2022 წლის პირველ 3 თვეში, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 4 483.077 ტონა შეადგინა, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 4 360.362 ტონა. შესაბამისად, შარშანდელთან შედარებით, ტვირთბრუნვა 3%-ით არის გაზრდილი. ცნობისთვის, სამგზავრო საჰაერო მიმოსვლისაგან განსხვავებით, COVID 19-ის გამო საქართველოში სატვირთო საჰაერო მიმოსვლა არ შეჩერებულა.
🟦 საქართველოს მსგავსად, საჰაერო მიმოსვლა გააქტიურდა სხვა სახელმწიფოებშიც. შესაბამისად, 2021 წლის I კვარტალთან შედარებით, ქვეყნის საჰაერო სივრცის გამოყენება გაიზარდა 53%-ით, 2019 წელთან შედარებით კი შემცირდა 33%-ით. სულ გასულ სამ თვეში დაფიქსირდა 22 205 ერთეული გადაფრენა. 2021 წლის ანალოგიურ პერიოდში, საქართველოს საჰაერო სივრცეში 14 497 ერთეული გადაფრენა შესრულდა, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალში 33 183.
🔵 2022 წლის განვლილ 3 თვეში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის მიხედვით, საქართველოს საავიაციო ბაზარზე Turkish Airlines-ი ლიდერობს. ავიაკომპანია ბაზრის 13%-იან წილს ფლობს და 90 258 მგზავრი ყავს გადაყვანილი. ამავე პროცენტული წილით (13%) მეორე ადგილზე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი იმყოფება 89 442 გადაყვანილი მგზავრით.
რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ათეული ასე გამოიყურება:
1. ავიაკომპანია Turkish Airlines – 90 258 მგზავრი 13%;
2. ავიაკომპანია Wizz Air Hungary – 89 442 მგზავრი 13%;
3. ავიაკომპანია Pegasus – 70 470 მგზავრი 10%;
4. ავიაკომპანია Fly Dubai – 50 947 მგზავრი 7%;
5. ავიაკომპანია Belavia – 49 877 მგზავრი 7%;
6. ავიაკომპანია Azerbaijan Airlines – 27 866 მგზავრი 4%;
7. ავიაკომპანია Israir – 27 502 მგზავრი 4%
8. ავიაკომპანია Georgian Airways – 22 569 მგზავრი 3%;
9. ავიაკომპანია SkyUp Airlines – 21 884 მგზავრი 3%;
10. ავიაკომპანია Bees Airline – 21 399 მგზავრი 3%.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …