Social Impact Award 2021 ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ

თბილისი (BPI) – Impact Hub Tbilisi, საერთაშორისო ახალგაზრდული პროგრამის, Social Impact Award-ის დასკვნით ეტაპს იწყებს. პროგრამის ფარგლებში წელს რეკორდული რაოდენობის საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. დამოუკიდებელმა ჟიურიმ 200-მდე აპლიკაციიდან 10 ფინალისტი გუნდი შეარჩია. ათივე მათგანი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები ორი თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე, ინდივიდუალური მენტორების დახმარებით გამართავენ ბიზნესმოდელს, შეიმუშავებენ ბაზარზე შესვლის სტრატეგიას და მოემზადებიან საბოლოო პრეზენტაციისთვის. პროგრამის ბოლო ეტაპზე გამოვლინდება 5 გამარჯვებული გუნდი, რომელიც მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას ბიზნესიდეების განსახორციელებლად და მონაწილეობას მიიღებს Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტში.

2021 წლის ფინალისტი პროექტებია:

კიურის ლაბორატორია – სამეცნიერო ყუთები, რომელშიც განთავსებული იქნება სამეცნიერო ექსპერიმენტებისთვის საჭირო მასალები. ამ ყუთების საშუალებით ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა დამოუკიდებლად ჩაატარონ ექსპერიმენტები.

Greenპური – ეკო-მეგობრული პროდუქტი, სინთეზური ქიმიკატების გარეშე. სვიის ტექნოლოგიაზე დამზადებული ეკოლოგიურად ჯანსაღი პური, რომელიც ჩაანაცვლებს ხელოვნურ საფუარს.

თერაპიის ცენტრი „გრადაცია“ – შშმ პირთა თერაპიის ცენტრი ლანჩუთში, რომელიც არტ თერაპიის საშუალებით ბენეფიციარებს დაეხმარება თვითრეალიზაციასა და საზოგადოებასთან ადაპტაციაში.

ნიკოს ეზო – არაფორმალური განათლების ცენტრი და სოციალური მედია-მენეჯმენტის სააგენტო ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, რომლის მიზანიცაა ციფრული კომუნიკაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის.

EV for Green Future – პლატფორმა, სადაც ელექტრომობილის მფლობელს შეუძლია დარეგისტრირდეს, განათავსოს ინფორმაცია და თავის მფლობელობაში არსებული დამტენი/ინფრასტრუქტურა გააქირაოს მაშინ, როცა არ სჭირდება. პლატფორმა მოიცავს ელ. მობილებს, სკუტერებს, მოპედებს.

CosmoTronix – შემეცნებით-გასართობი სამაგიდო თამაში, რომელიც დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს და არამარტო, შეისწავლონ ელექტრონიკა. თამაში მიზნად ისახავს ინტერესის გაზრდას ელექტრონიკის მიმართ.

CatchUP BOX – ეკო-მეგობრული ნივთებით დაკომპლექტებული სასაჩუქრე ყუთი, ყოველთვიური გამოწერის შესაძლებლობით. პროდუქტს ექნება აპლიკაცია და ჭკვიანი ეკო-კალენდარი.

„GreetNative” – ონლაინ სასწავლო პლატფორმა, რომლის მიზანია, ფეხი აუწყოს განათლების გაციფრულების ტენდენციას და ქართველ მომხმარებელს გაუმარტივოს სასურველი უცხო ენის შესწავლა მშობლიურ ენაზე მოსაუბრთან (Native Speaker).

ტანტა – სსსმ ბავშვების ნახატებით გაფორმებული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მიზნად ისახავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების გაძლიერებას და მათ შესახებ საზოგადოების ცნობიერების გაზრდას.

ფარდაგები რაჭიდან – მიზნად ისახავს, შეკრიბოს ისეთი პირები, რომლებიც დაინტერესებული იქნებიან შეისწავლონ ხელით ქსოვის ტექნიკები, დაეუფლონ ახალ პროფესიას და პარალელურად ეს საქმიანობა აქციონ შემოსავლის წყაროდ.

სოციალური მეწარმეობის მიმართულებით ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამა 15 ქვეყანაში ერთობლივად ხორციელდება და ორიენტირებულია სტუდენტების განათლებაზე სოციალური მეწარმეობის დარგში. პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს ათთვიან საგანმანათლებლო კურსს საკუთარი ბიზნესიდეების განსახორციელებლად. პროგრამის განმავლობაში სტუდენტები გადიან მთელ პროცესს იდეის გენერირებიდან, ბიზნესგეგმის შედგენამდე, რაც მათ აძლევს შესაძლებლობას რეალურად წამოიწყონ სოციალური ბიზნესი.

Social Impact Award 2021-ის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები უკვე გაიმართა თბილისში, ქვემო ქართლში, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, აჭარასა და იმერეთში, რომელშიც საერთო ჯამში 300-ზე მეტი ახალგაზრდა დარეგისტრირდა. სამუშაო სესიებზე ახალგაზრდება იმუშავეს იდეების გენერირებაზე, ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაზე.

პროგრამა Social Impact Award-ის განხორციელების ლიცენზია Impact Hub Tbilisi-მა 2017 წელს მიიღო და უკვე მეხუთე წელია ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას წამოიწყონ სოციალური ბიზნესი. ამ ხნის განმავლობაში პროგრამაში საერთო ჯამში ჩაერთო 1000-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, ინკუბაცია გაიარა 100-მდე ახალგაზრდამ და გამოვლინდა 14 გამარჯვებული გუნდი. ყველა პროექტი აქტუალურ სოციალურ პრობლემას ეხმაურება და მათი გადაჭრის ინოვაციურ გზებს გვთავაზობს.

Social Impact Award 2021 ხორციელდება თიბისის პროგრამა სტარტაპერის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) მხარდაჭერით.

შემთხვევითი სიახლე

ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვის ხელშეწყობისთვის სემეკმა რეგულაცია შეიმუშავა

მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებში ცენტრალური გათბობის სისტემის დანერგვისა და განახლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკისა …