შეუიარაღებელი მკვლელი ჰაერში

თბილისი (BPI-UG) – ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება მნიშვნელოვან გარემოსდაცვითსა და სოციალურ საკითხს წარმოადგენს, რადგან ის ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემასა და კლიმატზე.

თემა აქტუალურია საქართველოსთვის, სადაც ჰაერის დაბინძურების მაღალი მაჩვენებელი სწორედ სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის.

აღსანიშნავია, რომ გამონაბოლქვის საშუალებით, გარემოში ხვდება ისეთი აირები როგორიცაა:  ნახშირჟანგი, ნახშირწყალბადი, აზოტი, გოგირდის ორჟანგი, ჭვარტლი და ასევე – მტვრის მყარი  ნაწილაკები PM2,5 და PM10.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) 2012 წლის მონაცემებით,  საქართველო ჩრდილოეთ კორეის შემდეგ, მეორე ადგილზეა მსოფლიოში 100 000 მოსახლეზე ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით. 2016 წელს „ჯანმრთელობის გაზომვისა და შეფასების ინსტიტუტმა“, რომელიც აშშ-ში, ვაშინგტონის უნივერსიტეტთან არის აფილირებული, გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, 2015 წელს ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, საქართველო მესამე ადგილზეა ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლით.

            რატომ არის საშიში ტყვიის არსებობა ატმოსფეროში და რა მდგომარებაა ამ მხრივ თბილისში? 

ევროკავშირის ნორმების შესაბამისად, ჰაერში ტყვიის შემცველობის საშუალო წლიური მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 0,5 მკგ/მ3. გარდა ამისა, ეს ნორმა დადგენილია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მიერ. ატმოსფეროში ტყვია საკმაოდ ფართოდ არის გავრცელებული. მისი კვლევის მიზნით კი, საქართველოს მაშტაბით მიმდინარეობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი.
2012 წელს საქართველოში  ამოქმედდა პირველი ავტომატური სადგური, რომელიც ამოწმებს ჰაერში მავნე ნივთიერებების არსებობას, ხოლო 2016 წლიდან , როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში დაიწყო არაავტომატური სადგურების ჩანაცვლება თანამედროვე სადგურებით.
ამჟამად, გარემოს ეროვნული სააგენეტო, ყოველკვირეულად აქვეყნებს ანგარიშს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისის გარკვეულ უბნებზე ხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში იმატებს მოხმარებული საწვავის რაოდენობა და ამასთანავე იზრდება მავნე ნივთიერებების ატმოსფეროში გაფრქვევა. თუმცა, ამის პარალელურად, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, თბილისში ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობის დასადგენად, გასულ კვირას, ჰაერის სინჯები აღებული იქნა ქალაქის ოთხ ლოკაციაზე:  აკ. წერეთლის გამზირზე, ალ.ყაზბეგის გამზირზე – წითელ ბაღთან, ვარკეთილი 3 – I მკრ-ნი-ს მიმდებარე ტერიტორიასა და მარშალ გელოვანის გამზირზე.

ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ არცერთ ლოკაციაზე აღებულ სინჯებში ტყვიის შემცველობა არ აღემატებოდა დასაშვებ ნორმას.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს მონოტორინგის შედეგების მიხედვით, მთელი ქვეყნის მაშტაბით, ჰაერში ტყვიის შემცველობა უსაფრთხო ნორმაზე რამოდენიმეჯერ მცირეა. იგივე დაადასტურა ორგანიზაცია „ეკოხედვის“ მიერ ჩატარებულმა  კვლევამ , რომელთა მონაცემებით, 1-ლი აგვისტოდან ამოქმედებულ ევროპულ ნორმებთან შედარებით, ტყვიის შემცველობა საკმაოდ შემცირებულია ატმოსფეროში“ – განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხემძღვანელმა ნოე მეგრელიშვილმა.

მეგრელიშვილის განმარტებით, ატმოსფერულ ჰაერში ტყვიის შემცველობა , საწვავის ხარისხზეა დამოკიდებული. საქართველოში კი 2005 წლიდან აიკრძალა ტყვიის შემცველი ბენზინის გამოყენება. მისივე  თქმით, ატმოსფერული ჰაერის მოწამვლის წყარო არათუ საწვავი, არამედ საღებავები, წყლის მიწოდების სისტემა და კვების შეფუთვა შესაძლოა იყოს.

„როდესაც სისხლში ტყვიის ნორმაზე რამოდენიმეჯერ გადამეტება ფიქსირდება, ეს ატმოსფერული ჰაერიდან ვერ იქნება. რა თქმა უნდა, ამას ატმოსფერულ ჰაერთანაც აქვს კავშირი, მაგრამ ეს არის მიზერული. „ეკოხედვის“ კვლევამაც აჩვენა, რომ  ოდნავ ნაკლები იყო ჩვეულებრივ ქუჩაზე ტყვიის შემცველობა, ვიდრე იმ ქუჩაზე, სადაც მიმდინარეობდა მშენებლობა, თუმცა ნორმაზე მაინც 10-ჯერ ნაკლები“ – განაცხადა მეგრელიშვილმა.

ის თუ რა წყაროდან  ხვდება რეალურად ტყვია ატმოსფეროში, ამის დასადგენად, გაეროს ბავშვთა ფონდი ატარებს მსხვილმაშტაბიან კვლევას საქართველოს 10 სხვადასხვა რეგიონსა და დედაქალაქში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომლის მიზანია საქართველოს  ოჯახების, ქალებისა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ მნიშვნელოვანი მონაცემების შეგროვება. კვლევა საქართველოში 2018 წელს  20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

კვლევა იმით არის მნიშვნელოვანი, რომ კვლევის ფარგლებში, მშობლის ნებართვის საფუძველზე, მედდას ექნება საშუალება 2-7  წლის ბავშვს სისხლი  აუღოს ვენიდან , რომელიც შემოწმდება ტყვიის შემცველობაზე იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში.  ანალიზის პასუხები მონაწილე ოჯახებს კონფიდენციალობის სრული დაცვით დაეგზავნებათ და საჭიროების შემთხვევაში ისინი მიიღებენ უფასო კონსულტაციას.

„ტყვიის შესახებ საუბარი გლობალური პრობლემაა, რომელიც არ ეხება მხოლოდ ჩვენს ქვეყანას. ვგეგმავთ, რომ ამ კვლევის საფუძველზე, 2000 ბავშვს შერჩევითად ჩავუტაროთ ტყვისს განსაზღვრის ანალიზი სისხლში. პრაქტიკულად საქართველოს ყველა რეგიონი იქნება მოცული. ამის შემდეგ, დარგის სპეციალისტები,  ქვეყნის მთავრობას მთავრობასა და ხელისუფლების ცალკეულ რგოლებს , რომელთაც უშუალოდ ეხებათ მათზე კონტროლი, შესთავაზებენ იმ სტრატეგიულ ღონისძიებებს , თუ რა უნდა გააკეთონ მათ, რომ ტყვიის შემცველი სხვადასხვა ნივთიერებების საზღვარზე შემოტანის პრევენცია უზრუნველყონ. ეს იქნება საკვები საშუალბებეი, სათამაშოები, სამშენებლო მტვერი, საღებავები თუ სხვა.“ – განაცხადა პედიატრმა თემურ მიქელაძემ.

კვლევები ცხადყოფს – საიდან ხვდება რეალურად ტყვია ატმოსფეროში. არის ამის რეალური მიზეზი საწვავი, თუ პრობლემა სხვა ფაქტორებში უნდა ვეძებოთ?

აღიარებული ფაქტია, რომ  დაბინძურებული ჰაერი განსაკუთრებულად უარყოფითად მოქმედებს ახალშობილებზე და მათ გონებრივსა თუ ფიზიკურ განვითარებას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს. დაბინძურებული მცირე ზომის ნაწილაკები აღწევს სისხლში და შეუძლია ნერვული დაბოლოებების ანთება გამოიწვიოს. ზრდასრულებში  მსგავს დაზიანებას შეუძლია გამოიწვიოს ალცჰაიმერისა და პარკინოსის  დაავადებები. გარდა ამისა, დაბინძურებული ჰაერი დიდ ზიანს აყენებს ადამიანის გონებრივ განვითარებას. მაგალითად, შემეცნებით შესაძლებლობებს, მეხსიერების, სიტყვიერსა და სივრცით აზროვნებას.
ტყვია ასევე გავლენას ახდენს ადამიანის რეპროდუქციულსა და იმუნურ სისტემაზე. რაც ასევე სამწუხაროა არის ის, რომ ტყვია ადვილად გადადის დედიდან შვილზე ძუძუთი კვების ან მუცლად ყოფნის დროს.
კვლევა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა და ჟურნალმა Breast Cancer Research-მა გამოაქვეყნა, ნაქვამია, რომ ჰაერის დაბინძურებასა და ძუძუს კიბოს შორის არსებობს კავშირი.

      რა ვალდებულებები აკისრია საქართველოს ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის თანახმად?

მწვანე ალტერნატივის ანალიტიკური ნარკვევიდან ვკითხულობთ, რომ ეროვნული პროგრამის  (2012 წლის) თანახმად,  არსებული მონიტორინგის მონაცემების მიხედვით, ყველა იმ ქალაქში,  სადაც სადამკვირვებლო ჯიხურებია განთავსებული აღინიშნება  ე.წ. „ძირითადი დამაბინძურებლების“ მიერ კონცენტრაციების გადაჭარბება მათ დასაშვებ მნიშვნელობაზე.
პროგრამის „ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების კომპონენტის“  გრძელვადიან მიზანს წარმოადგენს  ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოსათვის უსაფრთხო ჰაერის ხარისხის უზრუნველყოფა.

დოკუმენტის მიხედვით, ამ მიზნის მისაღწევად უახლოეს 5 წლიან პერიოდში შემდეგი კონკრეტული დეტალები უნდა იქნეს მიღწეული:
1) მონიტორინგის არსებული ქსელის უზრუნველყოფა და მისი ეტაპობრივი ავტომატიზაცია;
2) სამრწველო გაფრქვევების შემცირება.  საწარმოთათვის ახალი, მოწინავე, ენერგოდამზოგი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობის  და გარემოზე განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა;
3) საავტომობილო გაფრქვევის ეტაპობრივი შემცირება სათანადო მექანიზმების განხორციელებით საერთაშორისო პრაქტიკისა და ადგილობრივ თავისებურებათა გათვალისწინებით.

საქართველოში ჰაერის დაბინძურება ყველაზე დიდ პრობლემას ღარიბ მოსახლეობას უქმნის, რომელსაც არ აქვს საშუალება ჯანრმთელობის პრობლემებს სათანადო ყურადღება მიაქციოს, ან უკეთესი საცხოვრებელი პირობები თუ გარემო შეიქმნან.

მარიამ ბერაია,

“საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …