სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში კიდევ ერთი სიახლე ამოქმედდა. დღეიდან, სემეკში წარსადგენი განცხადებების ჩაბარება და განცხადებებზე სემეკის პასუხების მიღება იუსტიციის სახლშია შესაძლებელი. ამავდროულად, ძალაში რჩება სემეკის ოფისში განცხადებების ჩაბარებისა და მათზე პასუხების მიღების შესაძლებლობაც.
სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ლაშა ლობჯანიძე ახალი მომსახურების მუშაობის პროცესს იუსტიციის სახლში გაეცნენ. აღნიშნული სიახლის მიზანს წარმოადგენს მოქალაქეებისთვის კომუნალური სერვისების ხელმისაწვდომის გაუმჯობესება. კერძოდ, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლისა და მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს შეუძლიათ მიმართონ სემეკს მომსახურების პირობის დარღვევაზე რეაგირების მიზნით, სემეკში წარსადგენი განცხადება/საჩივარი ჩააბარონ იუსტიციის სახლში და ამავდროულად, იუსტიციის სახლში მიიღონ სემეკის მიერ განცხადებაზე გამოგზავნილი პასუხები. აღნიშნული მომსახურება უფასოა.
ახალ მომსახურებასთან ერთად, სემეკისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში ჩააბარონ განაცხადი კომუნალური კომპანიის სახელზე – დარეგისტრირდნენ ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების აბონენტებად, კომპანიებთან გააფორმონ მომსახურების მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმონ კომუნალური დავალიანება, დააფიქსირონ მომარაგების პრობლემა, მოითხოვონ მომარაგების შეწყვეტა და აღდგენა, მრიცხველის შემოწმება, გადაამოწმონ დარიცხვა. კომუნალური მომსახურებების მიღება შესაძლებელია იუსტიციის სახლის სხვა სერვისებთან ერთად. ხოლო ამ ახალი მომსახურებით კი, გაუჩნდათ შესაძლებლობა მომსახურე კომპანიიდან არასასურველი პასუხის ან მომსახურების შემთხვევაში, იქვე (იმავე სივრცეში) დააფიქსირონ მომსახურებაზე უკმაყოფილება და მიმართონ სემეკს საკითხის შესწავლისა და რეაგირების მოთხოვნით.
ბოლო მონაცემებით, იუსტიციის სახლში ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების კომუნალური სერვისებით, საქართველოს მასშტაბით 90,982 მოქალაქემ ისარგებლა.

 

 

შემთხვევითი სიახლე

როგორ დავზოგოთ META-ში რეკლამაზე 300$-მდე – გაიგე მეტი Mastercard-ის ბიზნეს ბარათების ბენეფიტების შესახებ

დღევანდელი ბიზნეს სამყაროს დინამიკურ ლანდშაფტში, თითოეული უპირატესობა მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მეწარმეები მუდმივად ახალი, სტრატეგიული შესაძლებლობების …