სებ-ის ახალი პროგნოზით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 5%-ის ნაცვლად 3-4%-ის დონეზე იქნება

სებ-ის ახალი პროგნოზით 2022 წელს საქართველოს ეკონომიკის რეალური ზრდა 5%-ის ნაცვლად 3-4%-ის დონეზე იქნება.

როგორც მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ, სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.
“ახალი შოკის ფონზე გამძაფრებულმა ინფლაციურმა რისკებმა უკვე გაზრდილი ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები გლობალური მასშტაბით შეანელა. საქართველოში თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.7 პროცენტი შეადგინა. მარტიდან ინფლაციის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც, ძირითადად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის მილევას უკავშირდება. თუმცა, რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ეს შემცირება გაცილებით სწრაფი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია, ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს. გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს. ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება.

მოსალოდნელია, რომ საკრედიტო აქტივობა, მიუხედავად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში მიღებული მაკროპრუდენციული ზომებისა, წლის განმავლობაში ზომიერად მაღალი იქნება. რაც შეეხება ერთობლივ მოთხოვნას, წინასწარი მონაცემებით, 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 10.4 პროცენტით გაიზარდა. წინა პროგნოზებით, 2022 წელს 5 პროცენტიანი ზრდა იყო მოსალოდნელი, თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ზრდის ტემპი 3-4 პროცენტის ფარგლებში იქნება. ეკონომიკური ზრდის მოსალოდნელი შენელების ფონზე, ერთობლივი მოთხოვნიდან ინფლაციური ზეწოლა მცირე იქნება და წლის განმავლობაში დომინანტი კვლავ მიწოდების ფაქტორები დარჩება. აქვე გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე მოვლენების ფონზე, პროგნოზების გაურკვევლობის მასშტაბი განსაკუთრებით გაზრდილია,”- ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …