ინფლაციური წნეხი გაძლიერდა, რაც, ინფლაციური მოლოდინების მატების რისკის ფონზე, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას გვაიძულებს -კობა გვენეტაძე

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში – “ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და საქართველოს ეკონომიკის შედეგები“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრას ქართველი, უკრაინელი და საერთაშორისო თანამეგობრობის მაღალი რანგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კობა გვენეტაძემ პანელურ დისკუსიაში რეგიონში არსებულ რისკებსა და ამ რისკების საპასუხოდ გატარებულ მაკროეკონომიკური სტაბილურობის პოლიტიკაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს საფინანსო სექტორის მდგრადობას და აღნიშნა, რომ სექტორმა მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, რაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმებისა და რეგულაციების შედეგია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო ბაზრებზე ფასებისა და ინფლაციის მაჩვენებლის ზრდაზეც ისაუბრა, რაც რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების შედეგია.

“გასათვალისწინებელია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასებზე აღმავალი ზეწოლაც, ვინაიდან რუსეთი და უკრაინა მსოფლიო ბაზარზე რიგი ნედლეულის მიმწოდებელნი არიან და ამ მიწოდების შეფერხება მსოფლიო ბაზარზე გარკვეულ პროდუქტებს აძვირებს. აღნიშნულის შედეგად, ინფლაციური წნეხი გაძლიერდა, რაც, ინფლაციური მოლოდინების მატების რისკის ფონზე, თავისთავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას გვაიძულებს. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე იგი შემცირდა – თუკი თებერვლის დასაწყისში ეკონომიკის 5%-იან ზრდას ველოდით, დღევანდელი გადმოსახედიდან ეკონომიკის დაახლოებით 3-4%-იან ზრდას ველით, რაც ხაზს უსვამს ეკონომიკის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. ამასთანავე, აღსანიშნავია მოვლენების განვითარების გაურკვევლობების ჯერ კიდევ მაღალი ხარისხი, რაც დღეს გაკეთებულ პროგნოზებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …