საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 21.8 მლრდ აშშ დოლარი (67.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ-ს 116.8 პროცენტია. 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 775.7 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 901.3 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა, სხვა ცვლილებების გამო კი – 74.5 მლნ. აშშ დოლარით; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად 167.7 და 32.3 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 10.7 მლრდ აშშ დოლარი (33.0 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 57.0 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 8.0 მლრდ აშშ დოლარი (24.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 42.5 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 954.1 მლნ აშშ დოლარი (3.0 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.1 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 503.0 მლნ აშშ დოლარი (1.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 2.7 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 6.6 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა შეადგინა 4.6 მლრდ აშშ დოლარი (14.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 24.5 პროცენტი), სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.9 მლრდ აშშ დოლარი (15.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.0 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.5 მლრდ აშშ დოლარი (10.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 18.6 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 90.7 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2021 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 13.3 მლრდ აშშ დოლარი (41.2 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც 2021 წლის მშპ–ს 71.0 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 6.3 მლრდ აშშ დოლარია (19.7 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 33.9 პროცენტია.

2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 11.5 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 5.1 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები – 6.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2021 წლის მეოთხე კვარტალის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 954.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 483.8 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი.

წინამდებარე სტატისტიკური ინფორმაცია ქვეყნდება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე, სტატისტიკის რუბრიკაში.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …