საწვავის იმპორტი 2018 წელს უმნიშვნელოდ გაიზარდა

თბილისი (BPI) – საქართველოში საწვავის იმპორტის უმნიშვნელოდ გაიზარდა. 2018 წელს ქვეყანაში მხოლოდ 3,1 ათასი ტონით არის გაზრდილი ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი და 1098,9 ათასი ტონას (2017 წელს – 1095,8 ათასი ტონა) შეადგენს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ცნობით, 2018 წელს იმპორტირებულია 542 ათასი ტონა ბენზინი საწვავი და 556,9 ათასი ტონა დიზელის საწვავი.

“ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად საწვავის მოხმარება არ გაზრდილა, ის მცირედით შემცირდა კიდეც, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიც მოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნული დაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილ ცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. ზოგადად, საწვავის იმპორტი და მოხმარება კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა, რასაც ხელს უწყობს სატრანსპორტო პარკის ყოველწლიური ზრდა”, – განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

2018 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი – 379,5 ათასი ტონა (70%); A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი – 154,7 ათასი ტონა (28,5%), A-98 სუპერი მარკის ბენზინი – 7,8 ათასი ტონა (1,4%).

ბენზინისა და დიზელის საწვავის უმსხვილესი იმპორტიორი რუსეთია – 292,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,6%-ს შეადგენს. კავშირში განმარტავენ, რომ რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.

2018 წელს ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა, მთელი იმპორტის 40,1% განხორციელდა ასევე რუსეთიდან – 217,4 ათასი ტონა, დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 174,5 ათასი ტონა, მთელი იმპორტის 31,3%.

ცნობისათვის, საწვავის იმპორტი წლების მიხედვით შეადგენდა: 2014 წელი – 9035,1 ათასი ტონა, 2015 წელი – 1036,0 ათასი ტონა, 2016 წელი – 1229.6 ათასი ტონა, 2017 წელი – 1095,8 ათასი ტონა, 2018 წელი – 1098,9 ათასი ტონა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …