რას აცხადებენ “ყაზტრანსგაზ-თბილისში” დიდ დიღომში მომხდარ ტრადგედიასთან დაკავშირებით

თბილისი (BPI) – კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ 16 იანვარს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე (114) შევიდა მოქალაქე გიორგი იმედაძის შეტყობინება დიდ დიღომში, ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში გაზის სუნის შესახებ.

“შეტყობინებაზე რეაგირების მიზნით, მისამართზე სპეციალური აღჭურვილობით, შესაბამისი კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების ჯგუფი გაემართა. ამავდროულად კომპანიის ცხელ ხაზზე, იგივე მისამართიდან მეორე, მოქალაქე გიგა ჭანტურიას შეტყობინება შემოვიდა, რომელიც შესასრულებლად გზაში მყოფ იმავე ჯგუფს გადაეგზავნა. კომპანიის საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ზემოხსენებული მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე, ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500“-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა.

შემოწმების შედეგების შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა შეადგინეს შემოწმების აქტი, რომელიც დამოწმებულია საავარიო ჯგუფის წარმომადგენლებისა და განმცხადებლების ხელმოწერებით.

იმავე დღის 20:33 საათზე საპატრულო ეკიპაჟმა გადმოგვცა ინფორმაცია აღნიშნულ კორპუსში აფეთქების თაობაზე. კომპანიის წარმომადგენლების ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ აფეთქება მოხდა, სავარაუდოდ, მე-6 სართულზე მდებარე 49-ე ბინაში. აღსანიშნავია, რომ კორპუსის რამდენიმე ბინაში (მათ შორის, აფეთქებული ბინის მეზობელთან) დამონტაჟებული ბუნებრივი გაზის გაჟონვის დეტექტორები დენის წყაროდან გამორთული იყო. აფეთქების გამომწვევი მიზეზი ამ ეტაპზე ჩვენთვის უცნობია.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ მომხდარი უბედური შემთხვევის გამომწვევი მიზეზების დადგენის მიზნით შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მჭიდროდ თანამშრომლობს საგამოძიებო ორგანოებთან. კომპანია დაინტერესებულია, რომ გამოძიება სრულად და ობიექტურად ჩატარდეს და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი”, – ნათქვამია განცხადებაში.

იქვე მითითებულია, რომ ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების მოთხოვნით, კომპანია „სამშენებლო კომპანია ელ ჯგუფმა“ შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ 2017 წლის 12 სექტემბერს მიმართა, რის საფუძველზეც გაიცა გაზის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა. კომპანიამ რეგულაციების შესაბამისად განიხილა და ტექნიკური პირობა გასცა აღნიშნული საცხოვრებელი კორპუსის 88 ბინაზე, საერთო სიმძლავრით 332 კუბ.მ./სთ; ტექნიკური პირობის საფუძველზე, ასევე, საქართველოში გაზის მეურნეობაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების შესაბამისად, მომზადდა გაზმომარაგების პროექტი და შესრულდა სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები.

აღნიშნულ კორპუსში ჩართვები 2017 წლის 30 დეკემბრიდან ეტაპობრივად დაიწყო. გამომდინარე იქიდან, იყო თუ არა აბონენტი მზად თავისი ვალდებულებების ნაწილში ბუნებრივი გაზის ჩასართავად, 49-ე ბინაში, სადაც სავარაუდოდ მოხდა აფეთქება, ჩართვა განხორციელებულია 2018 წლის 22 თებერვალს შესაბამისი პირობების დაცვით.

რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიუღებელი შენობების გაზიფიცირების საკითხს, კომპანიაში განმარტავენ, რომ რომ მოქმედი რეგულაციების თანახმად, თუ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება მოთხოვნილია მშენებარე, მრავალბინიანი სახლის ექსპლუატაციაში მიღებამდე, განაწილების ლიცენზიატი (კომპანია) ვალდებულია, დააკმაყოფილოს მოთხოვნა გაზიფიცირების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას ერთობლივი განაცხადით მიმართავს ამ მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 50 პროცენტზე ნაკლები პირი.

“მოცემულ შემთხვევაში, შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ გაზიფიკაციის მოთხოვნით მიმართა ავთანდილის ქ. #8-ში მდებარე კორპუსის მცხოვრებთა 100-მა პროცენტმა, რისი გათვალისწინებითაც კომპანიამ დადგენილი წესით შეასრულა გამანაწილებელ ქსელზე მიერთების სამუშაოები“, – ნათქვამია განცხადებაში.

დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებას 4 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. დაშავდა 8 ადამიანი.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …