ქართული ღვინის ექსპორტი ყველაზე მეტად შვეიცარიაში გაიზარდა

თბილისი (BPI) – საექსპორტო ბაზრებს შორის ქართულ ღვინოზე მოთხოვნა 2018 წელს ყველაზე მეტად შვეიცარიაში გაიზარდა. ერთი წლის განმავლობაში ამ ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი 378%-ით გაიზარდა და 25 350 ბოთლს მიაღწია.

შვეიცარიაში საქართველოსა და ქართული ღვინის პოპულარიზაციას განსაკუთრებით ხელი შეუწყო საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის აქტიურობამ.

სწორედ საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ინიციატივით 2018 წლის ნოემბერში შვეიცარიის ქალაქმა ციურიხმა, ევროპის უმსხვილეს ღვინის გამოფენა EXPOVINA-ს 65-ე ფესტივალს უმასპინძლა. EXPOVINA-ს ისტორიაში პირველად, ფესტივალში საქართველომ მიიღო მონაწილეობა. უფრო მეტიც, ღვინის ამ ერთ-ერთ ყველაზე დიდ და პოპულარულ გამოფენაში საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით იყო წარდგენილი.

„2018 წელი ძალიან აქტიური იყო ჩვენი ასოციაციისთვის, იმის გათვალისწინებით რომ EFTA-ს ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება 2018 წლის 1 მაისს შევიდა ძალაში. ჩვენ მიზნად დავისახეთ ამ ხელშეკრულების გათვალისწინებით პირველი ღონისძიება შვეიცარიაში გაგვემართა. ქალაქ ციურიხში ნოემბერში ევროპის უმსხვილეს გამოფენა გაყიდვაში (EXPOVINA) მონაწილეობამ მნიშვნელოვანი შედეგი მოუტანა საქართველოს და როგორც სტატისტიკამ აჩვენა ყველაზე დიდი პროცენტული ზრდა შვეიცარიაში დაფიქსირდა“, – განმარტავს საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი ნონა მამულაშვილი.

EXPOVINA-ში ქართული ღვინო საქართველო-შვეიცარიის ბიზნეს ასოციაციის ინიციატივითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით იყო წარდგენილი. აღსანიშნავია, რომ ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ღვინის ბაზრის შესწავლით EXPOVINA-ს წარმომადგენლები დაინტერესდნენ და გადაწყდა, რომ ექსპერტები საქართველოს 2019 წელს ეწვევიან.

ნონა მამულაშვილი დარწმუნებულია, რომ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა ქართველ მწარმოებლებს შვეიცარიის ბაზარზე კარს გაუხსნის და საქართველო-შვეიცარიის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობების განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობაა.

 

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …