თბილისი (BPI) – წინასაარჩევნო პერიოდია და ამ დროს განსაკუთრებით იზრდება სოციალური მედიის, პოლიტიკური მიზნით გამოყენების ინტენსივობა, საქართველოში ყველაზე რეიტინგული 8 პარტია პიარ კამპანიისთვის აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, ატარებენ ონლაინ კონფერენციებს და გამოკითხვებს, ისინი აკვირდებიან თავიანთ ამომრჩევლებს და მუდმივ კონტაქტში არიან საზოგადოებასთან. ახალი მედიის საშუალებით პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა ხმა მიაწვდინონ პოტენციურ ამომრჩეველს უფასოდ და მარტივად, ასევე გაიგონ ამომრჩევლის კრიტიკა, რჩევები და მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით,
ყველაზე „facebook პარტია“
ახალი პოლიტიკური ცენტრი “გირჩი” ერთი წლის წინ შეიქმნა. ახალი პოლიტიკური ცენტრისთვის პოლიტიკური განვითარებისა და ამომრჩევლამდე საკუთარი ინიციატივების გასაცნობად სოციალური მედია მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო არხია. გირჩის ერთ-ერთი ლიდერის იაგო ხვიჩიას განმარტებით, სოციალური ქსელი გირჩის პოლიტიკური გარემოს განუყოფელი ნაწილია.
„ჩვენი პარტია ყველაზე „facebook პარტიაა“ ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, ჩვენს ძირითად სათქმელს მოსახლეობას სწორედ ამ სოციალური ქსელის საშუალებით ვაწვდით, ინტენსიურად ვაახლებთ ინფორმაციას ჩვენს ოფიციალურ გვერდზე. ეს მხოლოდ ჩვენი არჩევანი არ არის, ამაში სამწუხაროდ გვეხმარება ქართული მედიაც, რადგან მედია არ აშუქებს იმ სიხშირით, რა სიხშირითაც ქართული პოლიტიკური რეალობა მოითხოვს ინფორმაციის განახლებას. გზავნილები ბევრია, დაწყებული სახუმარო ვიდეოებით, დამთავრებული ოფიციალური განცხადებებით, კონკრეტული პროექტებით და ბრიფინგებით, მათ შორის ხშირად გვაქვს ე.წ facebook live-ები, რასაც აქტიურად ვიყენებთ.“
იაგო ხვიჩია ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნებზე სოციალურ მედიაში ძლიერი პოლიტიკური კამპანია, რომელიმე პარტიას არ უწარმოებია. „ ფაქტობრივად არჩევნები არ ჩაუტარებია ისეთ პარტიას, რომლის ძირითად საყრდენს facebook-ი წარმოადგენდა, ესეთი შეიძლება მხოლოდ გირჩი იყოს 2016 წლის არჩევნებზე. პოლიტიკურ კამპანიასთან დაკავშირებით ცხადია გეგმა გვაქვს, ამ კამპანიის და სტრატეგიის ნაწილს, თქვენ ხედავთ დღესაც, ბუნებრივია წინასაარჩევნოდ ვაპირებთ უფრო მეტ მუშაობას, იქნება უფრო მეტი პიარკამპანია, იმისათვის რომ ჩვენი იდეები ეფექტურად მივაწოდოთ საზოგადოებას. გვერდის მართვასა და ადმინისტრირებაში ჩართულნი არიან ის ადამიანები,რომლებიც პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებენ მაგალითად, ჩვენი გვერდის ერთ-ერთი ადმინისტრატორი არის ზურაბ ჯაფარიძე.”
არჩევნები 2012 სოციალურ მედიაში
თანამედროვე სამყაროში სოციალური მედია და პოლიტიკა მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. სოციალური მედიის დახმარებით პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გაავრცელოს კონკრეტული გზავნილები, წარმართოს საკუთარი საარჩევნო კამპანია, გაუწიოს რეკლამა საკუთარ საქმიანობას და მისწვდეს ფართო აუდიტორიას. სოციალური მედია განსაზღვრავს პოლიტიკურ აქტივობას, მან შესაძლებელია გადამწყვეტი ზეგავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესში ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წარმატებაზე. ამას ადასტურებს კვლევა, რომელიც 2011-2013 წლების პერიოდში კავკასიის შვეიცარიული ქსელის (Academic Swiss Caucasus Net) დაფინანსებით განხორციელდა. კვლევა თსუ-ს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა ჩაატარეს. შეისწავლეს საქართველოში მოქმედი 11 პოლიტიკური პარტიის საქმიანობა და მათი პოლიტიკა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე და საარჩევნო კამპანიისას. როგორც კვლევის შედეგებმა აჩვენა, სოციალურ მედიაში ჩართულობამ პარტიების პოლიტიკური შედეგები ბოლომდე ვერ განსაზღვრა, თუმცა გამარჯვებულმა პარტიებმა ფეისბუქით აქტიური კამპანია აწარმოეს. კვლევის შედეგები ასევე დაწვრილებით აღწერს ტექნოლოგიებს და პოლიტიკას შორის ურთიერთდამოკიდებულებას თანამედროვე ქართულ სახელმწიფოში, პოლიტიკური პარტიების მიერ სოციალური ქსელების გამოყენების მიმდინარე პრაქტიკას და მის გავლენას საარჩევნო კამპანიაზე.
შესაძლებლობები
საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიებისთვის ფეისბუქი ყველაზე პოპულარულ პლატფორმაა. ამას ცალსახად ადასტურებს სტატისტიკური მონაცემები. საქსტატის მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით მილიონ 500 ათასი მომხმარებელია რეგისტრირებული, რაც ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 40 პროცენტია. როგორც სოციალური მედიის ექსპერტი სანდრო ასათიანი განმარტავს, დღევანდელ პოლიტიკურ რეალობას სწორედ სოციალური მედია განსაზღვრავს. „სოციალურმა მედიამ ბევრი რამ შეცვალა ქართულ პოლიტიკაში. მისი დახმარებით შესაძლებელი გახდა სახელმწიფო მოწყობა პირამიდული ფორმიდან ჰორიზონტალურ ფორმად გარდაქმნილიყო ანუ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრება და ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში. ახალმა მედიამ ადამიანებს გაერთიანების საშუალება მისცა. საინტერესო პროცესები არის სხვადასხვა ქვეყანაში იმ მხრივ, რომ სხვადახვა პოლიტიკური ძალა ცდილობს აქტიურად გამოიყენოს ახლად გაჩენილი საკომუნიკაციო არხები. სოციალური მედია ეს არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ორმხრივ დიალოგს აწარმოებ.”
საარჩევნო პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მხარდამჭერის ინფორმირება და ახალი მხარდამჭერების მოზიდვა, მათთან კავშირის შენარჩუნება და გააქტიურება, სოციალური მედიის ექსპერტი ნინო ჭელიძე აღნიშნავს, სოციალური ქსელი მნიშვნელოვანი კომუნიკაციის საშუალებაა პოლიტიკისთვის და პარტიების განვითარებისთვის. ტრადიციული მედიისგან განსხვავებით, რომელიც არის მეინსტრიმი, სოციალურ ქსელებს აქვს უკუკავშირის უპირატესობა, ასევე სოციალური ქსელებით კომუნიკაცია უფრო იაფი ჯდება, ვიდრე ტრადიციულ მედიასაშუალებებში სარეკლამო ბიუჯეტი. პოლიტიკოსებს და პარტიებს შეუძლიათ დატესტონ მოსახლეობის რეაქცია მათ გზავნილებზე, გარდა ამისა შუამავლის გარეშე იქონიონ კონტაქტი საკუთარ ამომრჩეველთან. ერთი დიდი პლიუსი, რაც სოციალურ ქსელებს აქვს ეს არის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც შეგიძლია ესა თუ ის ვირტუალური კამპანია დაგეგმო და მართო. ნინო ჭელიძის თქმით 2010 წლიდან ძალიან დიდი პროგრესი განიცადა პოლიტიკოსების აქტივობამ, თუმცა ამასთანავე დაიხვეწა ინსტრუმენტებიც, მაგალითად ლაივსტრიმის ფუნქციას, რომელიც ცოტა ხნის წინ დაამატა ფეისბუქმა, აქტიურად იყენებენ პოლიტიკოსები და პარტიები და საკუთარ პრესკონფერენციებს უკვე პირდაპირ ეთერში გვთავაზობენ.
სოციალური მედია როგორც კომუნიკაციის იარაღი
მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა აჩვენა, რომ სოციალური მედია პოლიტიკური ბრძოლის, ზეწოლის და ამომრჩეველთან კომუნიკაციის დამყარების მძლავრ იარაღად იქცა. რამდენიმე წლის წინ, მართლაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ უწყინარი სოციალური ქსელები მთელ რიგ სახელმწიფოებში, ხელისუფლებათა დამხობის საშუალება გახდებოდა. 2010-2011 წლებში ტუნისში მიმდინარე მოვლენების მასობრივი ხასიათი სწორედ სოციალურმა მედიამ განაპირობა, რომ არა ინტერნეტ ქსელები: ფეისბუქი და ტვიტერი, მუჰამედ ბუაზიზის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია არაბულ ქვეყნებში ვერ გავრცელდებოდა. მით უმეტეს, რომ დიქტატურის პირობებში ტელევიზია და სხვა საინფორმაციო საშუალებები აბსოლუტურად მონოპოლიზებული იყო ხელისუფლების მიერ. ტუნისის შემდეგ რევოლუცია სხვა არაბულ ქვეყნებშიც გავრცელდა, რასაც მოჰყვა „არაბული გაზაფხული“.
აშშ-ის 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიამ აჩვენა სოციალური მედია წარმატებით შეიძლება გამოიყენონ ამომრჩევლებში ინფორმაციის გასავრცელებლად, მათთან კომუნიკაციის დასამყარებლად და დისკუსიის გასამართად. ბარაკ ობამას წინასაარჩევნო კამპანია იყო პირველი კამპანია, რომლის დროსაც ფართო მასშტაბით იქნა გამოყენებული სოციალური მედია. წინასაარჩევნო კამპანიისას ობამას ჰყავდა ორი მილიონი მეგობარი Facebook-ზე, მის ოპონენტს კი მხოლოდ 600 000, ეს ადასტურებს, რომ ობამა უფრო მეტად იყენებდა სოციალურ მედიას ვიდრე მისი მოწინააღმდეგე. ობამას მაშინ ხშირად ადარებდნენ პრეზიდენტ ჯონ კენედის, რომელმაც ტელევიზია არჩევნებში გამარჯვების ახალ სტრატეგიულ მედია-საშუალებად გამოიყენა და ამით საარჩევნო კამპანიის წარმოების ისტორიაში ერთგვარი რევოლუცია მოახდინა.
საქართველოში უფრო და უფრო იზრდება პოლიტიკოსთა მიერ სოციალური მედიის გამოყენება წინასაარჩევნო კამპანიებში, მათთვის ფეისბუქი და სოციალური ქსელები კარგი ინსტრუმენტია პოტენციურ ამომრჩეველთან კომუნიკაციის დასამყარებლად. პოლიტიკური პარტიები: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ,,ქართული ოცნება”, ახალი პოლიტიკური ცენტრი ,,გირჩი”, ,,ეროვნული ფორუმი”, ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია”, ,,საქართველოს რესპუბლიკური პარტია”, ,,თავისუფალი დემოკრატები”, ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო ” „ პაატა ბურჭულაძე- სახელმწიფო ხალხისთვის“ აღიარებენ სოციალური მედიის როლს და ფასეულობას მათ პოლიტიკურ საქმინობაში, მათი მოლიდინი სოციალურ მედიაში გააქტიურების მხრივ საკმაოდ მაღალია, ფიქრობენ, რომ ბევრი მუშაობის შედეგადად ისინი უფრო და უფრო ეფექტურ პოლიტიკურ კამპანიას აწარმოებენ მხარდმჭერების მოსაზიდად.
ქართული პარტიები სოციალურ მედიაში
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის ნინო კვიტაიშვილის განმარტებით „მათი პარტია აქტიურად იყენებს სოციალურ მედიას, არამარტო წინასაარჩევნო კამპანიის დროს, არამედ ყოველთვის. „თვალს თუ მიადევნებთ ჩვენს ამ მიმართულებით აქტიურობას, დარწმუნდებით, რომ ინფორმაცია ხშირად განახლებადია, საინტერესოა და მოქალაქეთათვის ამ ინფორმაციის მიღება მნიშვნელოვანია. რაც შეეხება უკუკავშირს, ძალიან კარგია, რომ მოქალაქეთა საკმაოდ არამცირე ნაწილი გვაწვდის მას. არის როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური კონტექსტიც. უკუკავშირი იძლევა შესაძლებლობას აკონტროლო როგორც განთავსებული ინფორმაციის მნიშვნელობა, ისე, ამ ინფორმაციით მიღებული სარგებელი მოქალაქეთათვის. ფაქტობრივად, დამოკიდებულების შესწავლა შესაძლებელი ხდება პოზიციის ან სიახლის გაჟღერებისთანავე.“
,,სოციალური მედია უდაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურ საქმიანობაში. ჩვენ წარმატებით ვიყენებთ სოციალურ ქსელებს საზოგადოებასთან ურთიერთობისათვის. დიდი ყურადღება ეთმობა, სისტემატურად მოხდეს ინფორმაციის მიწოდება ამომრჩევლებისათვის. სოციალური მედია ძალიან მოსახერხებელი და ეფექტური საშუალებაა, იმისათვის რომ დროის მცირე მონაკვეთში ფართო აუდიტორიას მიაწვდინო ხმა,”- აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი პატარაია.
“ქართული ოცნების” წევრი კარლო კოპალიანი აღნიშნავს, რომ კოალიციის შექმნის დღიდანვე ისინი აქტიურად იყენებენ ახალი მედიის ისეთ საშუალებას, როგორიცაა Facebook-ი. ” კომუნიკაცია აუცილებელია, მათ შორის სოციალურ მედიაშიც, ამომრჩევლის ის ნაწილი ვისაც ხელი მიუწვდება სოციალურ ქსელზე, ხშირად სწორედ ასე გვიზიარებს აზრს, პრობლემას, ეს არის შესანიშნავი საშუალება იმისათვის, რომ უშუალო კავშირი გქონდეს პოტენციურ ამომრჩეველთან და გაითვალისწინო მათი მოსაზრებები პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით”
პოლიტიკური პარტია “ეროვნული ფორუმის” წევრი ანა მიროტაძე აღნიშნავს: ,,სოციალურ მედიას ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს პოლიტიკაში. მისი მომხმარებელი ყოველწლიურად იმატებს. ვფიქრობ, მასობრივი ინტერნეტიზაციის შემდეგ სოცილური მედიის გავლენა კიდევ უფრო გაიზრდება.
მას, როგორც მედიის შემადგენელ ნაწილს არჩევნებზე თავისი წილი გავლენა უკვე აქვს, თუმცა ჯერჯერობით ტელევიზიას ვერ უწევს კონკურენციას. ჩვენი პარტიის ოფიციალურ გვერდზე ვცდილობთ ინტენსიურად დავდოთ სიახლეები ბრიფინგებისა და ჩვენი ლიდერის გამოსვლების შესახებ. აღსანიშნავია ის ფაქტიც რომ გვერდს ხელმძღვანელობს არამხოლოდ ადმინისტრატორები, არამედ ჩვენც, პარტიის წევრებიც უშუალოდ ჩართული ვართ გვერდის მართვასა და ადმინისტრირებაში.”
“ლეიბორისტული პარტიის” წევრი ნინო მეტრეველი მიიჩნევს, რომ მისთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ფეისბუქი ამომრჩეველთან ურთიერთობის ალტერნატიული საშუალება. ის ძალიან იაფი, ხელმისაწვდომი და სწრაფია. ახალი მედიის საშუალებით მათ შეუძლიათ ასიათასობით პოტენციურ ამომრჩეველს უმოკლეს დროში მიაწვდინონ ხმა.
პოლიტიკური პარტიის ,,თავისუფალი დემოკრატების” წარმომადგენელი ვახტანგ მჭედლიძე ასევე მიანიშნებს პოლიტიკაში სოციალური მედიის მნიშვნელობაზე. ის ამბობს რომ თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში სოციალური მედია მნიშვნელოვან როლს იკავებს, მათ შორის პოლიტიკაში. ამომრჩეველს ხშირად არ აქვს დრო იაროს შეხვედრებზე პოლიტიკოსებთან, ამიტომ სოციალური მედიით ეცნობა პროგრამას და ხედვას .თავისუფალი დემოკრატებისთვის სოციალური სივრცე ერთ-ერთი პლატფორმაა მათი ინიციატივების, იდეების და გაკეთებული საქმეების ამომრჩევლამდე მისატანად.
“რესპუბლიკური პარტიის” წევრი დავით ზურაბიშვილი აცხადებს, რომ დღევანდელ რეალობაში პოლიტიკოსი სოციალური მედიას რომ არ იყენებდეს ეს იქნებოდა დიდი მინუსი. ვინაიდან მთელ მსოფლიოში გამოიყენებენ სოციალურ ქსელებს, როგორიცაა Facebook და Twitter.
“როგორც იცით ჩვენს პარტიას აქვს ოფიციალური გვერდი Facebook-ზე , სადაც ყოველდღიურად ხდება ინფორმაციის განახლება, ადრე ჩვენი გვერდი უფრო მშრალი, ინფორმატიული იყო , ახლა მიდის მუშაობა, რომ უფრო აქტიური, ცოცხალი და თვისობრივად საინტერესო გავხადოთ, არჩევნებში სოციალური მედიის გავლენა მზარდია, ამ არჩევნებში მისი როლი იქნება უფრო მეტი, ვიდრე 2012 წლის არჩევნებში იყო.”
პაატა ბურჭულაძის პარტიის წევრი მერაბ მეტრეველი ამბობს, რომ ახალ მედიის როლი და ფასეულობა მნიშვნელოვნად დიდია მათ პოლიტიკურ საქმინაობაში, შენს პოტენციურ ამომრჩეველთან უშუალო კონტაქტის საშუალებას გაძლევს, შეგიძლია სწრაფად გაიგო საზოგადოების აზრი და ორმხრივი კომუნიკაცია დაამყარო შენს მხარდამჭერბსა და მომხრეებთან.
როგორც მოსახლეობასთან კონკრეტულად კი ახალგაზრდებთან გასაუბრების შედეგად ირკვევა, ქართველი ამომრჩეველის უმეტესობა იწონებს პოლიტიკური პარტიების აქტივობას სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი ფეისბუქ მომხმარებელი ნინი ტყაბლაძე აღნიშნავს “ყველაზე მეტ ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების შესახებ ფეისბუქის საშუალებით ვიღებ. განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში გაიზარდა პოლიტიკოსების აქტივობა სოციალურ მედიაში, რასაც მივესალმები. კომუნიკაციის ეს სახე საშუალებას მაძლევს მივაწვდინო ხმა პოლიტიკოსებს, გამოვთქვა და დავაფიქსირო ჩემი აზრი მათ საარჩევნო დაპირებებთან დაკავშირებით’’.
,,სოციალური მედიის დახმარებით დიალოგი იმართება საზოგადოებასა და პოლიტიკოსებს შორის. ტელევიზიით პირდაპირ კონტაქტს ვერ ამყარებ, არ შეგიძლია შენი აზრი გამოხატო. ფეისბუქის მეშვეობით კი უშუალოდ ჩართული ვართ პოლიტიკურ პროცესებში’’- აცხადებს მარიამ მამრიკიშვილი.
,,სოციალური მედია საშუალებას აძლევს პოლიტიკურ პარტიებს მოკლე დროში, გაარკვიონ მოსახლეობის აზრი და საჭიროებები. შეუძლიათ ამ გზით გაიგონ სხვადასხვა რეგიონების მაცხოვრებლების აზრი ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ვფიქრობ, დღესდღეობით სოციალური მედია რეალურ გავლენას ვერ ახდენს არჩევნების შედეგებზე”, – აცხადებს მარიტა ბასილაძე.
აქტიურობა სტრატეგიის გარეშე
უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური მედიის გამოყენებას პოლიტიკური ჯგუფებისთვის როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები აქვს.
სოციალური მედიის პოტენციური უპირატესოსებებია: თანამშრომლობა, ჩართულობა, უფლებამოსილება, დრო. ახალი მედიის საშუალებით პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შესაძლებლობა ხმა მიაწვდინონ პოტენციურ ამომრჩეველს უფასოდ და მარტივად.
სოციალური მედიის ექსპერტის ნინო ქაშიბაძე განმარტავს, რომ ახალი მედიის საშუალებით ინფორმაცია უფრო მეტ ამომრჩევლამდე მივა. „იგი უფრო მეტადაა ხალხის მიერ მართული მედია, ვიდრე სხვა დანარჩენი. აქ უკვე ხალხში ხარ მათ მოედანზე თამაშობ. მე მაგალითად თითქმის საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს და მთელ ინფორმაციას ინტერნეტიდან ვიღებ, შესაბამისად, თუ პირადად დაინტერესებული არ ვიქნები ჩემამდე ტელევიზიით ან სხვა მედიით ინფორმაციის მოტანა გაჭირდება, ხოლო სოციალური ქსელის საშუალებით უფრო მეტი ალბათობაა რომ ამა თუ იმ პარტიის კამპანიაზე შევიტყო და დავინტერსდე. ჩემნაირი ამომრჩეველიც საკმაოდ ბევრია, უმეტესობა არ იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, ტექნოლოგიურად განვითარებული საზოგოდაოების ნაწილი საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.“
ახალი მედიის დადებით მხარეზე ასევე საუბრობს „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნინო კვიტაიშვილი “ უპირველეს ყოვლისა, თუ ტრადიციული მედია საშუალებები განსაზღვრავენ თემატიკას, თუ რა არის საინტერესო მაყურებლისათვის, ან მკითხველისა და მსმენელისათვის, სოციალურ მედიაში ჩვენ ვირჩევთ სასაუბრო თემატიკას და გვაქვს სწრაფი უკუკავშირი. ინფორმაცია ხალხისთვის უფრო მეტად და უფრო სწრაფად ხელმისაწვდომია ანუ სოციალური მედია აზრთა მიმოცვლის უფრო მეტ შესაძლებლობას ქმნის და ეს ინტერქტიული ურთიერთობა ძლიერ მომგებიანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას იღებს მოქალაქე ინფორმაციას, რაც რა თქმა უნდა მაღალი პოლიტიკური აქტივობისას, წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.
ერთ-ერთ უარყოფით ასპექტად სახელდება ახალი მედიის ნაკლები ხელმისაწვდომობა. სოციალური მედიის წვდომა დამოკიდებულია ინტერნეტის წვდომაზე. თუ ვისაუბრებთ საქართველოს მაგალითზე, სოციალური მედიის ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება ტრადიციული მედიის ხელმისაწვდომობას.
უარყოფითი ასპექტია ის, რომ შესაძლოა სოციალური მედია პირადი ინფორმაციის მოპარვისა და მისი არასასურველი მიზნით, თუნდაც პოლიტიკური მანიპულირების საშუალებად იქცეს, მაგალითად, ქართულ რეალობაში ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ერთ-ერთი პოლიტიკოსის შესახებ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.
„რაც შეეხება უარყოფით მხარეებს, ალბათ პირველ რიგში ეს არის ინფორმაციის სანდოობა, რადგან სოციალურ მედიაში ჩართულ ადამიანთა რაოდენობიდან გამომდინარე, ალბათობა იმისა, რომ ინფორმაცია ყალბია, ან ინტერპრეტირებულია მაღალია. არასწორად გაჟღერებულ ინფორმაციას კი ბევრი მავნე შედეგის მოტანა შეუძლია. გვსმენია აგრეთვე კონფიდენციალური ინფორმაციის დაუცველობის შესახებაც“- აღნიშნავს ნინო კვიტაიშვილი.
სოციალური მედიის ექსპერტი ანა ქეშელაშვილი განმარტავს, რომ ქართული პოლიტიკურ პარტიები ყოველ წელს უფრო აცნობიერებენ თუ რა როლი აქვს სოციალურ მედიას პოლიტიკაში, ამ მხრივ შეინიშნება აქტიურობა, მაგრამ მათ არ გააჩნიათ კონკრეტული სტრარეგია.
“სოციალურ მედია გახდა ქართველი პოლიტიკოსებისთვის მნიშვნელოვანი საშუალება მიაწოდონ ინფორმაცია , მობილიზაცია გაუწიონ და პირდაპირი კომუნიკაცია დაამყარონ მათ ამომრჩევლებთან, რაც არ საჭიროებს მნიშვნელოვან დანახარჯებს, თუმცა აღსანიშნავია რომ მსოფლიოში არსებული პოლიტიკური პარტიები უფრო აქტიურად იყენებენ ახალი მედიის შესაძლებლობებს წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ჩვენთან ეს შედარებით უფრო ზედაპირულია, ვინაიდან ქართულ პოლიტიკურ პარტიებს არა აქვთ კონკრეტული სტრატეგია. სტრატეგია იმისა, რომ თავიანთი მხარდამჭერების უფრო მეტი მობილიზება მოახერხონ.”
ექსპერტის ნინო ქაშიბაძის თქმით, ქართული პოლიტიკური პარტიები სოციალური მედიის სრულ პოტენციალს არ იყენებენ. ის ურჩევს პოლიტიკოსებს, რომ თანამედროვე ტენდენციებს მეტი ყურადღება მიაქციონ, გამოვიდნენ ნაჭუჭებიდან, აყვნენ პროგრესს, თანამედროვე თაობას სხვა ინტერსები აქვთ, მათი აყოლიება საკმაოდ რთულია, პოლიტიკოსები უნდა იზიარებდნენ მათ ფასეულობებს. ნინო ქაშიბაძეს თქმით სოციალური მედია ამომრჩევლის და ხალხის მიერ მართული მედიაა, ამიტომ ვურჩევდი რომ ნაკლებად ოფიციალურები და ხელოვნურები იყვნენ. სოციალურ მედიაში ეს მარტივად მჟღავნდება. უმჯობესია, იყვნენ მეგობრული და სანდოები კომუნიკაციის ტონის შერჩევისას, უფრო ხალხში ინტეგრირებულები პათოსისა და ზედმეტი დიდაქტიკის გარეშე.
ექსპერტი ნინო ჭელიძე აღნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მართვა, გამოცდილი, კომპეტენტური და კრეატიული მენეჯერის ყოლა, რადგანაც სოციალური მედიის მენეჯერის შეცდომას მომხმარებელი აიგივებს პარტიასთან ან კონკრეტულ პოლიტიკოსთან და ეს შეცდომა იწვევს მათი მისამართით აგრესიას. ნინო ჭელიძე პოლიტიკოსებს მოუწოდებს უფრო მეტი ცოდნა ჰქონდეთ ახალი მედიის შესახებ და სწორად გამოიყენონ მისი პოტენციალი.
საბოლოოდ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სოციალური მედია ნამდვილად მნიშვნელოვანია თანამედროვე პოლიტიკაში. ქართული პოლიტიკური პარტიები უკვე დაინტერესებულნი არიან სოციალური ქსელებით. მათ დაიწყეს კამპანიის წარმოების ახალი შესაძლებლობების გამოყენება. სოციალური მედიის ექსპერტი : თინათინ დვალიშვილი მიიჩნევს რომ დღეს ტრადიციული მედია ვერ ასრულებს სათანადო შუამავლის როლს საზოგადოებასა და სხვადასხვა სახის ინტერესთა ჯგუფებს, მაგალითად, პოლიტიკურ ელიტას შორის. სოციალურმა მედიამ კი დაანახა საზოგადოებას სინამდვილეში როგორი უნდა იყოს მედია. სოციალური მედია არის ასპარეზი, სადაც მოქალაქეები ერთმანეთთან უფრო თავისუფალ და ეგალიტარულ ურთიერთობაში შედიან.
სოციალური მედიის სპეციალისტის ლევან ლეფსვერიძის მოსაზრებით ტრადიციული მედია არ სთავაზობს ადამიანებს კავშირისა და უკუკავშირის შესაძლებლობას, სოციალური მედია კი ამას სპონტანურად ახერხებს. ის აუდიტორიასთან საკმაოდ ცოცხალი ურთიერთობის საშუალებას იძლევა.
ექსპერტების შეფასებით რაც მალე ამაღლდება პოლიტიკოსების ცნობიერება ახალი მედიის შესაძლებლობების გამოყენების საკითხში, მით უფრო მალე გაიზრდება სოციალური მედიის ფასეულობა და მნიშვნელობა პოლიტიკაში. ქართველი პოლიტიკოსები ცალსახად თანხმდებიან რომ ახალი მედიის როლი პოლიტიკურ სფეროში მომდევნო 5 წლის განმავლობაში კიდევ უფრო გაძლიერდება, რადგან ერთის მხრივ გაიზრდება ინტერნეტში მომხმარებელთა რაოდენობა და მეორეს მხრივ სოციალური მედიის განვითარების შეუქცევადი პროცესები.
ხატია კუხიანიძე – “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი
მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში