ვმუშაობთ გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებების დაგეგმვაზე იმისთვის, რომ შევამციროთ ომის შესაძლო გავლენა ეკონომიკაზე – ლევან დავითაშვილი

„ეკონომიკა ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე დგას მთელ მსოფლიოში, გადამდები ეფექტის მქონეა ომი და, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის ასახვას ჰპოვებს, მათ შორის, რეგიონის ქვეყნებზე. საქართველოს რამდენიმე მნიშვნელოვანი პარტნიორია ამ კონფლიქტის მონაწილე, რომელიც საქართველოს ათ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორში შედის და, შესაბამისად, ბუნებრივია, რომ მიმდინარე ომს თავისი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ხელისუფლება ყურადღებით აკვირდება მიმდინარე პროცესებს, კეთდება ანალიზი ეკონომიკურ გუნდში და მთავრობას აქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სტრატეგიულ პარტნიორებთან – აშშ-სთან და ევროპასთან, რადგან, მოსალოდნელია, მომავალში, გარკვეული ზიანი მიადგეს არამხოლოდ საქართველოს, არამედ სხვა ქვეყნების ეკონომიკასაც.

„ვსაუბრობთ ჩვენს პარტნიორებთან, რომ გარკვეული მაკომპენსირებელი ღონისძიებები დაიგეგმოს და გარკვეული რესურსები საქართველომ მიიღოს ამ კუთხით იმისთვის, რომ შევამციროთ გავლენა, რომელიც ომს შეიძლება ჰქონდეს“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე შეფასებით, ძალიან რთულია ამ მომენტისთვის კონკრეტული პროგნოზების გაკეთება, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მოდელი უკვე მომზადებული აქვს ეკონომიკურ გუნდს და არის შეფასებებიც, თუმცა, ბევრი დაშვებაა აქ და დამოკიდებულია ყველაფერი იმაზე, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება არსებული ვითარება და რამდენად მძიმე იქნება ამის ეფექტი, მათ შორის, სანქციების ეფექტები.

 

 

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …