“OECD – ის შეფასებით რეფორმები და ხარისხობრივი FDI-ს მოზიდვა ხელს შეუწყობს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას”

თბილისი (BPI) – ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) კვლევაში FDI Regulatory Restrictiveness Index საქართველომ დაიკავა მოწინავე მე-8 პოზიცია 82 ქვეყანას შორის, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღია ეკონომიკამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. ეკონომიკის ექსპერტის გიორგი ცუცქირიძის განცხადებით, კვლევაში OECD – მ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ საქართველოში განხორციელებულმა თანმიმდევრულმა რეფორმებმა ხელი შეუწყო ინვესტიციებისთვის სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესებას.
„საქართველო ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის ყველა სექტორში. ბოლო წლებში საქართველოს მთავრობამ აქტიურად განახორციელა რეფორმები ინვესტორების მოსაზიდად და კერძო სექტორის განვითარების ხელშესაწყობად, რამაც განაპირობა მშპ-ს მნიშვნელოვანი ზრდა და 2007 წლიდან პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მარაგებმა (FDI stock) მშპ-ს 100% – ზე მეტი შეადგინა,“ – განაცხადა გიორგი ცუცქირიძემ. მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ OECD – ის შეფასებით რეფორმებთან ერთად მნიშვნელოვანია ხარისხობრივი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეტად მოზიდვა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკონომიკის კიდევ უფრო სწრაფ და ინკლუზიურ განვითარებას. მათ შორის, ინვესტიცია აგროსასურსათო ღირებულების ჯაჭვებში ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის ზრდის გაძლიერებას, შემოსავლების ზრდას, სურსათის უსაფრთხოების გაუმჯობესებას, სოფლის განვითარების მხარდაჭერას და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებას.
ექსპერტის განცხადებით, კვლევაში ასევე ასახულია პანდემიის გავლენა საქართველოზე. „დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მთავრობამ მიიღო მყისიერი მონეტარული და ფისკალური ზომები ჯანდაცვის სექტორის და რისკის ქვეშ მყოფი კომპანიების დასახმარებლად. ეს ფაქტიც ადასტურებს სწორი ანტიკრიზისული მართვის სამთავრობო სტრატეგიას,“ – აღნიშნა გიორგი ცუცქირიძემ. მისი თქმით, საქართველოს მიმზიდველ საინვესტიციო გარემოზე მიუთითებს აშშ-ის მთავრობის გადაყვეტილება უცხოური ინვესტიციების საკონსულტაციო ფირმა OCO Global – ის დაფინანსებაზე, რომელიც გამოავლენს და ხელს შეუწყობს სწორედ მაღალხარისხობრივი და მაღალანაზღაურებადი ინვესტიციების შესაძლებლობებს საქართველოს ეკონომიკაში.
„ეს მორიგი კვლევაც აჩვენებს, რომ ყველა წინაპირობაა შექმნილი, ადგილობრივი წარმოება და მომსახურება გადავიყვანოთ გაცილებით მაღალი დამატებული ღირებულების საწარმოო ციკლში და გავზარდოთ ქვეყნის კონკურენტუნარიანობა,“ – განაცხადა ექსპერტმა.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …