NGO: პარლამენტში თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გატარების მორიგი მცდელობა კანონდება

თბილისი (BPI) – პარლამენტში, საკომიტეტო განხილვებზე „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე მიღებულ გადაწყვეტილებას თამბაქოს კონტროლის ალიანსი, სამწუხაროს და სამარცხვინოს უწოდებს.

ცვლილებათა პროექტის მიხედვით, კანონის უკვე მოქმედ ნორმას, რომელიც თამბაქოს ნაწარმის 50 და 100 გრამიან შეფუთვებით რეალიზებას გულისხმობს, 15 გრამიანი შეფუთვაც დაემატება.

ალიანსში განმარტავენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება იაფ თამბაქოს გააჩენს და შესაბამისად მასზე ხელმისაწვდომობას გაზრდის.

“ეს მნიშვნელოვნად გააუარესებს მოზარდებში მწეველობის ისედაც მაღალ მაჩვენებლებს და ბავშვებში მწეველობის პრობლემის აღმოფხვრის მცდელობას ხელს შეუშლის.

ამასთან, გაიზრდება ზოგადად მწეველთა რაოდენობა და მოსალოდნელია გაჩნდეს ახალი, ე.წ. იაფი თამბაქოს მომხმარებელთა სეგმენტი.

ჩამოთვლილი და სხვა მიზეზების გამო, რომლებიც საქართველოში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკას ეწინააღმდეგება, რამდენიმე თვეში აუცილებელი გახდება თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის მცნების კანონიდან ამოღება. ისევე, როგორც აუცილებელი გახდა ფილტრიანი და უფილტრო თამბაქოს ნაწარმის თანაბარი დაბეგვრა. თავის დროზე ამ მიმართულებით დატოვებულმა ხვრელებმა და ცვლილების მიღების გაჭიანურებამ უამრავი პრობლემა შექმნა. ამიტომაც გაუგებარია პარლამენტში სასესიო განხილვებისთვის ახალი, აბსურდული მოტივაციის მქონე საკანონმდებლო ცვლილების მხარდაჭერა.

რატომ უნდა მივიღოთ ეს ცვლილება თამბაქოს კონტროლის კანონში, იმისთვის, რომ მის მორიგ აკრძალვამდე, დროებით ვიღაცამ ფული იშოვნოს?

საზოგადოების სასიცოცხლო მნიშვნელობის გარდა პროექტი ეწინააღმდეგება ევროდირექტივას, რომლის თანახმად, გასახვევი თამბაქოს შეფუთვის მინიმალური რაოდენობა 30 გრამზე ნაკლები არ უნდა იყოს. იმის გამო, რომ საქართველოში მწეველობის დონე მაღალია, მიუღებლად მიგვაჩნია გასახვევი თამბაქოს მინიმალური რაოდენობა 50 გრამზე დაბალი იყოს.

კანონში სამარცხვინო ცვლილების ინიციატორები პარლამენტარები გოგა გულორდავა და გურამ მაჭარაშვილი არიან. მათი ქმედება გვაიძულებს, ვიეჭვოთ, რომ კონკრეტული ბიზნეს ინტერესების, კერძოდ, თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების გატარებას ცდილობენ და საკანონმდებლო ცვლილების სხვა მომხრეების მსგავსად არაფრად უღირთ, არამხოლოდ მოსახლეობის სასიცოცხლო ინტერესები. მათთვის უმნიშვნელოა საქართველოში თამბაქოს კონტროლის პოლიტიკა, რომ რაც შეიძლება ნაკლებმა ადამიანმა მოიხმაროს თამბაქოს ნაწარმი და არ გაიზარდოს მწეველთა რაოდენობა. ამასთან, არ ანაღვლებთ, რომ თამბაქოს ინდუსტრიის ინტერესების შესაბამისი მათი საკანონმდებლო ინიციატივა საერთაშორისო კონვენციასა და ევროდირექტივას ეწინააღმდეგება.

ვიმედოვნებთ, პარლამენტში უმრავლესობას ეყოფა გონიერება და აღნიშნულ პროექტს სასესიო განხილვებზე ხმას არ მისცემენ”, – განმარტავენ ალიანსში.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …