მიტოვებული აგროსექტორი და მიგრაცია სოფლიდან ქალაქში

თბილისი (BPI) – გიორგი მჭედლიძე ჩრდილოეთ კაროლინაში სანადირო ჭალების აშენებას შეეშვა და  საქართველოში დაბრუნდა. ზემო ნიქოზში დასახლდა და არც თუ ისე დიდი დანაზოგით საოკუპაციო ხაზთან სანერგე მეურნეობა მოაწყო. თეორიულად იცოდა, რომ უნდა გამართლებოდა. მეურნეობა აგროსესხით გამართა, 85 ჰეტარზე  ნიგოზი,  15 ჰაზე კი ნუშისა და შინდის ბაღი გააშენა. გიორგის ნერგები კი უკვე ცნობილია უკრაინაში, სომხეთში, ყაზახეთში.

ფერმერმა იცის რომ ბაღში “სასწაულები ხდება”, მოუთმენლად ელოდება 1 წლიანი კაკლის 8–10 ნაყოფისა და 3 წლიანი კაკლის 200 ნაყოფის დათვლას. ეს არც კალიფორნიაში, დევისის საცდელ უნივერსიტეტში ხდება, იქ სადაც მან ნერგებთან დაკავშირებით მიიღო ცოდნა და იქაური პრაქტიკა საქართველოში გამოიყენა.

ახლა უკვე გიორგი თავის პროფესორებთან ამაყობს.

“ჩვენ იმაზე მაგარი პირობები გვაქვს, ვიდრე იქ, რადგან ჩვენ იმაზე მაგარი ქვეყანა და იმაზე დიდი ბუნებრივი რესურსი გვაქვს, ვიდრე მათ,” – სიამაყით ამბობს ფერმერი.

მეურნეობიდან სარგებელს მხოლოდ ის არ ნახულობს,  42 ადგილობრივისთვის შემოსავლის გარანტი გახდა გიორგის ბაღი . მანამდე ისინი აქტიურად ფიქრობდნენ თბილისში წასვლაზე, ახლა კი ამბობენ, რომ ზემო ნიქოზს არ მიატოვებენ და მალე მათაც შეიძლება ჰქონდეთ საკუთარი მცირე მეურნეობა.

გიორგის დიდი შრომის ფასად დაუჯდა მეურნეობის შექმნა,  ბევრჯერ წამიერად უფიქრია სწორად მოიქცა თუ არა, მაგრამ ახლა არაფერს ნანობს, და იცის, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. გიორგი ამბობს, რომ მისი საქმიანობის და მეურნეობის პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, რათა სხვებმაც გაიგონ, დაინტერესდნენ სოფელში მუშაობით და მიხვდნენ, რომ ამ საქმემ შეიძლება უფრო მეტი რესურსი და ფინანსური სიკეთე მოუტანოს ადამიანს, ვიდრე ქალაქში გაქცევამ.

გიორგი უარს არასოდეს უებნება დამწყებ ფერმერებს რეკომედაციებზე, და ნატრობს, მალე შეძლოს იმდენი, რომ დამწყებ ფერმერებს თავის თითო ნერგი უსახსოვროს.

პროფესიით მარკეტოლოგი, მარიამ ლეკვეიშვილიც სოფელში გადასახლდა, თუმცა არა ამერიკიდან, არამედ თბილისიდან. სოფელ წოდორეთში გადასახლებული მარიამი მიკრო გრინის შემქმნელია. მსოფლიო ბაზარი ვიტამინებით გაჯერებული ამ მიკრო მწვანილის დეფიციტს არ განიცდის, მაგრამ ქართველებისთვის ის ინოვაციაა. ახალბედა ფერმერი მიკრო მწვანილზე გაჩერებას არ აპირებს, წოდორეთში საკმაოდ ნაყოფიერი და მიკროგრინის მოსაყვანად შესაბამისი რესურსია – მიწა, რომელზეც ის მუშაობს შეიცავს ჰომუსს 14,5%-ით, რომელიც შესანიშნავი შესაძლებლობაა მეურნეობისთვის.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენლის, შალვა კერესელიძის, თქმით ქართული მიწა ნაყოფიერებით გამოირჩევა და დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს ადამიანს. იგი აღიარებს, რომ სოფლად ბევრი აუთვისებელი და გამოუყნებელი ბუნებრივი რესურსის მარაგია, რომელთა ჯეროვანი გამოყენება ხელს შეუწყობს არამარტო სოფლის განვითარებას, არამედ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობას.

ქვეყანაში ეკოლოგიური და კლიმატური ზონების დიდი ნაირსახეობაა, რაც ზომიერი და სუბტროპიკული ზონებისთვის დამახასიათებელი სასოფლო-სამეურნეო კულტურების უმეტესობის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ეს კულტურები მოიცავს: მარცვლეულს, საადრეო და საგვიანო ბოსტნეულს, ბაღჩეულს, კარტოფილს, ტექნიკურ კულტურებს, ყურძენს, სუბტროპიკულ კულტურებს, ხილის ნაირსახეობას და სხვ.

კლიმატური ზონების გათვალისწინებით, საქართველოს ბიოსფერო მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც განპირობებულია 12 განსხვავებული ზონისა და 49 სხვადასხვა ნიადაგის არსებობით. ბევრი ენდემური სახეობა მემცენარეობისა და მეცხოველეობის განვითარების შესანიშნავი წყაროა. ქვეყანა ასევე მდიდარია, როგორც საირიგაციო, ისე სასმელი წყლის რესურსით.

ვიდრეს ყველაფერი საქართველოს ბუნებრივ შესაძლებლობებში შედის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჯერ კიდევ ვართ სოფლის მეურნეობის ქვეყანა.

თუმცა მომავლის ფერმერის წარმომადგენელი, რუსუდან გიგაშვილი, ილუზიას არავის უქმნის; ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს ამბიცია რომ ყველა სფეროში 100%-იანი უზრუნველყოფა ექნება, თუმცა არის რესურსი ბევრ სფეროში გაცილებით უკეთ მაღალ მაჩვენებელს მიაღწიოს და არ ვიყოთ დამოკიდებულნი იმპორტზე.

რუსუდან გიგაშვილს მიაჩნია, რომ საქართველომ მსოფლიო ბაზარზე საკუთარი ნიშა უნდა დაიმკვიდროს. „მსოფლიოში იზრდება მოთხოვნა ორგანულ, ბიო პროდუქტებზე, ჩვენს ქვეყანაში არის ტერიტორიები, სადაც ბიო პროდუქტის წარმოებაა შესაძლებელი, მაგალითად მცხეთა-მთიანეთი შეიძლება გამოცხადდეს ბიოზონად. აქ მოყვანილი პროდუქტი იქნება მიმზიდველი, როგორც გარე ბაზრისთვის, ასევე ტურისტისთვის. ეს ორგანული მეურნეობებისთვის მიმზიდველი, დაცული ზონა დაცული უნდა იყოს. ბიოპროდუქტების წარმოება შეიძლება ასევე სხვა მაღალმთიან რეგიონებში. ორიენტირებული უნდა ვიყოთ ბიოპროდუქტების არამარტო საზღვარგარეთ გატანაზე, არამედ ადგილზე რეალიზებით, ჩამოსული ტურისტების დაინტერესებაზე“.

ვსაუბრობთ და ვამტკიცებთ რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, რესურსები, შესაძლებლობები,  თუმცა რეალური მოცემულობა განსხვავებულია.

ვამბობთ, რომ გვაქვს პოტენციალი ვაწარმოოთ ქართული პროდუქტი, თუმცა საქსტატის 2017 წლის მონაცემებით, იმპორტის მაჩვენებლი ექსპორტზე 3-ჯერ მეტია. არსებული რეალობიდან გამომდინარე, გვაქვს მხოლოდ პოტენციალი, შესაძლებლობა და რესურსები, რომელთა ათვისება სხვადასხვა მიზეზის გამო არან ვერ ხერხდება.

სტატისტიკური მონაცემებით, გადინება სოფლიდან ქალაქად მზარდია, 2017 წელს 2016 წელთან შედარებით შედარებით რეგიონში მოსახლეობა 3000 ადამიანით შემცირდა. შესაბამისად, რეგიონში და განსაკუთრებით სოფელში ყოველ წელს კიდევ უფრო ნაკლები ადამიანი რჩება, ვინც აწარმოებს სოფლის მეურნეობის პროდუქტებს.

მიგრაციის ძირითად მიზეზად და მაპროვოცირებელ ფაქტორად შეგვიძლია ჩავთთვალოთ სოფლის მეურნეობის და ზოგადად სოფლის სუსტი განვითარება.

სოფლის მეურნეობის ძირითადი ღერძი და მამოძრავებელი ძალა მიწაა, ამიტომ საინტერესოა იმ პრობლემების განხილვა, რომელიც უშუალოდ მიწას უკავშირდება და მზარდი მიგრაციის ერთ-ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია.

სოფლის მეურნეობის განვითარებაზე დღემდე უარყოფითად აისახება მე-20 საუკუნის ბოლოს მიღებული კანონი, რომლის თანახმად მოსახლეობის ნაწილს ერგო 1 ჰა, ზოგს 1 ჰა და 25 კვ.მ, და ძალიან ცოტა ნაწილს 5 ჰა და მეტი. შესაბამისად, ეს მიწები დღემდე ასე რჩება, როცა გლეხს 1 ჰა აქვს რთულია აწარმოოს მეურნეობა და იფიქროს პროდუქციის რეალიზაციაზე, ასეთ მცირე მიწაზე მოყვანილი პროდუქტი ხშირად მხოლოდ შიდამეურნეობისთვისაა საკმარისი. 5 ჰა მიწის, რომელიც ხშირ შემთხვევაში უქმად ცდება, შეძენის შესაძლებლობა კი გლეხს არ აქვს.

შესაბამისად, როცა გლეხს მოჰყავს მცირე რაოდენობის პროდუქტი, იგი აღარ არჩევს პროდუქტს და ახდენს მის მთლიანად ათვისებას, როგორც მაღალი, ასევე დაბალი ხარისხით. დაბალ ხარისხზე მოთხოვნა კი არ არსებობს, არც შიდა და არც მსოფლიო ბაზარზე.

რუსუდან გიგაშვილის თქმით, საქართველო მცირემიწიანი ქვეყნაა და მიწის გამოყენება და ათვისება უნდა ხდებოდეს მაქსიმალურად და რაციონალურად, თუმცა პრობლემა ზუსტად ეს არის. საქართველოს ტერიტორია მდიდარია სასმელი და სარწყავი წყლებით, ბუნებრივი რესურსი იმის შესაძლებლობას გვაძლევს რომ სარწყავი წყლები უხვად გამოვიყენოთ. საქართველოში კი მიწების მხოლოდ 20% ირწყვება, მაშინ როცა ისრაელში, სადაც გაცილებით მეტი მიწაა და წყლის რესურსი არ არსებობა, მიწების 80% მაინც ირწყვება.

საქართველოს რეგიონებში სარწყავი და საირიგაციო სისტემების არარსებობა იწვევს მიწის ეროზიას და დაზიანებას, ანუ მიწა აღარ არის ნაყოფიერი და მოსავლიანი. მსგავსი ეროზირებული და დაზიანებული მიწის აღდგენა კი ცალკე ძალისხმევასა და ხარჯებს მოითხოვს მომავლისთვის.

ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ კარგად იცის და ესმის, თუ რა შესაძლებლობა და პოტენციალი აქვს ქვეყანას. ის მიიჩნევს, საქართველო სოფლის მეურნეობის ქვეყანა მხოლოდ მისი პოტენციალიდან გამომდინარე არის, იმპორტირებული საქონლის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ისიც უსვამს ხაზს და ამბობს, რომ იმპორტ- ექსპორტის მაჩვენებელი სოფლის მეურნეობის დღევანლი მდგომარეობას ასახავს.

მისი მოსაზრებით, პირველ რიგში რაც აფერხებს მეურნეობის განვითარებას, ეს არარსებული ინფრასტრუქტურაა და უპირველეს ყოვლისა, სწორედ სარწყავი და საირიგაციო სისტემის პრობლემა უნდა გადაიჭრას.

გლეხმა რომც აწარმოოს საკმარისი რაოდენობის პროდუქტი, კიდევ ერთ პრობლემას წარმოადგენს ასევე სოფლის ტერიტორიებზე სასაწყობე მეურნეობებისა და შესაბამისი მომსახურებების ნაკლებობა. შესანახი მომსახურებების ნაკლებად გამოყენების ძირითად მიზეზს, საწყობებისა და მაცივრების შემთხვევაში სოფლიდან დიდი მანძილით დაშორება და ფასია.

რთულია ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, მის ქოლგის ქვეშ არაერთი მნიშვნელოვანი და ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემა ერთიანდება, რომელიც მზარდი მიგრაციის პროცესის მასტიმულირებელი ფაქტორია:

ერთ-ერთი მათგანია გზა; შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სიგრძე 5 300 კმ-ია, რომელთა ნაწილი საჭიროებს სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს. ამ გზების უდიდესი ნაწილი სწორედ რეგიონებზე მოდის.

მათ ვისაც უშუალო შეხება არ აქვს სოფელთან ალბათ ვერ წარმოუდგენია რომ საკანალიზაციო სისტემა და მოუწესრიგებელი სასმელი წყალი  ჯერ კიდევ გადაუჭრელი პრობლემაა ბევრ სოფელში,  საკანალიზაციო სისტემის დიდი ნაწილი რეაბილიტაციას ან საერთოდაც მშენებლობას მოითხოვს.

ვიღაცისთვის რთული წარმოსადგენია რომ დღეს, 21- ე საუკუნეში სადღაც ისევ არსებობს ისეთი ელემენტარული პირობების პრობლემა როგორიცაა გათბობა.  რთულია სოფელში ცხოვრება ზამთარში, სადაც გათბობის ერთადერთი საშუალება დღემდე შეშაა. მოსახლეობის 32% -ს ანუ 500 000 ადამიანს ბუნებრივ აირზე, ჯერ კიდევ არ მიუწვდება ხელი.

გარდა ამისა, არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც მსოფლიოსა თუ ქვეყნის მნიშვნელოვანი ამბები ჯერ კიდევ რჩება ყურადღების მიღმა და ვერ ეცნობა მისთვის საინტერესო ინფორმაციას.

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს 15 500 ადამიანს ინტერნეტზე წვდომა საერთოდ არ აქვს. შესაბამისად, ეს პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ინფორმაციულობის დონესთან.

განათლება საკმაოდ მტკივნეული თემაა.  21-ე საუკუნეში როცა განათლება და განათლებული მომავალი ქვეყნის ბედ-იღბალს წყვეტს, რეგიონებში ამ მხრივ არც თუ სახარბიელო მდგომარეობაა.

მარის წითელაშვილის 3 შვილიდან, არცერთს უვლია ბაღში, ზამთრის მკაცრი კლიმატური პირობებისა და შორი მანძილის გამო, ვერც  სკოლაში სიარულს ახერხებენ.

საქსტატის 2017 წლის აღწერის თანხმად, რეგიონში მცხოვრებთა 15%-ისთვის ანუ 233 000 ბავშვისთვის სკოლა საერთოდ არ არის ხელმისაწვდომი, მათ ახლომახლო სოფლებში სკოლა არ ფუნქციონირებს. ხოლო 73 % ის შემთხვევაში, იგივე 1 135 000 ბავშვისთვის სკოლა შორს მდებარეობს, რაც ხშირი გაცდენის მიზეზი ხდება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში, 18 % -ის, 280 000 მოსწავლის შემთხვევაში კი, გზები ცუდ მდგომარეობაშია.

ნინო ზამბახიძე მიიჩნევს, რომ განათლების ხელმისაწვდომობის გარეშე გრძელვადიან პერსპექტივაში შეუძლებელი იქნება დარგის განვითარება.

ჯანმრთელობა რომ საუკუნეს, რეგიონსა და დროს არ ცნობს, ეს ყველასთვის ცნობილია, და ყველას თანაბრად და დროულად უნდა მიუწვდებოდეს ხელი ჯანდაცვის სერვისზე. სწორე ეს პრობლემა გახდა მარისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი რომ სოფელი მიეტოვებინა. როცა შვილი ავად გაუხდა ვანის რაიონში, 5 ახლომდებარე სოფელში არც აფთიაქი აღმოჩნდა და არც საავადმყოფი, სასწარფო მანქანა კი, ცუდი გზის გამო, ადგილზე  ვერ ავიდა…

მაშინ იგრძნო სწორედ მარიმ, რა დაუნდობელ პირობებში უწევდა ცხოვრება და როცა შვილის სიცოცხლე სასწორზე დადო, მაშინ თქვა პირველად უარი სოფელში ცხოვრებაზე.

მარისთვის სახელმწიფოს მიერ გატარებული პროგრამა, რომელიც, 100-200 ლარიან დახმარებას გულისხმობს ვერ გახდება გარანტი, რომ მისი შვილების ჯანმრთელობა იქნება დაცული და განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესაძლებლობაც ექნებათ. მარიმ თავისი თხილის მეურნეობის მიტოვებაზეც კი თანახმაა, რომელიც ყოველ ზაფხულს დაახლოებით 1 ტონა თხილის მოსავალს აძლევდა, თუმცა იგი მურნეობის გაფართოებასა და განვითარებაზე არც კი ფიქრობს, მაშინ როცა შვილის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება და ვერ იღებენ შესაბამის განათლებას.

მარისა და მისი ოჯახისთვის არც ის პროგრამა წარმოადგენს რაიმე ფასეულს და ოდნავ მაინც მნიშვნელოვანს, რომელიც მოიაზრებს ნერგის ღირებულების 40%-ის დაფინანსებას, მისთვის ეს აბსურდი და არაფრის მომცემია.

როცა ვსაუბრობთ რეგიონის განვითარებაზე ეს ფარავს მეურნეობას, ჯანდაცვას, ინფრასტრუქტურას, კომუნიკაციებს, თუ თითოეული მათგანი არ იქნა უზრუნველყოფილი რთულია სოფლად მცოხვრებ ადამიანებს ადგილზე დარჩენა-დაკავება და ქალაქში მიგრაციაზე უარი მოვთხოვოთ.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის აუცილებელია მინიმალური პირობების არსებობა, რომელიც დღესდღეობით არ არსებობს საქართველოს ბევრ სოფელში. მარის მაგალითი კი აჩვენებს, რომ სახელმწიფო პროგრამები ვერ უზრუნველყოფს ამ პრობლემების მოგვარებას.

პროგრამები, რომელსაც ატარებს სახელმწიფო მოიცავს, მაღალმთიან რეგიონებში პირველ ბავშვზე 100, მეორე და შემდეგზე 200 ლარიან დახმარებას, ასევე დანამატებს  მასწავლებლებზე…

ასევე საგრანტო პროგრამა მოიცავს   40 % – ით ნერგის დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან, 60 % კი ფერმერმა თვითონ უნდა აანაზღაუროს;

სოფლის განვითარების პოროგრამა მოიცავს პროექტის ღირებულების 40 % დაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან, ხოლო 60 % – ს ანაზღაურებს ადგილობრივი მოსახლე თვითონ, მაგალითად თუ სურს საოჯახო სასტუმროს გაკეთება…

მოსახლეობას პირველ რიგში მინიმალური საარსებო პირობები სჭირდება და ამის შემდეგ შეგვიძლია ვიფიქროთ ნერგის ღირებულების დაფინანსებაზე, პენსიის დანამატზე და ა.შ.  შესაბამისად, პროგრამები, რომელსაც სახელმწიფო ატარებს, არ არის საჭიროებებზე მორგებული.

პროგრამების არაეფექტურობაზე მიუთითებს დემოგრაფი ანზორ სახვაძე და მიიჩნევს რომ პროგრამები, რომელიც ტარდება არის მოკლევადინაი, გათვლილი 3-4 წელზე.  სოფლის მეურნეობის განვითარება კი პრობლემური თემაა და მას გრძელვადიანი პროგრამები სჭირდება. თუმცა სახელმწიფოს ინტერესებში არ შედის გრძელვადინი პროგრამების შემუშავება, რადგან როცა გრძელვადიანი  პროგრამა უკვე შედეგს გამოიღებს ისინი ქვეყნის სათავეში აღარ იქნებიან.

როდესაც ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროს განვითარებაზე ვსაუბრობთ, ბუნებრივია უნდა არსებობდეს ერთიანი ხედვა და პოლიტიკა, თუმცა სოფლის განვითარების 2017-2020 წლების სტრატეგიაში ვკითხულობთ რომ საქართველოს ამ ეტაპზე არ გააჩნია სოფლის განვითარების ერთიანი პოლიტიკა. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი შალვა კერესელიძე ამბობს, ერთიანი პოლიტიკის შემუშავება არ არის მარტივი და ამას დიდი დრო სჭირდება.

მარი რეალური სახეა რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და პროგრამების მიზანმიმართულობის; აღნიშნული პროგრამები მინიმალური პირობების შექმნას და მათ ადგილზე დარჩენას ვერ უზრუნველყობს.

მარის მსგავსად, ქალაქში გადასახლებულთა უმრავლესობამ იცის, რომ შესაძლოა ქალაქში უფრო გაუჭირდეს, თუმცა ურჩევნია მეტად დაცულად იგრძნოს თავი და იყოს დარწმუნებული, რომ მის შვილს საუკეთესოს თუ არა, კარგ განათლებას მაინც მისცემს.

ზოგადად კი, ქართველები გარკვეულ საკითხებში ჩვენს განსხვავებულ შეხედულებებს თუ დამოკიდებულებებს ვამჟღავნებთ, რაც მხოლოდ ქართველებისთვის არის დამახასიათებელი. „ჩვენ განსხვავებლი მენტალობა გვაქვს“ –  მსგავსი წარმოდგენა პრობლემას და დაბრკოლებას ქმნის ბევრ საკითხში, მათ შორის სოფლის მეურნეობის საკითხშიც. მენტალობის პრობლემაა დღეს საკმაოდ გავრცელებული შეხედულებები, რომ ქალაქში უკეთესია, რომ სოფელში ცხოვრება შეუძლებელი და რთულია.

გარკვეულწილად, სხვა მიზეზებთან ერთად,  განსხვავებული შეხედულებისა და მენტალობის „ბრალია“ ჩვენს ირგვლივ არსებულ ძალიან დიდ შესაძლებლობებს და რესურსებს რომ ვტოვებთ, მიწასთან მუშაობას ვთაკილობთ და ქალაქში გავრბივართ.

გიორგი მჭედლიძემ, ამერიკაში მიღებული ცოდნით, ცარიელი ხელებითა და დიდი მონდომებით დაიწყო ყველაფერი, თუმცა გულდაწყვეტით ამბობს, რომ ქართველ ხალხს მზა სჭირდება ყველაფერი, ჩვენ მოგვწონს ამერიკა, ისიც ხალხმა შექმნა, თუმცა ქართველ ხალხს არ უნდა რომ თვითონ შექმნას რაიმე, ჩვენ უკვე გამზადებული გვჭირდება ყველაფერი.

გარდა ამისა, უმეტესობამ არ იცის, რისი მოყვანა შეიძლება, რას ითხოვს ბაზარი, მაგალითად, მიკრო გრინი ამ ეტაპზე უკონკურენტოა და ძალიან ბევრი მცენარე შეიძლება აღმოჩნდეს ასე, ამიტომ სხვა პრობლემების მოგვარების პარალელურად, სახელმწიფომ უნდა გააკეთოს ამ ყველაფრის ინფორმირება, და ხალხს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ქალაქში გაქცევა ხსნა არ არის, ხსნა და გამოსავალი შეიძლება ჩვენსავე ეზოში ვიპოვოთ.

სახელმწიფოს როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მით უმეტეს მაშინ, როცა საქართველოს კარგი შანსი აქვს გააცნოს თავი აგრობაზარს და მოიხვეჭოს სახელი. ევროკავშირი და ასოცირების ხელშეკრულება ის შანსია, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.

ასოცირების ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სფეროში ევროპული სტანდარტებისა და ნორმების ეტაპობრივ დანერგვას მოიცავს.იგი ასევე გულისხმობს, ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე ადმინისტრაციული შესაძლებლობების განვითარებას; სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ევროკავშირის რეგულაციებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად დაგეგმვას; და რაც მთავარია, სოფლის მეურნეობის სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შეთანხმების საფუძველზე, საქართველომ უნდა უზრუნველყოს სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარება ევროკავშირის პოლიტიკის და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ევროკავშირი აძლევს საქართველოს მიმართულებას და ასევე დიდ შესაძლებლობებს აგროსფეროს განვითარებისთვის, თუმცა დღემდე ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად რჩება ის, რომ, ყველა განხილული პრობლემების გამო ვერ იწარმოება იმ ხარისხის პროდუქტი, რომელსაც ითხოვს ევროკავშირი და შესაბამისად, ჯერ კიდევ მწირია იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც გადის ევროპის ბაზარზე.

საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზე საუბრობს და დიდ იმედებს ამყარებს მასზე სოფლის მეურნეობის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ინაური. იგი მიიჩნევს რომ, ხელშეკრულების წარმატებით განხორციელება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, გააუმჯობესოს საკუთარი სანიტარიული და ფიტოსანიტარიული, ცხოველთა კეთილდღეობის კანონმდებლობა, შეინარჩუნოს ვეტერინარული კეთილსაიმედოობა, დაიცვას ქვეყნის ტერიტორია მავნე ორგანიზმების შემოჭრისა და გავრცელებისგან, მიაღწიოს ევროპული რეგულირების ეკვივალენტურ დონეს, რაც საშუალებას მისცემს ქართულ წარმოებას  ცხოველური და მცენარეული წარმოშობის პროდუქციით ევროკავშირთან ივაჭროს გამარტივებული წესით.

სანიტარიული და ფიტოსანიტარიული სისტემის გაუმჯობესება და ევროპულ სტანდარტებთან დაახლოება გაზრდის ქართული პროდუქციის ხარისხს და აამაღლებს სანდოობას მსოფლიო ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული ექსპორტის ზრდას. გარდა ამისა:

  • აგრარულ სექტორში შეიქმნება ახალი საწარმოები და საექსპორტო პროდუქცია;
  • გაიზრდება ადგილობრივი წარმოების მასშტაბები, რის შედეგადაც შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები;
  • მოხდება ქართული აგრარული პროდუქციის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია და გაფართოება;
  • შემცირდება ქართველი ექსპორტიორებისათვის ექსპორტთან დაკავშირებული ხარჯები;
  • მომხმარებელს მიეწოდება უსაფრთხო და უვნებელი პროდუქტი;
  • მოხდება სასოფლო-სამეურნეო საწარმოების მოდერნიზება;
  • ამაღლდება ქართული აგრარული პროდუქციის კონკურენტუნარიანობა;
  • ეტაპობრივად მოხდება აგრარულ სფეროში მოქმედი კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან, დაინერგება ევროპული სტანდარტები და ნორმები შეთანხმებული ვადების ფარგლებში.

ევროკავშირი და ასოცირების ხელშეკრულება რომ კარგი შანსია, ამას პოლონეთის მაგალითიც ადასტურებს. ხელშეკრულების გაფორმებამდე პოლონეთიც ისეთივე გამოწვევების წინაშე იდგა, როგორც საქართველო. 1994 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების შემდეგ ქვეყანა, რომლის ეკონომიკა მთლიანად საბჭოთა ბაზარზე იყო დამოკიდებული, კონკურენტუნარიანი უნდა გამხდარიყო ევროპაშიც. 1994 წლიდან დაიწყო პოლონური პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე საბაჟო გადასახადის გარეშე შესვლა, მხარეები შეთანხმდნენ, რომ პირველ ეტაპზე პოლონეთი შიდა ბაზარზე არ მიიღებდა ევროპულ პროდუქციას, ვინაიდან, ადგილობრივი ნაწარმი ვერ გაუწევდა კონკურენციას დასავლეთ ევროპულს. ამ პერიოდში გაიზარდა მშპ, ეკონომიკური სიტუაცია გაუმჯობესდა. პოლონელი ფერმერების შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა, მას შემდეგ, რაც ქვეყანა 2004 წელს ევროკავშირის წევრი გახდა. დღეს პოლონური პროდუქტის თითქმის 80 %-ის ექსპორტი ხდება ევროკავშირის ბაზარზე. ფერმერები ევროკავშირის ფულის ყველაზე დიდი ბენეფიციარები არიან და ყველაზე მეტად მათ ისარგებლეს ევროკავშირში შესვლით.

საქართველოს აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი განავითაროს სოფლის მეურნეობა, არსებობს რესურსი, და  ჯერ კიდევ ითვლება ის სოფლის მეურნეობის ქვეყნად. თუმცა, მხოლოდ ჯერ…  თუკი იქნებოდა მიწის ნაყოფიერების პრობლემა, წყლის დეფიციტი, მაშინ ასე თამამად ვერ ვისაუბრებდით ქვეყნის პოტენციალზე, მაგრამ,  გამოუყენებლობის გამო, მიწა შეიძლება გახდეს უნაყოფო, ეროზირებული, მაშინ კი ნამდვილად ვეღარ ვიტყვით, რომ ჯერ კიდევ ვართ სოფლის მეურნეობის ქვეყანა. სწორედ, ამიტომ არის აუცილებელი სახელმწიფოს ჩართულობა და აქტიურობა, მან უპირველეს ყოვლისა ამის ნება უნდა გამოიჩინოს და არ უნდა გატარდეს პროგრამა პროგრამისთვის, რომელსაც რეალური შედეგის ნაცვლად პირიქით, ზედმეტი ხარჯები მოაქვს ქვეყნისთვის. პრობლემის მოგვარება შესაძლებელი იქნება უპირველეს ყოვლისა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებით, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობით და ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანი – საზოგადოების ინფორმირებით, რომ საზოგადოებამ უკეთ გაიგოს, რა სარგებელი შეიძლება მოუტანოს მათ სოფელმა და მეურნეობამ, საზოგადოებამ, რაც შეიძლება მეტი გიორგის და მარიამის მსგავსი  ადამიანები უნდა გაიცნოს, თუნდაც ეკრანებიდან, რომ უკეთ დაინახონ სოფლის მეურნეობის უპირატესობები და შესაბამისად დაიმსხვრეს არასწორი შეხედულებები სოფელზე და მეურნეობაზე.   დაინტერესების შემთხვევაში ყველა შეძლებს გიორგიზე და მარიამზე არანაკლები მეურნეობის გაკეთებას, ხალხის დასაქმებას და ფინანსური შემოსავლით ოჯახის უზრუნველყოფას.

ფერმერები და დარგის სპეციალისტები რამდენიმე რეკომენდაციას გვთავაზობენ, რომელთა გათვალიწინება პოზიტიურად აისახება დარგის განვითარებაზე, შესაბამისად მზარდ მიგრაციულ პროცესებზე და ხელს შეუწყობს მოსახლეობის შენარჩუნებას სოფლად.

გამომდინარე იქედან რომ, ქვეყნას დარგის განვითარების ერთიანი პოლიტიკა ამ დრომდე არ აქვს, უპირველეს ყოვლისა უნდა შემუშავდეს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ერთიანი პოლიტიკა. ასევე უნდა შემუშავდეს გრძელვადიანი პროგრამები და არა 3-4 წელზე გათვლილი.

ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ერთ – ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს მიგრაციის გამომწვევ პრობლემებს შორის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მოგვარება და ისეთი მინიმალური პირობების შექმნა, როგორიცაა განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებზე ხელმისაწვდომობა.

თბილისში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნროების სამინისტროში დეტალურად არ იციან რა ხდება კილომეტრების იქეთ, ამა თუ იმ რეგიონში, ამიტომ პროგრამების შემუშავებასა და განხორციელების პროცესში ადგილობრივი სამსახურების მეტი ჩართულობა და შესაბამისად პრობლემების დეტალური გარკვევა არის ძალიან მნიშვნელოვანი. მეტ ეფექტს გამოიღებდა პროექტი თუ მის შემუშავებაში ჩართული იქნებოდნენ ადგილობრივი სამსახურები.  ასევე ეფექტიანი იქნებოდა პროგრამები შემუშავდეს რეგიონალურ დონეებზეც, სადაც უფრო ადექვატურად იქნება ასახული ადგილობრივი დარგების საჭიროებები.

მაშინ როცა ინფორმირებაზე ვსაუბრობთ, მედია საშუალებების და მათ შორის ადგილობრივი მედიის აქტიურობა და ჩართულობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი.

მეგი კაკაბაძე, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი

მასალა ქვეყნდება საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …