თბილისი (BPI) – მიკრომწვანილი არის პატარა, მწვანილის მიკრო ვერსია. ის ორგანულად სუფთაა, არომატული, მდიდარი სასარგებლო ვიტამინებითა და მინერალებით. ქართულ ბაზარზე 6 თვის წინ გამოჩნდა, თუმცა მალევე დიდ წარმატებას მიაღწია და უკვე ექსპორტისთვისაც ემზადება.
ჯანსაღი კვებით დაინტერესებულმა ცოლ-ქმარმა, ბოსტნეული ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში დააგემოვნეს. გემო სპეციფიკური და ჯანსაღია და მათი ყურადღებაც მიიქცია. საქართელოს ბაზარზე მსგავსი არ ენახათ და საცდელად სახლის პირობებში მიკრომწვანილის მოყვანა დაიწყეს. შემდეგ კი თქვეს – რატომაც არა! მოდი სხვასაც გავუზიაროთ ჩვენი გამოცდილება და გაჩნდა ბიზნეს-იდეა მიკროგრინი.
„იდეა გაჩნდა დიდი ხანია. მე და ჩემი მეუღლე დაინტერესებულები ვართ ჯანსაღი კვებით, სახლის პირობებში პირადი მოხმარებისთვის დავიწყეთ მიკროგრინის-მიკრომწვანილის მოყვანა სხვა ქვეყნებში ნანახი გამოცდილებით. დაახლოებით 1 წლის წინ კი გაჩნდა იდეა, რომ ეს ჩვენი ჰობი გადაგვექცია უკვე მასშტაბურ ბიზნესად. იდეის განხორციელებაში სტარტაპ საქართველო დაგვეხმარა. თავდაპირველად ვაწარმოებდით 5 სახის პროდუქციას, დღეისთვის კი დაახლოებით 10 სახის მიკრომწვანილია ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე. მათ შორისაა კომბოსტო, ბროკოლი, ბოლოკი, სალათის მიქსი, რუკოლა და ა.შ. ამას კიდევ დაემატება რამდენიმე სახის ბოსტნეულიც,“ – ამბობს “მიკროგრინის” დამფუძნებელი მარიტა გენებაშვილი.
მიკრო მწვანილები მამა-პაპურ მწვანილთან შედარებით გაცილებით მეტ ვიტამინს შეიცავს.
იდეის ავტორი ამბობს, რომ მიკრო მწვანილი არის ჩვეულებრივი მწვანილის მიკრო ვერსიაა, მოჰყავთ სასუქისა თუ სხვა ქიმიური დანამატების გარეშე განსხვავებული მეთოდით, რაც გულისხმობს იმას, რომ ითესება უფრო მჭიდროდ და დათესვიდან 14-18 დღეში იკრიფება. ამის გამო ის არის ახალგაზრდაა და შეიცავს ბევრ ვიტამინს, გაჯერებულია იმ სხვადასხვა მიკრო და მაკრო ელემენტებით, რომელიც ბოსტნეულს ახასიათებს. მაგ: წითელი კომბოსტოს მიკრო-მწვანილში 40-ჯერ უფრო მეტი სასიცოცხლო ნუტრიენტია ვიდრე მის ზრდასრულ ვერსიაში. მიკრობოსტნეულში კონცენტრირებულია ბევრად მეტი ვიტამინი და მინერალი ვიდრე ჩვეულებრივ ბოსტნეულში ან მწვანილში.
მიკროგრინი საცალო სექტორში, ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტების ქსელში უკვე ხელმისაწვდომია. პროდუქტმა მომხმარებლის დიდი ინტერესი გამოიწვია და მასზე უკვე დიდი მოთხოვნაც არსებობს.
“აგროჰაბის” გაყიდვების კატეგორიის მენეჯერი ნინო ბერიანიძე ამბობს, რომ საქართველოს ბაზარზე მიკროგრინის მსგავსი პროდუქცია არ იყო ხელმისაწვდომი.
“ჩვენც ვეძებდით რაიმე ახალს, რასაც შევთავაზებდით ჩვენს მომხმარებელს. ასეთი იყო მიკროგრინის მიკრომწვანილები, რომელიც სასარგებლოა, საინტერესოა მისი შეფუთვაც. ის რომ პროდუქტი ნატურალური და ეკოლოგიურია მოწმობს ისიც რომ მომხმარებელს შეუძლია მისი სხვადასხვა ფორმით შეძენა-დაფასოებული და მიწიანად ქოთნით.
აღსანიშნავია, რომ პროდუქტზე დიდი მოთხოვნა იყო, რამაც დააჩქარა მათი ბაზარზე გატანის პროცესი. ხარისხთან ერთად მისაღებია მისი ფასი – 3.90 ლარი. გათვლილია თითოეული სეგმენტისთვის. ხელსაყრელია ასევე მოთხოვნა-მიწოდების პროცესი, რომელიც აქტიურ პროცეშია. კომპანიისგან ახალი პროდუქციას ყოველდღიურად ვიღებთ, რაც ნიშნავს იმას რომ მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამას მიუთითებს ის სტატისტიკა რაც მიკრობოსტნეულმა ბაზარზე გამოჩენიდან მცირე დროში აჩვენა. თუ პირველივე თვეს იყიდებოდა დაახლოებით 200-მდე პროდუქტი დღეს მისი რაოდენობა 5-ჯერ არის გაზრდილი და ეს რიცხვი დღითიდღე მზარდია.“
კომპანიის დამფუძნებლები მიღწეულ შედეგზე არ ჩერდებიან და დიდი სამომავლო გეგმები აქვთ. მიკრომწვანილს უკვე აქტიურად იყენებენ რესტორნებსა და სასტუმროებში. პროდუქტით უკვე დაინტერესებულები არიან საექსპორტო ბაზრებიც. 2018 წლისთვის იგეგმება პროდუქციის ექსპორტი. იგეგმება რამდენიმე ახალი სახის მიკრომწვანილის დამატება და იზრდება იმ ჰიპერმარკეტების რაოდენობა, სადაც შესაძლებელი იქნება მიკროგრინის შეძენა.
იმისათვის რომ ქართული პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე გავიდეს აუცილებელია დააკმაყოოფილოს სხვადასხვა ტექნიკური და სავაჭრო მოთხოვნები – ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები, გეოგრაფიული აღნიშვნები და სერტიფიცირების პროცედურები. ეს ბარიერები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ნაკლებად გამჭვირვალე და თვალსაჩინოა სატარიფო ბარიერებთან შედარებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით აგროსასურსათო პროდუქტებს ეხება, რომლებმაც უნდა დააკმაყოფილონ წინასწარ შემუშავებული სანიტარული და ფიტოსანიტარული ზომები, რომლებიც არცთუ იშვიათად გვევლინება, როგორც დაბრკოლება აღნიშნული პროდუქტებით ვაჭრობისას. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებთ, რომ ევროკავშირში მომხმარებელთა დაცვის საკითხს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ეს იმ ფონზე, როდესაც საქართველოში საერთაშორისო სერტიფიკატი მხოლოდ რამდენიმე დასახელების საწყის და საბოლოო აგროსასურსთო პროდუქტზე გაიცემა.
ანი გოგია, “საქართველოს უნივერსიტეტის” სტუდენტი
მასალა ქვეყნდება “საქართველოს უნივერსიტეტისა” და BPI-ს ერთობლივი პროექტის ფარგლებში