Mastercard, ციფრული გადახდების გლობალური ლიდერი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აძლიერებს Tech მიმართულებას, როგორც ინოვაციების დანერგვით, ასევე, განათლების ხელშეწყობით. გამონაკლისი არც საქართველოა. სწორედ ამ მიზნით, Mastercard-მა და AI Hub-მა “ნებულამ”, სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყეს. შეთანხმება ოფიციალურად 28 მარტს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში შექმნა საგანმანათლებლო კურსები ხელოვნური ინტელექტის (AI), ფინანსური განათლების, ელ. კომერციისა და კიბერუსაფრთხოების მიმართულებებით.
“Mastercard-ში ჩვენ გვჯერა, რომ Tech განათლების ხელშეწყობა არის უზრუნველყოფილი მომავლის და ეკონომიკური ზრდის გასაღები. ჩვენი პარტნიორობა AI Hub “ნებულასთან” განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის ცხადად გამოხატავს ჩვენს ვალდებულებას, საჭირო უნარებითა და ცოდნით უზრუნველვყოთ პროფესიონალთა შემდეგი თაობა და გავაძლიეროთ ქვეყნის ტექნოლოგიური ლანდშაფტი. ამ სტრატეგიული პარტნიორობის მეშვეობით, მონაწილეები მიიღებენ თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას დღესდღეობით ყველაზე მნიშვნელოვან და მოთხოვნად მიმართულებებში. ჩვენი სურვილია დავეხმაროთ პირადად მათ კარიერულ გაძლიერებაში, ხოლო ქვეყანას, ეკონომიკურ წინსვლაში“ – დავით ზღუდაძე, Mastercard-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოსა და სომხეთში.
ხელოვნური ინტელექტის (AI) განვითარების სრული კურსი 2025 წლის აპრილიდან დაიწყება. 8 კვირიანი კურსის დასრულების შემდეგ, სტუდენტები შეძლებენ დამოუკიდებლად შექმნან AI თულები, მათ შორის AI-ით მართული ჩატბოტები, სურათების ამოცნობის მოდელები, პროგნოზირებადი ანალიტიკის თულები, AI რეკომენდაციის ალგორითმები AI-ით გენერირებული კონტენტი და ვებ-აპლიკაციები. თეორიული ცოდნისა და საჭირო უნარების გამოყენება კი, სხვადასხვა მიმართულებით – ფინანსებში, მარკეტინგში, ელ. კომერციასა და მედია ინდუსტრიებში შეეძლებათ.
„ჩვენი პარტნიორობა Mastercard-თან წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს ტექნოლოგიური ეკოსისტემის და მომავალი პროფესიონალების გაძლიერების მიმართულებით. ეს შესაძლებლობა მათ საშუალებას მისცემს, გამოიყენონ თავიანთი ცოდნა რეალურ სამყაროში, შექმნან მომავლის კარიერული პერსპექტივები და ხელი შეუწყონ ქვეყნის ტექნოლოგიურ წინსვლას. ჩვენი მისიაა, რომ გავაძლიეროთ ქვეყნის ტექნოლოგიური მომავალი და ახალგაზრდა პროფესიონალებსა თუ დამწყებებს შევთავაზოთ ხელმისაწვდომი ცოდნა და პრაქტიკული უნარები ხელოვნური ინტელექტის, კიბერუსაფრთხოების, ელ. კომერციისა და ფინანსური განათლების სფეროში.“ – ნატალი პატარიძე, მულტიფუნქციური ცენტრის დირექტორი.
Mastercard უკვე რამდენიმე წელია აქტიურადაა ჩართული საგანმანათლებლო ინიციატივებში. ფინანსური განათლება, ციფრული უსაფრთხოება, უახლესი ტექნოლოგიები სტაბილურად რჩება პრიორიტეტულ მიმართულებებად და სწორედ მათი ხელშეწყობისთვის იქმნება და ადაპტირდება უნიკალური საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც გლობალური კომპანია ქართველ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ახორციელებს.