LVMH ღამით თავის ბუტიკებს აღარ გაანათებს

ფრანგული კონგლომერატი, LVMH, რომელიც მოდის ბრენდებს, Louis Vuitton-ს, Fendi-ს, Loewe-ს, ასევე, ალკოჰოლური სასმელების კომპანიებს, Moët & Chandon-სა და Hennessy-ს ფლობს, ენერგიის დაზოგვის მიზნით საფრანგეთის ყველა ბუტიკში ღამის განათებას გამორთავს. კომპანია, ასევე, ზამთარში სარეალიზაციო ოთახებსა და სხვა შენობებში ტემპერატურას ერთი გრადუსით შეამცირებს. განცხადება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.

ეს ზომები LVMH-ის „ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების“ გეგმის ნაწილია, რომელიც კომპანიამ საფრანგეთის პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ შეიმუშავა, რომ „ენერგიის დაზოგვის ეროვნულ ძალისხმევაში კონკრეტული და დაუყოვნებელი წვლილი შეიტანოს“.

„ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული დაძაბულობის დასაძლევად, რომელიც, სავარაუდოდ, ზამთრის პიკური მოხმარების დროს გაძლიერდება, LVMH-ის ჯგუფმა გადაწყვიტა, ოქტომბრიდან ელექტროენერგიის მოხმარება ჯერ საფრანგეთის, შემდეგ კი მთელი მსოფლიოს მაღაზიებსა და ბუტიკებში შეამციროს“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

LVMH მოელის, რომ რამდენიმე ღონისძიების მეშვეობით ენერგიის მოხმარებას 10%-ით შეამცირებს. ჯგუფი ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში მაღაზიების განათებას 22:00-დან დილის 7 საათამდე ჩააქრობს. მეორეც, კონგლომერატი ზამთარში სავაჭრო დარბაზებსა და კომპანიის სხვა შენობებში ტემპერატურას ერთი გრადუსით შეამცირებს, ხოლო ზაფხულში ერთი გრადუსით გაზრდის.

გარდა ამისა, კომპანია თავის 34 000 თანამშრომლისთვის ენერგიის დაზოგვის კამპანიას წარმართავს, რომ პიკურ მოხმარებასთან გასამკლავებლად ღამით სახლში შუქები, კომპიუტერის ეკრანები და დამტენები გამორთონ, ასევე, ლიფტებით, პრინტერებითა და სხვა მოწყობილობებით ნაკლებად ისარგებლონ. ამასთან, LVMH მოუწოდებს თანამშრომლებს, აპლიკაცია, EcoWatt გამოიყენონ, რაც მათ სახლში ენერგიის მოხმარების გაკონტროლებაში დაეხმარება. LVMH, ასევე, გაზრდის ინვესტიციებს განახლებადი ენერგიის განვითარებასა და ელექტროენერგიის მოხმარების მაკონტროლებელ საშუალებებში, როგორიც არის სპეციალური სენსორები და მრიცხველები.

პრესსამსახურის მონაცემებით, კონგლომერატ LVMH-ის ენერგომოხმარება საფრანგეთში 354 000 მეგავატ/სთ-ს შეადგენს, რაც 150 000-იანი მოსახლეობის ქალაქის წლიურ მოხმარებას უტოლდება. ამასთან, LVMH-ში აცხადებენ, რომ საფრანგეთში კომპანია „100%-ით მწვანე ელექტროენერგიას იყენებს“.

 

წყარო: bpn.ge

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …