საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ირაკლი ლექვინაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში „ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2022“. შეხვედრა ევროკავშირის მხარდაჭერით და ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ: ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი; საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი; საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი; ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონალური წარმომადგენლობის ხელმძღვანელი სამხრეთ კავკასიაში, მაჩიე ჩურა.
შეხვედრაზე პროექტის „ევროპული ბიზნესისა და ეკონომიკური ინტერესების ხელშეწყობა საქართველოში“ წარდგენა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც ბიზნეს გარემოს მოკვლევა განხორციელდა. პროექტის მიზანია ბიზნესის კოორდინირებული და აქტიური მოქმედებების წახალისება, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის განხორციელების ხელშეწყობა და ევროკავშირის ეკონომიკური დიპლომატიის ინტერესების დაცვა. აღნიშნულ პროექტში მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის და თანამშრომლობისთვის კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს ევროპული ბიზნეს ასოციაციისა და ევროკავშირის სახელით ჯილდო გადაეცა.
ევროპული ბიზნეს ასოციაციის თავმჯდომარე, ჯონ ბრეეკველდიტმა, დამსწრე საზოგადოებას ევროპული ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის (EECP) პრეზენტაცია წარუდგინა. ასევე, გაიმართა პანელური დისკუსია ევროპული ბიზნესის წარმომადგენლებთან და კომენტარები – პროექტის მხარდამჭერი საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად.
ფორუმში მონაწილეობდნენ: სამთავრობო და საპარლამენტო გუნდის წევრები, ბიზნეს ასოციაციები და პალატები, ევროპის საელჩოების, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.