საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility)ორგანიზებით, რეგიონებში გასვლითი სამუშაო შეხვედრები დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის ბიზნესის წარმომადგენელებთან შედგა, რომელსაც კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, ლევან ლილუაშვილი და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი, გიორგი ვეკუა უძღვებოდნენ.
საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში, რომელიც დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა, მონაწილეებმა იმსჯელეს კონკურენციის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებზე, სააგენტოს ახალ უფლებამოსილებებსა და პროცედურულ ნორმებზე. ასევე, კონცენტრაციების კონტროლის საკითხებსა და რეგულირებად სექტორებში კონკურენციის აღსრულების მექანიზმებზე. დემპინგისა და ზიანის ფორმებზე, ზოგად პრინციპებზე და ა.შ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ – საქართველოს და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ექსპერტი, ნინო მუჯირი, სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სოფიო მომცელიძე და ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსი, ნიკა სერგია.
რეგიონულ დონეზე, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, კონკურენციისა და ანტიდემპინგური კანონმდებლობის განხილვა ასევე დაგეგმილია – გორში, ახალციხეში, ბათუმში, იმერეთსა და ზუგდიდის რეგიონებში. სამუშაო შეხვედრების მიზანია ადგილობრივი ხელისუფლების, მეწარმეებისა და ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონკურენციის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების, მისი აღსრულების, მიმდინარე და დასრულებული საქმეების, მიღებული შედეგების წარდგენა.