თბილისი (BPI) – ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის პროგრამისა და მისი განხორცილების შედეგების პრეზენტაციას გამართავს.
პროგრამა „ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში შემუშავდა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) დირექტორი, გიორგი გაბრიელაშვილი სტუმრებს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებს გააცნობს.
შეხვედრაზე ისაუბრებენ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის სფეროში არსებულ ინტერვენციის საჭიროებებზე, მსხვერპლთა რეაბილიტაციისა და ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, მათთვის ხელმისაწვდომი მომსახურებების ხელმისაწვდომობასა და პროექტის წარმატებულ ისტორიებზე.
ღონისძიებაზე მოწვეულნი არიან საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდისა“ და ძალადობის დაცვის ეროვნული ქსელის წარმომადგენლები, რომლებიც სფეროში არსებულ პრობლემებსა და მის გადაჭრის გზებზე იმსჯელებენ.
ღონისძიებაზე გაიმართება პროექტის ფარგლებში მომზადებული ვიდეო რგოლის ჩვენება.
„ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტერგრაციის ხელშეწყობის“ პროექტი ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის (IRC) მიერ ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. ცენტრის პარტნიორები არიან კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი (KRDF) და ევროპული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი (ELHRILI). პროექტი მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალების სრულფასოვან სოციალურ რეაბილიტაციას და ინტეგრაციის ხელშეწყობას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად მოეწყო თავშესაფარი, სადაც ბენეფიციარები უსაფრთხო გარემოსთან ერთად სარგებლობენ სარეაბილიტაციო-საინტეგრაციო პროგრამით, რომელიც მორგებულია ბენეფიციარებისა და მათზე დამოკიდებული არასრულწლოვან პირთა საჭიროებებზე. აღნიშნული პროგრამა მოიცავს: თავშესაფრის ბენეფიციარის შესაძლებლობების გამოვლენა-განვითარებასა და მიზნის განსაზღვრას, საჭირო უნარებითა და ცოდნით აღჭურვას, პროფესიულ გადამზადებას, დასაქმებაში ხელშეწყობას, ბინით ან/და სხვა საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფას, დამოუკიდებელი და ღირსეული ცხოვრების დაწყების ხელშეწყობას. აღნიშნული სარეაბილიტაციო-საინტეგრაციო პროგრამა სწორედ პროექტის ფარგლებში შემუშავდა და მისი სრულყოფა პილოტირების პროცესში მოხდა.
IRC ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობის პროექტის ანგარიშს 17 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ (მის: თელავის #20) წარადგენს.