ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტში ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძემ საქართველოს პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე – ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. საკომიტეტო მოსმენას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები და დარგის ექსპერტები.

სააგენტოს თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა მონიტორინგის მიმდინარეობაზე, ძირითად მიგნებებზე, უწყების შეფასებებსა და გაცემული რეკომენდაციების მიზნობრიობაზე: „კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, გავეცით 13 რეკომენდაცია. სააგენტოს ძირითადი დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა მედიკამენტების საცალო ფასები, ფასის ცვლილებაზე მოქმედი ძირითადი გარემოებების გავლენის შეფასება საცალო ფასის ფორმირებაზე. ჩვენ მიერ წარმოებული მონიტორინგის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ ფარმაცევტული ბაზარი საქართველოში ევროპის ქვეყნებთან შედარებით  რეგულაციების სიმცირით გამოირჩევა. ბაზარზე ფიქსირდება როგორც დომინანტური მდგომარეობის მქონე ეკონომიკური აგენტები, ასევე სახეზეა ჯგუფური დომინანტური მდგომარეობა. აღნიშნულს ემატება ჰორიზონტალური და ვერტიკალური ინტეგრაციის მაღალი ხარისხი და ბაზრის ჰოლდინგური მოწყობა. ბაზრის ამგვარი სტრუქტურა ჰოლდინგურ ჯგუფებს ანიჭებს საბაზრო ძალას, იქონიონ მნიშვნელოვანი გავლენა მედიკამენტების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებზე, რის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები შესაძლოა გამომდინარეობდეს არა პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან, არამედ შეესაბამებოდეს კონკრეტული ჰოლდინგური ჯგუფის კომერციულ და ბიზნეს ინტერესებს.

ასევე, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ სარეცეპტო პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს ბაზარზე კონკურენტულ გარემოს და არ შეესაბამება პაციენტის საუკეთესო ინტერესებს. შესაბამისად, სამედიცინო პერსონალსა და ფარმაცევტულ კომპანიებს  შორის არსებული ინტერესთა კონფლიქტი საჭიროებს რეგულირებას. ფასნამატი გენერიკულ მედიკამენტებზე, რიგ შემთხვევებში, აღწევს 200%-ს, ხოლო მედიკამენტებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია სავაჭრო დასახელებებით 20-30%-ის ფარგლებშია.

დგინდება, რომ შესაბამისი საკანონმდებლო რეგულირების და გადაწყვეტილებების მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით მიღების შემთხვევაში, მომხმარებელი ყოველწლიურად იდენტური სამკურნალო ეფექტის მიღების პირობებში დაზოგავს მედიკამენტებზე გასაწევი ხარჯების 25-30%-ს, რაც ბაზრის მოცულობის გათვალისწინებით შესაძლოა იყოს 250 მილიონ ლარამდე”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ საკომიტეტო გამოსვლისას და აღნიშნა, რომ საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების, ქვეყანაში ბაზრის სტრუქტურის, ასევე საკანონმდებლო რეგულირების ანალიზის გათვალისწინებით, სააგენტოს მიერ მომზადებული რეკომენდაციების მიზანი – მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირებაა.

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …