ინფლაცია მიმდინარე თვიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება, აცხადებს სებ-ის პრეზიდენტი. როგორც კობა გვენეტაძემ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრამ და საომარმა მოქმედებებმა, ჯერ კიდევ პოსტპანდემიური აღდგენის პროცესში მყოფი მსოფლიო ეკონომიკა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.
“ახალი შოკის ფონზე გამძაფრებულმა ინფლაციურმა რისკებმა უკვე გაზრდილი ინფლაციის შემცირების პროგნოზირებული ტემპები გლობალური მასშტაბით შეანელა. საქართველოში თებერვალში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 13.7 პროცენტი შეადგინა. მარტიდან ინფლაციის შემცირებაა მოსალოდნელი, რაც, ძირითადად, კომუნალური გადასახადების სუბსიდირების საბაზო ეფექტის მილევას უკავშირდება. თუმცა, რომ არა ზემოხსენებული ახალი შოკი, ეს შემცირება გაცილებით სწრაფი იქნებოდა. საყურადღებოა, რომ, საომარი მოქმედებების გამო რუსეთის მიმართ დაწესებულმა სანქციებმა და მიწოდების შეზღუდვებმა, მსოფლიო ბაზრებზე საქონლის გარკვეული კატეგორიების ფასები მნიშვნელოვნად გაზარდა. უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია ნავთობის გაძვირების ფონზე, საწვავის ფასების მკვეთრი მატება, რომელსაც, მოსალოდნელია, რომ ინფლაციის მაჩვენებელზე საგრძნობი გავლენა ექნება. ეს ფაქტი, უკვე ხანგრძლივად მაღალი ინფლაციის ფონზე, შესაძლებელია, ინფლაციის მოლოდინების ზრდაში აისახოს. გარდა ამისა, საგარეო შემოდინებების შემცირების რისკების ზრდის ფონზე, სავალუტო ბაზრებზე მერყეობა მომატებულია, რაც ინფლაციური მოლოდინების კუთხით დამატებით რისკებს შეიცავს. ამ ეტაპზე არსებული პროგნოზით მოსალოდნელია, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მარტიდან შემცირდება, თუმცა წლის განმავლობაში მიზნობრივ მაჩვენებელზე მაღლა შენარჩუნდება”, – აცხადებს კობა გვენეტაძე.