იაშვილის განახლებული საავადმყოფო პაციენტებს სრული დატვირთვით მიიღებს

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სრულმასშტაბიანი, ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროექტი დასრულდა. დღეისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულადაა განახლებული საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა, აღჭურვილია ყველა სამედიცინო მიმართულება, მათ შორის: კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტი, ქირურგიული და პედიატრიული განყოფილებები, ასევე საოპერაციო ბლოკები; გარემონტდა და მოეწყო ერთ და ორსაწოლიანი კომფორტული პალატები პაციენტებისა და მათი მშობლებისთვის.

დღეიდან განახლებული ცენტრალური საავადმყოფო სრულ მზადყოფნაშია, რომ პაციენტებს მაღალი სტანდარტის შესაბამისი ინფრასტრუქტურა და სრული სამედიცინო მომსახურება შესთავაზოს.

განახლებული იაშვილის საავადმყოფო განაგრძობს მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა კლინიკა გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი.

აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებით იაშვილის საავადმყოფომ უკვე დაიწყო თანამშრომლობა ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიასთან (AACI). AACI-ს სააკრედიტაციო პროგრამა შექმნილია ჯანდაცვის ხარისხის, პაციენტის უსაფრთხოების განვითარებისა და მუდმივი გაუმჯობესების მხარდასაჭერად. ამერიკის აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის (AACI) მიერ აკრედიტებულია ევროპის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის წამყვანი ჰოსპიტლები.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანსა და ინსტიტუციას, განსაკუთრებით – ჩვენს თანამშრომლებს, ვინც ჩართული იყო ეტაპობრივი რეაბილიტაციის იმ რთულ და მასშტაბურ პროექტში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი პაციენტებისთვის, არამედ – მთელი ქვეყნისთვის. დღეს სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულებულია და იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო სრულად არის განახლებული. ბოლო წლების განმავლობაში, რეაბილიტაციის პროექტში 11 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია და წინ დიდი გეგმები გვაქვს. ჩვენ განვაგრძობთ მუშაობას მუდმივი განვითარებისთვის, რათა ჩვენი კლინიკა გახდეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, რეგიონის მთავარი პედიატრიული ცენტრი,“ – აღნიშნა იაშვილის საავადმყოფოს დირექტორმა, თამარ ვახტანგაძემ.

„მინდა, ჩვენს მედპერსონალს დიდი მადლობა გადავუხადო და მივულოცო განახლებული კლინიკის გახსნა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთგულება, პროფესიული პასუხისმგებლობა და გულისხმიერება, რაც თითოეულმა მათგანმა რეაბილიტაციის პროცესში გამოიჩინა. აქვე, გვსურს, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადოთ სამედიცინო სერვისების შეჩერებით გამოწვეული დისკომფორტისთვის. ეტაპობრივი რეაბილიტაციის პროცესში ჩვენ მაქსიმალურად უზრუნველვყავით სამედიცინო მომსახურების უწყვეტობა, ვინაიდან იაშვილის საავადმყოფო უნიკალური და, ამავე დროს, ურთულესი კლინიკური სერვისების 24/7 მიმწოდებელი იყო ქვეყანაში, თუმცა, პროექტის დასკვნით ფაზაში, გარკვეული სერვისების დროებით შეჩერება გარდაუვალი იყო. ასევე, მადლობელნი ვართ იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენი პაციენტების ოჯახების წევრებმა გამოავლინეს და ამას მუდმივად ვგრძნობდით.

დღეს, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო განახლებულია და ჩვენ მზად ვართ ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები და მულტიფუნქციური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება“, – აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …