HUB Georgia ხელისუფლებას სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებას ურჩევს

თბილისი (BPI) – არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia მთავრობას სატრანსპორტო პოლიტიკის შემუშავებისკენ მოუწოდებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე ამბობს, რომ ქვეყანას არ აქვს სატრანსპორტო პოლიტიკა, შემუშავებული დოკუმენტი კი ეკონომიკის სამინისტროში უფუნქციოდ თაროზეა შემოდებული.

HUB Georgia-მ „სატრანსპორტო პოლიტიკის კვლევის“ პრეზენტაცია გამართა და ტრანსპორტის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საჯარო დისკუსია მოაწყო.

„HUB Georgia-მ შეისწავლა 15 ქვეყნის სატრანსპორტო პოლიტიკა, რათა ორგანიზაციის ექსპერტებს გვქონოდა შესაძლებლობა გაგვევლო პარალელები საქართველოში არსებულ რეალობასთან. მიუხედავად იმისა, რომ აზიის განვითარების ბანკის მიერ საქართველოს მთავრობამ მიიღო 750 ათასი დოლარის ოდენობის ფინანსური მხარდაჭერა, შეემუშავებინა სატრანსპორტო სექტორის განვითარების სტრატეგია”, – განაცხადა ურუშაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს სატრანსპორტო სექტორში ყველაზე ცუდი მდგომარეობა რკინიგზაშია, 2012 წლიდან დღემდე 57%-ით არის შემცირებული სატრანზიტო გადაზიდვები.

“ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის განვითარების გარეშე. წარმოუდგენელია ქვეყანა „Doing Business“-ს რეიტინგში იკავებდეს მე-6 პოზიციას და ამავდროულად, ლოგისტიკის ეფექტიანობის ინდექსში ის 119-ე ადგილით პოზიციონირებდეს და ჩამოვრჩებოდეთ, ისეთ ქვეყნებს როგორიცაა ყირგიზეთი, უზბეკეთი და სომხეთი. მაშინ როცა ბიზნესის კეთების ეფექტიანობას ტრანსპორტისა და ლოგისტიკის გლობალური კონკურენტუნარიანობა განსაზღვრავს,“ – აღნიშნავს ვასო ურუშაძე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …