თბილისი (BPI) – ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამაზე განაცხადების მიღება დასრულდა. საერთო ჯამში სულ 173 – მა აპლიკანტმა შემოიტანა განაცხადი. განაცხადები შემდეგ მიმართულებებს მოიცავს:
- საინფორმაციო ტექნოლოგიები, გეიმინგი, მედია;
- საკონსულტაციო და სხვა სერვისები;
- სოფლის მეურნეობა და კვების პროდუქტები;
- ხელოვნური ინტელექტი, ხელოვნება და მოდა;
- ენერგეტიკა, გარემოს დაცვა, მწვანე ტექნოლოგიები;
- ბიოტექნოლოგიები, ჯანდაცვა;
- კომპიუტერული ტექნიკა, ელექტრონიკა, მექანიკური და სამოქალაქო ინჟინერია.
განაცხადების შეფასებასა და შერჩევაში მონაწილეობას სპეციალურად თანადაფინანსების გრანტების პროგრამისთვის შერჩეული უცხოელი ექსპერტები მიიღებენ. 2020 წლის 31 იანვარს პროგრამის ნახევარფინალისტები გამოვლინდებიან. 10 თებერვლიდან 14 თებერვლის ჩათვლით კი კონკურსანტებისთვის საერთაშორისო ტრენერები გადამზადების სესიას ჩაატარებენ. 18 თებერვალს კომპეტენტური ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ, გამარჯვებულ სტარტაპებს დაასახელებს.
ინოვაციების სააგენტო თანადაფინანსების გრანტების პროგრამას მსოფლიო ბანკის პროექტის “ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში ახორციელებს, რომლის მთავარი მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.
GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს ორ მილიონ ლარს. მოთხოვნილი გრანტის მაქსიმალური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ასი ათას ლარს.