გიორგი აბაშიშვილი მედიაჰოლდინგ “კომერსანტის” მმართველი პარტნიორი გახდა

ბიზნესადმინისტრირების დოქტორი, პროფესორი გიორგი აბაშიშვილი მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გახდა. იგი „კომერსანტის“ გუნდს ახალი პროექტების გენერირებასა და რეალიზაციაში დაეხმარება.

გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ გადაცემა „ბიზნეს ინსაიდერის“ ავტორი და წამყვანია. ამიერიდან მის ამოცანებში შევა მედიაჰოლდინგის ბიზნეს მიმართულების განვითარება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების გააქტიურება, რადიოსა და საინფორმაციო პორტალისთვის ახალი პროექტების გენერირება და სხვ.

“მეგობრებო, მინდა ძალიან დიდი სიხარულით და დიდი სიამაყით შეგატყობინოთ ერთი ძალიან მნიშნელოვანი სიახლე ჩემს საქმიანობაში – დღეიდან ვარ მედიაჰოლდინგ კომერსანტის მმართველი პარტნიორი!

განსაკუთრებული მადლობა ახლა უკვე ჩემს ბიზნეს პარტნიორებს: არმაზ თავაძეს და გიორგი სამუშიას, ამ დიდი ნდობისა და დიდი შესაძლებლობისათვის!
რესპოდენტობას თუ არ ჩავთვლით, ათ წელზე მეტია ბიზნეს გადაცემის ფარგლებში ვთანამშრომლობდი ამ შესანიშნავ ადამიანებთან! ამჯერად, ახალ როლში კომერსანტის არსებულ გუნდთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატიივია და სრულიად სხვა შესაძლებლობებს იძლევა, კონკრეტული იდეები და ხედვები კი მართლაც ბევრია!
მეტ დეტალებზე აქ და ახლა არ ვისაუბრებ. ვიტყვი ერთს: საკმაოდ ამბიციური, ერთიანი და განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა გვაქვს პარტნიორებს და უახლოეს დღეებში, მათ შორის მიმდინარე კვირიდან სრულიად ახალ პროექტებს შემოგთავაზებთ.
დროებით დაგეგმშიდობებით დიდი, ამბიციური და ძალიან რეალისტური გეგმებით!”,- წერს სოციალურ ქსელში აბაშიშვილი.

გიორგი აბაშიშვილი არის კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, ჯეოქეისის მკვლევარი 2021 წლიდან, გაეროს ეკონომიკურ და სოციალურ საქმეთა დეპარტამენტის (UN DESA) ეროვნული კონსულტანტი საქართველოში 2019 წლიდან, 2020-2021 წლებში იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნეს კვლევების სახლის დირექტორი, 2019-2020 წლებში იყო ილიას სახელმწიოფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დირექტორი, ჯიპას პროფესორი და კანცლერი,  2014-2018 წლებში იყო საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი და მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში. 2005 წლიდან თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორებიცაა: IRI, USAID, KAS, BOELL Foundation, FES, VVD International, NIMD, და ა.შ.

გიორგი აბაშიშვილის ბიზნეს მედია გამოცემებთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს: 2010-2011 წლებში მუშაობდა ინტერნეტ გამოცემა www.netgazeti.ge-ის ეკონომიკური განყოფილების რედაქტორად, ასევე მიჰყავდა ეკონომიკური გადაცემა,  2011 წლიდან დაიწყო თანამშრომლობა მედიაჰოლდინგ კომერსანტთან – იყო გადაცემა პროფესიონალების წამყვანი, 2011 წლიდან არის ბიზნესპორტალ www.bpi.ge დამფუძნებელი, 2011-2014 წლებში წერდა ანალიტიკურ სტატიების ჟურნალებისათვის ლიბერალი, ტაბულა, ფორბსი. 2020-2021 წლებში იყო გადაცემა ბიზნეს პარტნიორის თანაწამყვანი,  2021 წელს ბიზნეს ინსაიდერის კვლევის მხარდამჭერი ლიცენზიის ფარგლებში დაიწყო ახალი საავტორო გადაცემა რადიო კომერსანტზე – ბიზნეს ინსაიდერი, 2021 წლიდან დღემდე წერს ანალიტიკურ სტატიების და მოსაზრებებს კომერსანტის, ბლუმბერგი ბიზნეს ფორმულას, ინტერპრესნიუსისა და ბიზნეს ინსაიდერისათვის. არის მსოფლიოში ცნობილი ქართულ ენაზე თარგმნილი რამდენიმე ბიზნეს ლიტერატურის რედაქტორი, არაერთი სამეცნიერო სტატიის ავტორი.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …