სანქციები მოქმედებაში – გიორგი აბაშიშვილის Factპოსტი

“ისეთი არაფერია რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“ – ვლადიმერ პუტინი, 10 მარტი

ვფიქრობ, სულ რამოდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარე მოვლენებმა ყველას დაანახა, რომ სანქციები მუშაობს. მუშაობს სწრაფად, ხვდება მიზანში და ადრესატს უშანსოდ ტოვებს.  მიუხედავად იმისა, რაც არ უნდა თავდაჯერებულმა ამტკიცო, რომ შენ ან შენს ბიზნესს ის არ შეეხება, ეს რეალური არ არის! რეალურია ის, რომ მაქსიმუმ დროში, ისიც მცირედით გადაავადო სანქციების ზემოქმედება და შეეცადო შედარებით მინიმალური დანაკარგებით გამოხვიდე. თუმცა, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ბიზნესის სფეროს და ბაზარს, სადაც ეს ბიზნესი მუშაობს.

ამ მარტივი მსჯელობის დასამტკიცებლად კი მოდით ფაქტებზე დაფუძნებული „ქართული“ მაგალითი მოვიყვანოთ. კერძოდ, რუსული ბრენდის სს „ვითიბი ბანკი ჯორჯიას“ 14 დღიანი ისტორია მიმოვიხილოთ.

“ვითიბი ბანკის” ჯგუფში შემავალ საფინანსო ინსტიტუტზე აშშ, ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოს და სხვა სახელმწიფოებს მიერ  დაწესებული ფინანსური სანქციების შემდგომ, VTB ბანკი 25 თებერვალს აცხადებდა, რომ  საზედამხედველო კაპიტალის მიხედვით საქართველოში მესამე ადგილს იკავებდა და „დაწესებული სანქციები არ ითვალისწინებს ბანკის საქმიანობის შეჩერებას. ბანკის ნებისმიერ კლიენტს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, გადარიცხოს საკუთარი სახსრები სხვა ბანკში ან გაიტანოს ნაღდი ფულის სახით ან განახორციელოს გადახდები. ასევე, დეპოზიტებს ჩვეულებრივ დაერიცხებათ სარგებელი შესაბამისი ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ ვადებში და ოდენობით“. ერთი შეხედვით ჩანდა, რომ „ყველაფერი კარგად იყო“. თუმცა, ამავე დღეს გვენიშნა, საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადება, რომელიც აცხადებდა, რომ „ინტენსიურ უწყვეტ რეჟიმში აკვირდება მოვლენებს და მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო სტანდარტებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ინსტრუმენტების გამოყენებით დაიცვას ბანკის მეანაბრეების ინტერესები“.

უკვე არასრულ, არასამუშაო ორ დღეში, 27 თებერვალს, “ვითიბი ბანკი” აცხადებდა, რომ „მიიღო გადაწყვეტილება, გაასხვისოს არსებული საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი “ბაზისბანკზე“, ანუ 25 თებერვალს გაკეთებული განცხადების პათოსი შეიცვალა. ამასთან, არანაირი ინფორმაცია არ იყო ამ განცხადებაში ბანკის მიერ იურიდიულ პირებთან მიმართებაში არსებულ გეგმებზე.

27 თებერვლის შემდგომ, “ვითიბი ბანკის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე მეტი სიახლე აღარ განთავსებულა. სამაგიეროდ, ოთხ დღეში, 3 მარტს, “ლიბერთი ბანკმა” გაავრცელა განცხადება, რომ „დღეიდან, სს “ლიბერთი ბანკი” გადმოიბარებს სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას” მცირე და საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელს“ ანუ მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო.

უკვე 10 მარტს, კი განცხადებას ბაზისბანკი ავრცელებს: „VTB ბანკის საცალო ბიზნესის სრულად გადმობარების შემდეგ, ამჯერად, შეთანხმება მსხვილი ბიზნეს პორტფელის ნაწილის “ბაზისბანკში” მიგრაციის შესახებ შედგა. კორპორატიული ბიზნესების გარკვეული ნაწილი კვლავ რჩება VTB-ში“ ანუ გაგრძელება იქნება…

მაგალითი მარტივია, თუმცა ეს ყველფერი ჩვენს თვალწინ მოხდა. შესაბამისად, ძალიან მარტივი დაშვებით შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, დაახლოებით რა ხდება გენერალურად რუსულ ბაზარზე სანქციების პირობებში და რამდენად აბსურდია რუსული პროპაგანდა, რომ სანქციები მათ ვერაფერს დააკლებს. თუმცა, არის მეორე გზა: უბრალოდ ყველას უფლებაა იფიქროს პუტინივით სანქციებზე: „ისეთი არაფერია რასაც ჩვენ ვერ მოვაგვარებთ“.

ავტორი: ანალიტიკური ორგანიზაცია ჯეოქეისის მკვლევარი ეკონომიკის მიმართულებით, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის (СIU) ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი გიორგი აბაშიშვილი.

შემთხვევითი სიახლე

ლარის მნიშვნელოვანი გამყარება როგორც ჩანს უფრო ნაკლებ სავარაუდოა – თიბისი კაპიტალი

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. პუბლიკაციის თანახმად, აპრილის ექსპორტი ძლიერი იყო. მართალია, წლიურ გამოხატულებაში …