GIMG აჭარაში, ძველი სტადიონის ტერიტორიაზე სასტუმროსა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ისევ ვერ ასრულებს

თბილისი (BPI) –  კომპანია GIMG აჭარაში, ძველი სტადიონის ტერიტორიაზე სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობას ისევ ვერ ასრულებს. მშენებლობის გახანგძლივების მიზეზად კომპანია უმეტესწილად სასტუმროსა და ბიზნეს ცენტრის ოპერირების მიზნით ცნობილ საერთაშორისო ბრენდთან მოლაპარაკებებს ასახელებს.

საერთაშორისო ბრენდის მოთხოვნებთან კომპლექსის შესაბამისობაში მოყვანა რთული და გრძელვადიანი პროცესი აღმოჩნდა, რამაც პროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია.

აჭარის მთავრობას კომპანიამ ვალდებულებების დროულად შეუსრულებლობის გამო დაკისრებული საურავებისგან გათავისუფლების თხოვნით უკვე მიმართა. აჭარის ფინანსთა სამინისტრომ გაითვალისწინა, რომ კომპანიას მნიშვნელოვანი სამუშაოები და ინვესტიცია აქვს განხორციელებული და ახალი ვალდბეულებების სანაცვლოდ GIMG-ს კომპლექსის ექსპლუატაციაში მიღების ვადად 2020 წლის 31 დეკემბერი განუსაზღვრა.

ამ დროისთვის სასტუმრო კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობის სამუშაოები ნაწილობრივ დასრულებულია და როგორც კომპანიის მიერ აჭარის მთავრობისთვის გაგზავნილი წერილის საფუძველზე ირკვევა, სასტუმროს მენეჯმენტისათვის მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ ბრენდთან კომპანიის ურთიერთობები შემდგომ თანამშრომლობასთან დაკავშირებით გადამწყვეტ ფაზაში შედის, რაც საშუალებას მისცემს ახალი იმპულსი შესძინოს ბათუმში ტურიზმსა და სასტუმრო მომსახურეობაში მაღალი დონისა და ხარისხის შემდგომ გაღრმავებას.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით და არსებული ბაზრის მოთხოვნათა გათვალისწინებით, სასურველი იქნებოდა მრავალფუნქციური კულტურულგასართობი ცენტრის ამოქმედება, რომელიც გათვლილი იქნებოდა სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე სტუმრებზე და მისცემდა ფართო სპექტრის კულტურულ-გასართობი სერვისების შეთავაზების შესაძლებლობას. ასევე, ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე განზრახული აქვს ტერიტორიაზე არანაკლებ 250 ავტომობილზე გათვლილი თანამედროვე ავტოსადგომის მოწყობა, რომელიც მნიშვნელოვანწილად მოხსნის ავტომობილების პარკირებასთან დაკავშირებულ პრობლემებს განსაკუთრებით ტურისტული სეზონის პერიოდში.

შეგახსენებთ, რომ 2006 წლის სექტემბერში აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამართულ კონკურსზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ცენტრალური სტადიონის“ 100% წილის პრივატიზება მოხდა. წილი კომპანია GIMG-ის 2 მლნ დოლარად გარკვეული ვალდებულებების სანაცვლოდ გადაეცა.

კომპანიამ ბათუმში, ჟღენტის ქ. №1-ში 63 000 კვ.მ ფართზე უნდა ააშენოს სასტუმრო კომპლექსი (100 სასტუმრო ნომრით) და ბიზნეს ცენტრი. კომპლექსში იქნება ღია საცურაო აუზი, მოეწყობა პავილიონი, გალერეა და ლანდშაფტი. კომპლექსის საინვესტიციო პორტფელი 65 მლნ დოლარია, სასტუმროსა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღებიდან კი ერთ წელში 500 ადამიანი დასაქმდება.

აღსანიშნავია, რომ მრავალფუნქციური კულტურულ-გასართობი ცენტრის შემადგენლობაში შევა ბარი, რესტორანი, გასართობი ავტომატების ზონა და არანაკლებ 500 პერსონაზე გათვლილი მულტიკომპლექსი სხვადასხვა ღონისძიებების, კერძოდ კი კინო-ჩვენებების, სპორტული ტურნირების, სამხატვრო გამოფენების, მოდის ჩვენებების, მუსიკალური ფესტივალების, დისკოთეკების, საბავშვო დღესასწაულების და ა.შ ჩასატარებლად.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …