GIAC-იმ არბიტრაჟის სფეროში პროფესიული უნარების განვითარების ხელშესაწყობად შეხვედრა გამართა

თბილისი (BPI) – საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის (GIAC) ორგანიზებით გაიმართა ღონისძიება, სადაც  მოხდა საარბიტრაჟო დავის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილის – პროცედურული კონფერენციის, პროცედურულ საკითხთა შესახებ დადგენილების და მათი შედეგების განხილვა.  სამუშაო შეხვედრაში პრაქტიკოსი იურისტები, პოტენციური არბიტრები, ადვოკატები და მხარეთა წარმომადგენლები  ჩაერთნენ, რომლებსაც გამოცდილება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრთან ერთად, წამყვანი იურიდიული ფირმებისა და  იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაუზიარეს.  ღონისძიება  ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP)  მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრის მთავარი მიზანი არბიტრაჟის სფეროში პროფესიული  უნარების განვითარების ხელშეწყობა იყო. ღონისძიებაზე წარადგინეს ასევე,  საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის მიერ შედგენილი დოკუმენტის ნიმუში- „საარბიტრაჟო განხილვის საკითხთა შესახებ დადგენილება“ და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე.

არბიტრაჟის შესახებ კანონში შესულმა ცვლილებებმა და სახელმწიფოს ღია მხარდაჭერამ ხელი შეუწყო ბიზნეს სუბიექტებში ამ სფეროსადმი ნდობის ამაღლებას. თუმცა, სასურველ შედეგამდე კიდევ დიდი გზაა და ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან არბიტრაჟის ინსტიტუტის განვითარება გრძელვადიანი პროცესია.  გვაქვს ამბიცია ვიყოთ საარბიტრაჟო ჰაბი რეგიონის ქვეყნებში, თუმცა ამისთვის საჭიროა მაღალი კვალიფიკაცია და კომპეტენცია ამ სფეროში. ჩვენი სამუშაო შეხვედრა  სწორედ პოტენციურ არბიტრებში პროფესიული უნარებისა და კომპეტენციის ხარისხის გაზრდას ემსახურება. ასევე წარვადგინეთ დადგენილების პროექტი, რომელიც დამატებით გარანტიებს შექმნის საარბიტრაჟო პროცესის სწორად წარმართვის კუთხით“- აცხადებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის ხელმძღვანელი ბექა ინჯია. მისივე თქმით, მსგავსი ტიპის ღონისძიებებს ცენტრი პერმანენტულად მართავს. შეგახსენებთ, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი დაფუძნებულია წამყვანი საერთაშორისი საარბიტრაჟო ინსტიტუტების მოდელების გათვალისწინებით და მისი ძირითადი მიზანია დავების გადაწყვეტის ნეიტრალური, ეფექტური და მოქნილი ალტერნატიული მექანიზმების ჩამოყალიბება. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები არის შემუშავებული არბიტრაჟის ექსპერტთა და პრაქტიკოსთა საერთაშორისო კომისიის მიერ და აერთიანებს ახლა ტენდენციებს საარბიტრაჟო სფეროში და საუკეთესოდ დაცდილ დებულებებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს მხარეთა მოთხოვნებს. საარბიტრაჟო ცენტრის საარბიტრაჟო წესები იძლევა საშუალებას მსოფლიოს ნებისმიერი ენა და ქვეყანა იქნას არჩეული დავების განსახილველად.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …