GIAC-მა ბიზნესომბუდსმენთან ერთად რეგიონული შეხვედრების სერია გამართა

თბილისი (BPI) – ბიზნესომბუდსმენმა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებულმა საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრმა ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით მედიაციის და არბიტრაჟის უპირატესობების შესახებ რეგიონული შეხვედრების სერია დაასრულეს.

პარლამენტში ინიცირებული მედიაციის  შესახებ კანონპროექტი და არბიტრაჟის უპირატესობები ბიზნეს-დავების გადაწყვეტისას – ეს ის მთავარი საკითხები იყო, რომლებზეც  ყურადღება საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა (GIAC) და ბიზნესომბუდსმენის წარმომადგენლების რეგიონული შეხვედრების ფარგლებში გამახვილდა.

ბოლო ასეთი შეხვედრა ქალაქ თელავში გაიმართა. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალურმა მდივანმა ბექა ინჯიამ და ცენტრის უფროსმა იურისტმა დავით ედილაშვილმა კახეთის რეგიონულ ბიზნეს-სექტორს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ფუნქციებისა და ცენტრის როლის შესახებ და ამასთან, მიმოიხილეს არბიტრაჟის ძირითადი მახასიათებლები და მისი მთავარი უპირატესობები ბიზნეს დავების გადაწყვეტისას. შეხვედრისას ხაზი გაესვა სასამართლოს გადატვირთულობას და იმ მოქნილ  პროცედურებს, რომლებიც არბიტრაჟს დამატებით პრიორიტეტს ანიჭებს. 

შეხვედრების სერიის მთავარი მიზანი საქართველოში არბიტრაჟისა და მედიაციის  შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. ანალოგიური ღონისძიებები გაიმართა ასევე ქუთაისში, ფოთში და ახალციხეში.

“იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანაში არბიტრაჟის ინსტიტუტი გაძლიერდეს, აუცილებელია, რომ ბიზნეს-სექტორის თითოეული წარმომადგენელი კარგად იცნობდეს მის უპირატესობებსა და მათთვის დეტალურად იყოს ახსნილი არბიტრაჟის მნიშვნელობა. საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი რეგიონულ შეხვედრებს ხშირად მართავს და უნდა აღინიშნოს, რომ  ბიზნეს-სექტორთან ასეთი კომუნიკაციისას განსაკუთრებით ჩანს მათთვის ამ დარგის აქტუალობა.  ბუნებრივია, კერძო სექტორს საკითხთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს, ამიტომ ყველა მათგანს ინდივიდუალურად ვუდგებით და ვცდილობთ ბიზნესი ამომწურავად იყოს ინფორმირებული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების შესახებ“ – აცხადებს საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის გენერალური მდივანი ბექა ინჯია.

საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრი (GIAC) საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული ორგანიზაციაა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტების უშუალო ჩართულობითა და ევროპული გამოცდილების გაზიარებით დაარსდა და თავის საქმიანობაში აბსოლუტურად დამოუკიდებელია.

შემთხვევითი სიახლე

სებასტიან მოლინესი: საქართველოს რეფორმების პროგრამა შთამბეჭდავია

თბილისი (BPI) – შთამბეჭდავია იმ რეფორმების პროგრამა, რომელსაც საქართველო ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს, – განაცხადა …