თბილისი (BPI) – კომპანია Ferrero მზად არის ქართული თხილის სექტორში ინვესტირება განაგრძოს. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მარკო გონკალვესი ამბობს, რომ Ferrero მზად არის ითანამშრომლოს იმ მეთხილე ფერმერებთან, რომლებიც სტანდარტების დაცვით აწარმოებენ პროდუქციას და დამატებული ღირებულება ადგილზე შეიქმნას.
მარკო გონკალვესთან შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, რომ თხილის წარმოება ქვეყანაში მზარდია, რადგან სექტორს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.
„დარგის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო პროგრამები ხორციელდება. მადლობა მინდა გადავუხადო კომპანიის „Ferrero“ აღმასრულებელ დირექტორს საქართველოს თხილის სექტორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღვნიშნო, რომ თხილის წარმოებაში კომპანიის გამოცდილების გაზიარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა შეხვედრაზე აღნიშნა, თხილის სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანია საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის როლი, რომლის ქმედით სტრუქტურად ჩამოყალიბებაში დიდია Ferrero-ს წვლილი.