ერთ კვირაში თამბაქოს კონტროლის კანონის დარღვევისთვის 9 კაფე-რესტორანი დაჯარიმდა

თბილისი (BPI) – 2019 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, თბილისში, თამბაქოს კონტროლის კანონის მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა და დაჯარიმდა 9 დამრღვევი სამასპინძლო დაწესებულება: “მარანი”, “ჰუკა”, “მოეტი”, “ბლუმი”, “კორა”, “ალადინი”, “ორანჟერეა”, “საჰარა”, ბლექ ბული”.

კონტროლს სამასპინძლო ბიზნესში თამბაქოს კონტროლის ალიანსი ახორციელებს. ალიანსის წარმომადგენლები ობიექტებში რიგითი მოქალაქეების მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე გადაამოწმა და დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტები დადასტურდა.

მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე კაფე “კორა“ უკვე მესამედ დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ პირველ ჯერზე ჯარიმა 500 ლარის ოდენობით არის, განმეორების შემთხვევაში ჯარიმა 1000 ლარს შეადგენს, ყოველ შემდგომ ჯერზე კიდევ 1000-1000 ლარი ემატება. ცინცაძის ქუჩაზე მდებარე „ლაუნჯი ბარს“ „ჰუკას“ მეორედ დაეკისრა ჯარიმის გადახდა.

კაფესა და რესტორნებში თამბაქოს ნაწარმის და ჩილიმის მოხმარება დახურულ სივრცეში  დაფიქსირდა, ასევე, არ ჰქონდათ თამბაქოს მოწევის ამკრძალავი ნიშნები.

„ხშირ შემთხვევაში დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვას მდედრობითი სქესის წარმომადგენლები (განურჩევლად ასაკისა) არ ემორჩილებიან“, – განმარტავენ ალიანსში.

ალიანსში ასევე აღნიშნავენ, რომ მოქალაქეების მხრიდან ხშირად აქვთ ინფორმაცია დამრღვევი კაფე-ბარების, რესტორნების და ღამის კლუბების შესახებ, რომელთა სივრცეში მხოლოდ დაცვის ან „ფეის-კონტროლის“ შედეგად შეიძლება შესვლა, შიდა სივრცეში მოწევა თვითნებურად დაშვებულია და თუ არამწეველი სტუმარი აპროტესტებს, ადმინისტრაცია უცხადებს, რომ მათ მოწევის უფლება ნაყიდი აქვთ. „ეს არის სრული სიცრუე. არანაირი კანონი არ ცნობს მსგავს ცნებას ან ლიცენზიას, მოწევის უფლება არ იყიდება“, – ამბობენ ალიანსში და მოუწოდებენ მოქალაქეებს დახურულ სივრცეში მოწევის ფაქტის შემთხვევაში გადაიღონ ფოტო ან ვიდეო და დარეკონ 112-ზე, ან  სპეციალური აპლიკაციის საშულებით, ჩათში მიწერონ 112-ს დარღვევის და დამრღვევი ობიექტის ადგილმდებარეობის შესახებ, ზუსტი მისამართი. ალიანსში მიიჩნევენ, რომ ამ ტიპის აქტიურობით მნიშვნელოვნად დაეხმარებიან მოქალაქეები კანონის აღსრულებას და საზოგადოებაში კულტურული და ეთიკური ნორმების დამკვიდრებას.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …