საქართველო EBRD-თან წარმატებულ თანამშრომლობას განაგრძობს

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) პრეზიდენტს, ოდილ რენო-ბასოს შეხვდნენ.

შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი კაკაურიძე და მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.

მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოსა და EBRD-ს შორის თანამშრომლობას და ბანკის მხარდაჭერილ პროექტებს ჩვენს ქვეყანაში. ხაზი გაესვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში დახმარების მიმართულებით.

ფინანსთა მინისტრმა EBRD-ის პრეზიდენტს გააცნო ინფორმაცია მაკროეკონომიკური პარამეტრების თაობაზე და ისაუბრა COVID-19-ის კრიზისის შედეგებსა და ეკონომიკური აღდგენის ტენდენციებზე გასულ წელს და მიმდინარე წლის დასაწყისისთვის.

აღინიშნა, რომ დღეს არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველო თანმიმდევრულად განახორციელებს რეფორმების დღის წესრიგს, ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა: ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის გაზრდა, ინფრასტრუქტურის გაძლიერება საქართველოს კონკურენტუნარიანობის მხარდასაჭერად, დიგიტალიზაცია და ინოვაციური სერვისების განვითარება, კაპიტალის ბაზრის რეფორმა და სხვა.

ფინანსთა მინისტრმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს, EBRD-ის რეგიონულ დირექტორს კავკასიაში და მის გუნდს მადლობა გადაუხადა მტკიცე და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გამოთქვა რწმენა, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ქვეყნის პრიორიტეტულ სფეროებში პროექტების დაფინანსებით, კვლავ გააგრძელებს საქართველოს განვითარების დღის წესრიგის მხარდაჭერას მსოფლიოსა და რეგიონისთვის ამ რთულ პერიოდში.

ამჟამად, EBRD-ის პორტფელის მოცულობა 4,6 მილიარდ ევროზე მეტია, საიდანაც 79% კერძო სექტორშია ინვესტირებული.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …