EBRD, ევროკავშირი და KfW ხელს უწყობენ ენერგოეფექტურობას საქართველოში

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), ევროკავშირი (EU) და KfW, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს სახელით, ხელს უწყობენ საქართველოში ენერგოეფექტურობის გაძლიერებას.

EBRD-ის 40 მილიონი ევროს სესხი და ევროკავშირის 13 მილიონი ევროს ოდენობის გრანტი მოხმარდება ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას და ენერგიის მოხმარების შემცირებას საჯარო შენობებში, ძირითადად სკოლებში, რაც ხელს შეუწყობს ერთიან ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და გარემოს დაცვას. უფრო ფართო ინიციატივის ფარგლებში, KfW შეუერთდება ქართული სკოლების გამწვანების ძალისხმევას დამატებითი დაფინანსებით.

შენობები მოიხმარენ ენერგიის მნიშვნელოვან ოდენობას, რაც ქვეყანაში მთლიანი მოხმარების თითქმის მესამედს შეადგენს. ინვესტიცია გამიზნულია სკოლებისთვის და მოიცავს ფასადების, სახურავების და სარდაფების თბოიზოლაციას, ახალ კარ-ფანჯრებს და განახლებულ გათბობის სისტემებს, მათ შორის ბოილერებს, მილებს, ტუმბოებს, ვენტილაციისა და გაგრილების სისტემებს, წყლის დაზოგვის მოწყობილობებს.

პრაქტიკულ დონეზე, ეს შეამცირებს გათბობის გადასახადებს, რაც ხელისუფლებას საშუალებას მისცემს გადაანაწილოს დანაზოგი მეტ სერვისზე. გარდა ამისა, სტუდენტები სწავლას გააგრძელებენ ეკოლოგიურად უფრო სუფთა საკლასო ოთახში. ინვესტიცია დააჩქარებს ენერგოეფექტური ტექნოლოგიების გამოყენებას, გააძლიერებს ადგილობრივ სამშენებლო სექტორს და შექმნის დასაქმების შესაძლებლობებს.

„დაბალი კომუნალური გადასახადები, უფრო სუფთა გარემო, მეტი ენერგეტიკული უსაფრთხოება – ენერგოეფექტურობაში ინვესტირება ყველა ჩვენგანისთვის სასარგებლოა. ევროკავშირთან და KfW-თან ერთად, ჩვენ ვცდილობთ, გავხადოთ სკოლები საქართველოში უფრო ეკომეგობრული და შევქმნათ კომფორტული სასწავლო გარემო სტუდენტებისთვის,“ – განაცხადა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

„EBRD-თან და KfW-თან ჩვენი ერთობლივი პროგრამის წყალობით, ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში სკოლების ენერგოეფექტურობის ამაღლებას. შემცირებული გადასახადებისა და CO2-ის გამოყოფის შემცირების გარდა, ეს ინვესტიცია სტუდენტებისათვის უზრუნველყოფს უფრო ჯანსაღ პირობებს, ახალ სამუშაო ადგილებს და აუმჯობესებს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას“, – განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის ხელმძღვანელმა.

„მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა რჩება პრიორიტეტად და სრულად შეესაბამება პროექტის „მწვანე ინვესტიცია შენობებში (GRIB) საქართველო“ განხორციელებას, რაც ხელს უწყობს უფრო გამძლე და ეფექტური ინფრასტრუქტურის აშენებას, ამავდროულად, სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. ეს მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება EBRD, KfW და ევროკავშირის თანადაფინანსებით და აუმჯობესებს საზოგადოებრივი შენობების ენერგოეფექტურობას; ამავე დროს, აძლიერებს მთავრობის შესაძლებლობებს ენერგოეფექტურობის ასპექტების ჩართვის კუთხით შენობების მშენებლობასა და ექსპლუატაციაში და ზრდის კერძო სექტორის ჩართულობის. ევროკავშირი, EBRD და KfW საქართველოს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, როგორც ფინანსური თანამშრომლობის, ასევე ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების კონტექსტში,“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.

„ენერგოეფექტურობის კომპონენტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საზოგადოებრივი შენობების მშენებლობასა და რეაბილიტაციაში. ეს მიდგომა სასარგებლოა გარემოსთვის, ამიტომ MRDI, ევროკავშირისა და ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით, მიზნად ისახავს მრავალი ეკომეგობრული პროექტის განხორციელებას. პროექტი „მწვანე ინვესტიცია შენობებში (GRIB) საქართველო“ ღირებულია არა მხოლოდ ენერგოეფექტურობის ღონისძიებების კუთხით, არამედ ის ასევე ასახავს ქვეყნის მიმდინარე საჭიროებებს საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის სწავლის პირობების გაუმჯობესების კუთხით“, – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის  მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა.

EBRD წამყვანი ინსტიტუციური ინვესტორია საქართველოში. ქვეყანაში მუშაობის დაწყების დღიდან, ბანკმა 4.6 მილიარდი ევროს ოდენობის ინვესტიცია განახორციელა 269 პროექტში – ფინანსურ, კორპორატიულ და ენერგო სექტორებში, ინვესტიციების 78 პროცენტი კერძო სექტორზე მოდის.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …