ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების თაობაზე რეკომენდაციები დაამტკიცა

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა და ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების შესახებ იმსჯელა.

„საქართველოს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში (SEPA) გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიზნების გათვალისწინებით, ევროკავშირის სტრუქტურებში ინტეგრაციის არსებული შესაძლებლობები საქართველომ მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად უნდა გამოიყენოს. ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება სარგებლის მომტანი იქნება მრავალი მიმართულებით: ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება მეტ სანდოობას შესძენს საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე; გაამარტივებს ევროპის ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს; გამარტივებული სერვისით ისარგებლებენ საქართველოს მოქალაქეები, რაც განსაკუთრებით მნიშნველოვანია, თუ გავითვალისწინებთ ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების მზარდ ტენდენციებს“, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა.

ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრება უკავშირდება გადახდის საერთო ევროპული სტანდარტების, წესების და პრაქტიკის დანერგვას, რაც უზრუნველყოფს მოქალაქეებს და ბიზნესს უსაფრთხო, კონკურენტული ღირებულების მქონე, მომხმარებლისთვის მოსახერხებელი და სანდო საცალო გადახდის სერვისებით ევროში.

ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გარდა, ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაერთიანებულია ევროპის შემდეგი სახელმწიფოები: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, ანდორა, მონაკო, სან მარინო, შვეიცარია, დიდი ბრიტანეთი და ვატიკანი.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა, კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, 2021 წლის 26 მარტს მიიღო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების თაობაზე სამუშაო ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჩატარდა 3 სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის წევრებმა, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა უწყებების, ასევე კომერციული ბანკების, ევროკავშირის პროექტის ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა.

სამუშაო ჯგუფმა შეისწავლა, თუ რა შედეგებს მოიტანს უახლოეს მომავალში ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს წევრობა, რამდენად ქმნის და აკმაყოფილებს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრების წინაპირობებს საქართველოს მიერ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში უკვე მიღწეული პროგრესი და რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრებისთვის.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველო დიდწილად უკვე აკმაყოფილებს ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გაწევრების კრიტერიუმებს. ჩატარებული მოკვლევის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში საქართველოს გაწევრებისთვის საჭირო გადასადგმელი ნაბიჯების თაობაზე რეკომენდაციები დაამტკიცა.

 

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …