ჩეხეთის მთავრობა საქართველოში ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს, CzechTrade-ის რეგიონული ოფისის გახსნას გეგმავს

„ჩეხეთი არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც მუდმივად მიესალმებოდა საქართველოს ევროინტეგრაციას და ნატოში გაწევრიანებას. ამ საკითხზე ვისაუბრეთ ჩეხეთის სენატის პრეზიდენტთან და აქ იყო ძალიან მიკაფიო მესიჯი, რომ ჩეხეთს სურს საქართველო იხილოს ევროკავშირში და ნატოს წევრად. ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ჩეხეთი, მიმდინარე წელს, ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება“ – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის პრეზიდენტთან, მილოშ ვისტრჩილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, როდესაც საუბარი მიდის ევროინტეგრაციაზე, აქ განიხილება კონკრეტული, პრაქტიკული შედეგები, უპირატესობები საქართველოს მოქალაქეებისთვის. „ჩვენ ვსაუბრობთ მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობასა და მეტ ინვესტიციებზე. განისაზღვრა კონკრეტული მიმართულებები, სადაც შეიძლება მეტი ეკონომიკური თანამშრომლობა გვქონდეს ჩეხეთთან – ეს არის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა და ინვესტიციები ენერგოგენერაციაში, ასევე ინვესტიციები მანქანათმშენებლობაში, რაშიც ჩეხეთს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი და დიდი გამოცდილება. ვისაუბრეთ ასევე სატრანსპორტო, ჯანდაცვის და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობაზე“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ჩეხეთის დელეგაციის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მთავრობათშორისი კომისია, რომლის ფარგლებშიც კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნა მიღებული.

„დარწმუნებული ვარ, ასეთი ფორმატები ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. ორი დღის განმავლობაში, საქართველოში იქნება ბიზნეს-ფორუმები, რომლებიც პრაქტიკულ შედეგებზე იქნება ორიენტირებული თბილისსა და ბათუმში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობისთვის, ჩეხეთის მთავრობა საქართველოში ხსნის ვაჭრობის ხელშეწყობის სამთავრობო სააგენტოს, CzechTrade-ის რეგიონულ ოფისს, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას“ – განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

შემთხვევითი სიახლე

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება – ღარიბაშვილი

საჯარო სკოლების მასწავლებელთა ხელფასები და დანამატები, პროფესიული სასწავლებლების პედაგოგთა საათობრივი ანაზღაურება და მანდატურების ხელფასები გაიზრდება, …