თბილისი (BPI) – საქართველოს კურორტების, ბუნების, ტურისტული მიმართულების შემდეგ CNN-ის სამოგზაურო პორტალი ქართულ კერძებს დაეთმო.
“საქართველოს საუკეთესო კერძები და ადგილები თუ სად უნდა დავაგემოვნოთ“ -ამ სათაურით ვრცელ სტატიას კულინარიის ჟურნალისტი პოლ რიმფლი აქვეყნებს.
სტატიას ეხმაურება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.
“ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში CNN-მა საქართველოს კულინარიის შესახებ კიდევ ერთი სტატია მოამზადა, შედეგად გავლენიანი პლათფორმის მილიონობით მკითხველს საშუალება მიეცა გაცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ მიმართულებას.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგულ პლათფორმაზე საპრომოციო სტატიების გამოქვეყნება ხელს უწყობს ჩვენი უნიკალური ტურისტული ადგილების, ღირსშესანიშნაობების ცნობადობის გაზრდას და პოზიციონირებას ჩვენს მიზნობრივ ბაზრებზე, შესაბამისად მაღალამხარჯველუნარიანი ტურისტების მოზიდვას.
ჩვენი მიზანია უფრო წინ წამოვწიოთ ის ტურისტული პროდუქტები, რომელიც მოიცავს საქართველოს სათავგადასავლო, ეკო ტურიზმს, კულინარიას, რომელიც ჩვენი უნიკალური ტურისტული პროდუქტია, ღვინოს, რომელიც გამოარჩევს საქართველოს. მხოლოდ საქართველოს შეუძლია თქვას მთელ მსოფლიოში, რომ ის არის ღვინის სამშობლო”, -აცხადებს მარიამ ქვრივიშვილი.
„ქართულმა კერძებმა და ღვინომ, რომელიც დიდი ხანია უნიკალურობით, ეგზოტიკურობითა და გემოვნებით გამოირჩევა, დღეს მსოფლიოს სუფრებზე სამართლიანად დაიმკვიდრა საკუთარი ადგილი და უდიდეს კულინარიულ საიდუმლოსაც ფარდა აეხადა.
ამასობაში თბილისში კულინარიული რევოლუცია დაიწყო. შეფ-მზარეულებმა ქართული კერძების კონცეფციის ხელახალი განსაზღვრა დაიწყეს, ეს ეხება კერძების გემოს, მომზადების მეთოდებს და სირთულეებს. დანარჩენ მსოფლიოსთან აქტიური კონტაქტის პარალელურად საქართველოში ძველი კულინარიული ტრადიციების ხელახალი აღდგენა დაიწყო. შედეგად საქართველოში კერძების დაგემოვნებისთვის არასდროს ყოფილა ისეთი საუკეთესო დრო როგორც დღეს არის“- წერს ჟურნალისტი პოლ რიმფლი.
სტატიაში დეტალურად აღწერილია ქართული ტრადიციული კერძების მომზადების წესები, მათშორის: ხინკალი, სხვადასხვა სახის ხაჭაპური, მწვადი, ღომი, ხარჩო, ჩაქაფული, ამ კერძების დაგემოვნების წესები და ის რეგიონები სადაც მზადდება.
„საქართველოს მთიანი რეგიონი რაჭა ღვინითა და ღორის ხორცით გამოირჩევა. რაჭა ცნობილია ნახევრად ტკბილი ღვინო ხვანჭკარით და შებოლილი ლორით, ასევე რეგიონი ცნობილია ნივრით შეკმაზული ქათმის კერძით შქემრულით.“-წერს პოლ რიმფლი, რომელიც CNN-ის სამოგზაურო გვერდის მილიონობით მკითხველს ქართული კერძების დაგემოვნებას ურჩევს.
მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს მედიასაშუალებას CNN–ის ტელევიზიას და ვებგვერდს წელიწადში მილიარდზე მეტი მაყურებელი და მკითხველი ჰყავს.