სებ-სა და და CIU-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ მიმართულების ხელშეწყობის მიზნით ეროვნული ბანკის ინიციატივითა და ორგანიზებით არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი და აქტივობა განხორციელდა. ამასთან, აღსანიშნავია რომ 2014 წლიდან, სწორედ სებ-ის ინიციატივით საქართველო მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად ფულის გლობალურ კვირეულს აღნიშნავს.

აღნიშნული კვირეულის ფარგლებში საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს (CIU)  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტი მიზნად ახალგაზრდა თაობაში ფინანსურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და ცნობიერების ამაღლებას ისახავს. მემორანდუმის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ უნივერსიტეტში ლექცია გამართა და ვრცლად ისაუბრა ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე და იმაზე, თუ რას საქმიანობს ქვეყნის მთავარი ფინანსური ინსტიტუტი ამ მიმართულებით.

“თუკი შევხედავთ ომისა და პანდემიის შედეგებს, გარდა ადამიანური დანაკარგისა, რომელიც შეუფასებელია, შესამჩნევია მნიშვნელოვანი ფინანსური დანაკარგიც. საზოგადოების ნაწილი კარგავს სამსახურს, წყვეტს ბიზნესსაქმიანობას, რაც ნეგატიურად აისახება ინდივიდებისა და საოჯახო მეურნეობების შემოსავლებზე და შესაბამისად, მათი ცხოვრების ხარისხზე. თუკი დავფიქრდებით, როგორ შეიძლება ამ შედეგს გაუმკლავდეს ფინანსური განათლება, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თუ სწორად ვმართავთ ფინანსებს, სწორად ვანაწილებთ შემოსავლებს, ვაკეთებთ დანაზოგს, ვქმნით “უსაფრთხოების ბალიშს”, ვახდენთ დივერსიფიცირებულ ინვესტირებას, შოკურ პერიოდებს ბევრად მშვიდად გავივლით და ეს რადიკალურად არ აისახება ჩვენი ცხოვრების დონეზე”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ.

“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი მხარს უჭერს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების გაძლიერების პოლიტიკას. შესაბამისად, ჩვენთვის პატივია, ეროვნულ ბანკთან მემორანდუმის გაფორმება. მინდა ეროვნულ ბანკს მადლობა გადავუხადო ამ შესაძლებლობისთვის”, – განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი აბაშიშვილმა.

https://www.youtube.com/watch?v=1icwO-n33z8&feature=emb_title

 

 

შემთხვევითი სიახლე

სემეკმა ISO 9001:2015 ხარისხის მართვის განახლებული სერტიფიკატი მიიღო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) მიერ საქმიანობის ხარისხის მართვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კვლავ …