ბათუმის ცენტრში კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება

თბილისი (BPI) – ბათუმის ცენტრში კიდევ ერთი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა 2022 წელს დასრულდება.

კომპლექსში, რომელსაც კომპანია „ბრიტიშ აპარტამენტი“ აშენებს, განთავსდება საცხოვრებელი და სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი აპარტამენტები, მოეწყობა მინიმუმ 200 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი, საზოგადოებრივი და კომერციული დანიშნულებით გამოყენების მიზნით სტილობატი (ე.წ. „პოდიუმი“).

აპარტამენტებს ექნება შიდა საშრობები და დამხმარე სათავსოები.

კომპლექსი თანამედროვე სამშენებლო მასალებით აშენდება და შშმ პირებისთვის იქნება ადაპტირებული, ასევე განთავსდება საზოგადოებრივი, კომერციული და გასართობი ცენტრ(ებ)ი.

პროექტის განხორციელებაში ინვესტორი 20 მლნ ლარის ინვესტირებას მოახდენს.

„ბრიტიშ აპარტამენტს“ კომპლექსის მშენებლობა 2020 წლისთვის უნდა დაესრულებინა, თუმცა იმის გამო, რომ ინვესტორმა შენობის ნულოვანი ნიშნულის მშენებლობის დასრულება დროულად ვერ შეძლო (მშენებლობა ამ მასშტაბის შენობა-ნაგეობისთვის უნდა განხორციელდეს ხიმინჯოვან საძირკველზე), აჭარის მთავრობას ვადების კორექტირების თხოვნით და ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად დაკისრებული საურავებისგან (94 302 ლარი) გათავისუფლების თხოვნით მიმართა.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, კომპანიას პირგასამტეხლო ახალი ვალდებულებების სანაცვლოდ „გაუყინეს“.

შემთხვევითი სიახლე

ოლაფ შოლცი – რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა

რუსეთის მიერ უკრაინაში ახალი საშუალო მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტის გამოყენება სახიფათო ესკალაციაა, – BBC-ის ინფორმაციით, …