თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა. სამუშაო შეხვედრაზე პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო წილოსანთან ასოციაციის წევრი კომპანიების მოსაზრებები და შენიშვნები განიხილეს.
კანონპროექტი, რომელიც გარემოს დაცვის მიმართულებით თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს, ბიზნეს ასოციაციის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს, მისი პირველადი ვერსიის წარდგენისთანავე გახდა. მას შემდეგ, კონსულტაციების შედეგად, დოკუმენტის პირველადი რედაქცია შეიცვალა და კიდევ უფრო მეტად დაიხვეწა. ასოციაციის წევრებმა დადებითად შეაფასეს კონსულტაციების პროცესში პარლამენტისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს როლი, თუმცა ამავდროულად აღნიშნეს, რომ არსებულ რედაქციაში დარჩენილია რიგი პრობლემური საკითხები.
ბიზნეს ასოციაციის წევრები შემოთავაზებულ რედაქციაში ძირითად პრობლემურ საკითხებად მიიჩნევენ: ოპერატორის ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის შესაძლებლობას, პასუხისმგებლობის გამომრიცხავი ევროდირექტივით დადგენილი შემთხვევების გაუთვალისწინებლობას და გარემოსდაცვითი რისკის ფინანსურ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს უკანასკნელი, წევრთა განცხადებით აუცილებლად გამოიწვევს დანახარჯების ზრდას და აისახება მათ მიერ წარმოებული პროდუქტის, მათ შორის, ენერგოპროდუქტების თვითღირებულებაზე. ასოციაციაში მიაჩნიათ, რომ ფინანსური უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების დავალდებულება მიზანშეუწონელ ტვირთად შეიძლება დააწვეს ბიზნესს და შეაფერხოს რიგი პროექტების განხორციელება. აღნიშნული საკითხების შემდგომი დაზუსტება და დახვეწა კანონპროექტის ავტორებთან სამუშაო რეჟიმში იგეგმება.
კანონპროექტით ყალიბდება ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებული გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის სისტემა, რომელიც ეფუძნება „დამბინძურებელი იხდის“ პრინციპს. შედეგად, კანონის გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ითვალისწინებს არა პირის პასუხისმგებლობას ჯარიმების დაკისრების გზით, არამედ – გარემოსთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრა/შერბილებას და დაზიანებული გარემოს აღდგენას.
ასოციაციის შეფასებით, შემოთავაზებული კანონპროექტი ცალსახად პროგრესულია და თანამედროვე ევროპულ მიდგომებს აყალიბებს. თუმცა, არსებობს გარკვეული დეტალები, სადაც საჭიროა ბიზნესის პოზიციის გათვალისწინება.