BAG: საკვები პროდუქციის ვაჭრობაში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერის გადაწყვეტილება ბიზნეს გარემოს გააუმჯობესებს

თბილისი (BPI) – „სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების დაბეგვრისა და ჩამოწერის შესახებ მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიღებული გადაწყვეტილებები ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებისა და ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით გადადგმული ცალსახად პოზიტიური და მისასალმებელი ნაბიჯია”, – აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში პრემიერ გიორგი გახარიას 25 ივნისის მთავრობის სხდომაზე გაკეთებული განცხადებისა და შემოსავლების სამსახურის უფროსთან, ლევან კაკავასთან, ასოციაციის წევრი კომპანიის წარმომადგენლებთნ შეხვედრის შემდეგ.

ასოციაციაში ასევე განმარტავენ, რომ ამასთან, სახეზე გვაქვს ბიზნესთან რამდენიმეთვიანი კონსულტაციის შედეგად მიღებული კონკრეტული, ბიზნესისთვის მატერიალურად სასიკეთო შედეგი, რომელიც ბიზნესთან თანამშრომლობის რეჟიმში პრობლემების გადაწყვეტის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია.

აღსანიშნავია, რომ მიღებული გადაწყვეტილებებით სასურსათო და საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში მოღვაწე კომპანიებისთვის შემცირდება საოპერაციო ხარჯები, რაც ბიზნეს სუბიექტებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა და ეს განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ვითარების პირობებში. თავის მხრივ, სასურსათო პროდუქციის საცალო ვაჭრობის სფეროში ჩართული კომპანიის წარმომადგენლებმა შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელთან შეხევედრაზე აღნიშნეს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები, საოპერაციო ხარჯების შემცირების პარალელურად, მნიშვნელოვნად ამარტივებენ ბიზნესის ოპერირებისათვის ამ ნაწილში დღემდე არსებულ პროცედურებს და აწესრიგებენ იმ შეუსაბამობას, როდესაც კომპანიებს უწევდათ მიუღებელ შემოსავალზე მოგებისა და დამატებითი ღირებულებების გადასახადების დარიცხვა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს მთავრობის, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული შესაბამისი ნორმატიული აქტებით:

· განისაზღვრა სურსათის დანაკარგების ოდენობა ე.წ. „ღია საწყობის პრინციპით“ მოქმედი სავაჭრო ობიექტებისთვის და მათ მიეცათ შესაძლებლობა, სურსათის რეალიზაციით მიღებული შემოსავლის 1%-ის ოდენობის დანაკარგი არ დაბეგრონ გადასახადებით (მოგება, დღგ);

· სრულად გაუქმდა 100 ლარამდე ღირებულების დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის საფასური (20 ლარი);

· ასევე, დაიხვეწა დაზიანებული/გაფუჭებული საქონლის ჩამოწერის კრიტერიუმები და საზოგადოებრივი კვების ობიექტებს შეეძლებათ გამარტივებულად, საგადასახადო ორგანოს მხრიდან ადგილზე გასვლის, დათვალიერებისა და საფასურის გადახდის გარეშე ჩამოწერონ დაზიანებული/გაფუჭებული საქონელი.

შემთხვევითი სიახლე

BENTLEY-მ ევროპაში ქსელი გააფართოვა და თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

თბილისში, Bentley Tbilisi-ის ახალი წარმომადგენლობა გაიხსნა. Bentley Tbilisi-ს წარმომადგენლობას ოპერირებას კომპანიის ექსკლუზიური დისტრიბუტორი „თეგეტა ჰოლდინგი“ …