BAG: მხარს ვუჭერთ მთავრობას ნავთობპროდუქტების სფეროში კრიმინალური სქემების გამოვლენაში

თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ აღურიცხავი საწვავის გამოვლენისა და რეალიზაციის აღკვეთის მიზნით გატარებულ ღონისძიებებს იწონებს.

ასოციაციის გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამოვლენილმა დანაშაულმა ნავთობპროდუქტების სფეროში დანაშაულებრივი ბიზნესის არსებობის მასშტაბები გამოკვეთა.

“არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ დღეს ქვეყნის სანავთობო ბიზნესი დგას უდიდესი გამოწვევების წინაშე, როდესაც სხვადასხვა კრიმინალური გზებით იმპორტირებული აღურიცხავი საწვავის არსებობის ფაქტორი უზარმაზარ დარტყმას აყენებს სფეროში მოღვაწე კეთილსინდისიერ ბიზნეს სუბიექტებსა და სახელმწიფო ბიუჯეტს. აუცილებელია, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს სამართლიანი ბიზნესის კეთების კულტურა – სხვადასხვა ტიპის ბიზნესში ჩართულ თითოეულ სუბიექტს მთელი სიგრძე-სიგანით უნდა ესმოდეს ქვეყანაში არსებული გადასახადების გადახდის ვალდებულებისა თუ სხვა კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვის აუცილებლობა.

სამართლიანი კონკურენცია და გადასახადების პირუთვნელი გადახდა არის ერთადერთი გზა ჯანსაღი ბიზნესგარემოს შესაქმნელად. უკანასკნელ პერიოდის რეალობად იქცა, ერთის მხრივ, სანავთობო სფეროს უმსხვილესი ბიზნეს სუბიექტები – თანამედროვე ინფრასტრუქტურით, სოციალური პასუხისმგებლობით, მრავალმილიონიანი ინვესტიციებითა და ასეულმილიონიანი შენატანებით სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო მეორეს მხრივ, მეწარმეთა ნაწილი, რომელთა ყოველდღიურობა მიმართულია სხვადასხვა კრიმინალური სქემებითა თუ ანგარიშფაქტურების მანიპულირებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების მითვისებისაკენ.

ვთვლით ჩვენს ვალდებულებად, სრული მხარდაჭერა გამოვუცხადოთ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ნავთობპროდუქტების იმპორტისა და რეალიზაციის სფეროში დამკვიდრებული კრიმინალური სქემების გამოსავლენად და მანკიერი რეალობის ერთხელ და სამუდამოდ აღმოსაფხვრელად” – განაცხადა შავლეგ მიშველაძემ, BAG-ის ნავთობის, ნავთობპროდუქტებისა და გაზის კომიტეტის თავმჯდომარემ.

შემთხვევითი სიახლე

ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი და იუნისეფი იწყებენ თანამშრომლობას განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და ჰაერის დაბინძურების პრობლემების გადაჭრის მიზნით

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) არსებულ ელიზბარ …