თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება დღგ-ს ავტომატური დაბრუნების სისტემის დანერგვას. როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, რეფორმის იმპლემენტაციის შედეგად ქვეყანაში მკვიდრდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა, იმატებს ნდობის ხარისხი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის და ამასთან, რაც ყველაზე მთავარია, მაშინ, როდესაც ეკონომიკური აქტივობა დღეს მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს ქვეყანაშიც COVID-19-თან დაკავშირებული გამოწვევების გამო შემცირებულია, ახალი პროგრამის ამოქმედება სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებული პოზიტიური გზავნილი იქნება ბიზნეს კომპანიებისათვის, რომელთა დღის წესრიგშიც დღეისათვის მთავარ საზრუნავად ფუნქციონირების გაგრძელება და სამუშაო ადგილების შენარჩუნება დგას.
„თავისი შინაარსით დღგ-ს დაბრუნების ავტომატური სისტემა არის დღეს სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებულთაგან ყველაზე მაღალი სტანდარტი, რაც თავისთავად დადებითი მოვლენაა. ვფიქრობთ, იგი პოზიტიურად იმოქმედებს ბიზნეს სუბიექტების ეკონომიკურ აქტივობაზე, მათ ფინანსურ მდგომარეობაზე, რაც დაეხმარება მათ კრიზისის თანმდევი სიძნელეების გადალახვაში და იქნება ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯი“ – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ.
აქვე, ვითვალისწინებთ რა სრულიად ქართული ბიზნესის წინაშე მდგომ მწვავე გამოწვევებს, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს ახლადარჩეულ პარლამენტს, რომ უმოკლეს ვადებში მოხდეს ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში. კერძოდ,
- საშემოსავლო გადასახადთან დაკავშირებული ის შეღავათი, რომელიც 1500 ლარამდე ხელფასებს შეეხებოდა, დამატებით გაგრძელდეს კიდევ 6 (ექვსი) თვით და, შესაბამისად, სრულად მოიცვას ერთწლიანი პერიოდი 2020 წლის 1 მაისიდან 2021 წლის 1 მაისამდე;
- ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიას ჩამოეწეროს საქართველოს საგადასახადო კოდექსში ამა წლის 22 მაისს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე გადავადებული და დაგროვებული საშემოსავლო გადასახადი.
გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ზემოაღნიშული ორივე თხოვნა პირდაპირ კავშირშია და ემსახურება ჩვენს ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნებას, რაც ვფიქრობთ, უნდა იყოს ნებისმიერი ჩვენთაგანის ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი.