თბილისი (BPI) – საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საკანონმდებლო ბაზის განვითარების კომიტეტის ფარგლებში, ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე, განხილულ იქნა აღსრულების კოდექსის პროექტი, სადაც კრიტიკულად შეფასდა პროექტის ერთ-ერთი მთავარი სიახლე – აღსასრულებელ საქმეთა ტერიტორიული პრინციპის მიხედვით სავალდებულო გადანაწილება და აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო აღმასრულებლის ინსტიტუტის, როგორც დამოუკიდებელი ბიზნესის განვითარების ხელშეშლა.
როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, დღეს მოქმედი წესისაგან განსხვავებით, ახალი კანონის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში, ბიზნესს შეეზღუდება უფლება, თავად შეარჩიოს აღმასრულებელი და ხელშეკრულების საფუძველზე, სათანადო საზღაურის სანაცვლოდ მიიღოს შესაბამისი მომსახურება; ტერიტორიული პრინციპით საქმეთა განაწილება განსაკუთრებით პრობლემური გახდება საფინანსო ინსტიტუტებისათვის, რომლებიც სააღსრულებო სერვისის ყველაზე ფართო მომხმარებელია. ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა აღმასრულებელთან საქმეების გაბნევა შეაფერხებს აღსრულების პროცესს, პირდაპირ აისახება ამოღებული თანხების პორტფელის მოცულობაზე და სააღსრულებო დანახარჯებზე, აღნიშნული კი პირდაპირპროპორციულ ასახვას ჰპოვებს ფინანსების ხელმისაწვდომობასა და ფასზე.
პარალელურად, დაგეგმილი საკანონმდებლო რეფორმა არაერთ სასიკეთო ცვლილებასაც შეიცავს, რომელთა მიზანი აღსრულების პროცესის გამარტივება, ერთიანი პრაქტიკის ჩამოყალიბება და სააღსრულებო პროცესში მონაწილე პირთა უფლება-მოვალეობების მკაფიო გამიჯვნაა.
ასოციაციაში განმარტავენ, რომ აღსრულების პროცესის გამჭვირვალობა, პროგნოზირებადობა და სიმარტივე, ბიზნესის კეთებასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტისათვის უმნიშვნელოვანესია და თავის მხრივ, ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს შეფასების ერთ-ერთ არსებით კომპონენტს წარმოადგენს. ამდენად, დაგეგმილი სიახლეების ყოველმხრივ შეფასება, რისკებისა და სარგებლის პროპორციულობის იდენტიფიცირება, სასიცოცხლოდ აუცილებელია.
ასოციაციის ინიციატივით უახლოეს დღეებში იგეგმება კანონპროექტთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც მოხდება, როგორც იდენტიფიცირებულ რისკებთან მიმართებაში ბიზნესის პოზიციების განხილვა, ასევე მათ დასაბალანსებლად ალტერნატიული წინადადებების შეთავაზება.