MCA Georgia დასავლეთ საქართველოში 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაციას წელს დაასრულებს

თბილისი (BPI) – „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ დაფინანსებით, დასავლეთ საქართველოში, 2019 წელს 30 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სრულდება. შედეგად, სასწავლო გარემო  15 200 მოსწავლისათვის გაუმჯობესდება. დასავლეთ საქართველოში საჯარო სკოლების სრული რეაბილიტაციის  ბიუჯეტი 15 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

ფონდის ზოგადი განათლების პროგრამის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კომპონენტის სრული ბიუჯეტი 56.5 მილიონი დოლარიაპროექტის ფარგლებში,საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია, მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებითა და ქიმიური რეაქტივებით აღჭურვაა დაგეგმილი.  ამ დროისთვის, რეაბილიტირებულია 65 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო  რეგიონებში მცხოვრებ 28,000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი“ საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის პროექტებს 2014 წლიდან ახორციელებს.

აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი გრანტიდან, რომელიც მეორე კომპაქტის ფარგლებში გამოიყო, 76 მილიონი დოლარი მხოლოდ ზოგადი განათლების მიმართულებით იხარჯება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ამბობს, რომ სასკოლო სისტემა ბევრი გამოწვევის წინაშე დგას. მისივე თქმით, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აქტიურად მუშაობს განათლების ხარისხის გაუმჯობესებაზე და ფონდის როლი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია.

„ხარისხიანი STEM განათლება და მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა არის ფონდის პრიორიტეტი,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვა, მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება,საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობისა და ოპერირების სისტემის შემუშავება-დანერგვა და ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა – ეს ის აქტივობებია, რომელსაც „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ ზოგადი განათლების მიმართულებით ახორციელებს.

„საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების კომპონენტი  მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, მათ შორის, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახებისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას. ასევე, შერჩეული სკოლების ინფრასტრუქტურის სრული რეაბილიტაციის და მათი თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის გზით, მათთვის გაუმჯობესებული ხარისხის სასწავლო გარემოს შექმნასა და სკოლების ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობის  პროგრამის შემუშავებას,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე და დასძენს, რომ საქართველოს მთავრობისა და „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის“ პარიტეტული მონაწილეობით შექმნილია საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის წამახალისებელი ფონდი. ფონდის მთლიანი მოცულობაა 5 მილიონი აშშ დოლარი (2,5 მილიონი თითოეული მხარის შენატანი).

მაგდა მაღრაძე ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად მნიშვნელოვანია მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარებაც. ამ მიმართულებით ფონდი 14 მლნ დოლარს ხარჯავს. პროექტის მიზანია საბუნებისმეტყველო, მათემატიკის (STEM), ინგლისური ენის და გეოგრაფიის საგნებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომების დანერგვა.

„ამ მიზნით, გადამზადდა ყველა მსურველი STEM-ის, ინგლისური ენის და გეოგრაფიის 17,000-ზე მეტი პედაგოგი, ჩატარდა 3000-ზე მეტი სასწავლო შეხვედრა, საერთაშორისო კონფერენცია “მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომები ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლებისას“. იქმნება ონლაინ მოდულები მასწავლებლებისათვის,  სხვადასხვა სასარგებლო რესურსი, მაგალითად, გამოიცა საკლასო შეფასების სახელმძღვანელო, რომელიც ყველა საჯარო სკოლას დაურიგდება.

მასწავლებელთა გადამზადება იყო ხანგრძლივი პროცესი, რომელიც შედგებოდა როგორც ზოგადპროფესიული, ასევე, საგნობრივი მოდულებისგან. ყველა მოდული ითარგმნა სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულ ენებზე ეთნიკური უმცირესობების მასწავლებლებისთვის,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

პროექტის ფარგლებში, უპრეცედენტოდ ხანგრძლივი პროფესიული განვითარების კურსები შემუშავდა დირექტორებისთვის. ეს არის ლიდერობის აკადემია, რომლის ფოკუსია დირექტორი, როგორც სასწავლო პროცესის ლიდერი. ყველა საჯარო სკოლის დირექტორი სამი წლის განმავლობაში გადამზადდა  160 საკონტაქტო საათიან მოდულში.

ფონდის მიერ რეაბილიტირებული სკოლები აღიჭურვა სასკოლო სამეცნიერო ლაბორატორიებით. ამ დროისათვის რეგიონების სკოლებში 140-ზე მეტი დასახლების აღჭურვილობა და ქიმიური რეაგენტების ერთი წლის მარაგია შეტანილი, მასწავლებლები კი მათ უსაფრთხოდ გამოყენებაში გადამზადდნენ.

„ვიმედოვნებთ, რომ სამეცნიერო საგნების კეთებით სწავლება ხელს შეუწყობს სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. შედეგად, გვეყოლება ბევრად მეტი STEM-ით დაინტერესებული მოსწავლე, რომელიც ღირებულ და ინოვაციურ პროდუქტს შექმნის, რაც თავის მხრივ, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

ფონდი პროექტების მიმდინარეობისას რეგულარულად ახორციელებს მათ მონიტორინგსაც. როგორც მაგდა მაღრაძე ამბობს, ამას ხშირად არაფორმალური ხასიათი აქვს..

„ჩავდიოდით სკოლებში და ვეკითხებოდით მასწავლებლებს, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა უკეთ. ერთადერთი ჩივილი, რასაც მასწავლებლებისგან ვისმენდით, იყო ის, რომ სხვა საგნის პედაგოგებსაც ძალიან უნდოდათ ჩვენი ტრენინგების გავლა. უზომოდ მოხარული ვარ, რომ მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მისცა ეს შესაძლებლობა სხვა საგნის პედაგოგებს და სულ რაღაც ერთი კვირის წინ დაიწყო ტრენინგები. როგორც ვიცი, მსურველი ძალიან ბევრია და 10, 000 -ზე მეტი პედაგოგი დარეგისტრირდა ჩვენი პროექტის ფარგლებში შექმნილი (ისტორიის, ქართული ენის  და სხვა) ზოგადპროფესიული კურსების გასავლელად,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

ფონდში მიაჩნიათ, რომ პოლიტიკის შემუშავებისას მიღებული გადაწყვეტილებები კვლევების სისტემატურად ჩატარებასა და მონაცემების ანალიზის საფუძველზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამ მიმართულებით, 6 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილია როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნული შეფასებების ჩატარებაზე.

„საერთაშორისო შეფასებებში მონაწილეობის მიღება მოგვცემს მნიშვნელოვან ინფორმაციას, თუ როგორია ჩვენი მოსწავლეების საშუალო მიღწევის მაჩვენებლები სხვა განვითარებულ თუ განვითარებად ქვეყნებთან შედარებით. რაც შეეხება ეროვნულ შეფასებებს, მისი შედეგები არის უმნიშვნელოვანესი ინდიკატორი, რომელიც გვეუბნება, თუ როგორია მოსწავლეთა მიღწევები ეროვნული სასწავლო გეგმების მიერ დასმულ მიღწევის მაჩვენებლებთან შედარებით,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე.

შემთხვევითი სიახლე

მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში ქუთაისში შეხვედრა გაიმართა

14 მარტს, 14:00 საათზე ქუთაისში, 6 მარეგულირებელი უწყების მიერ ორგანიზებულ მომხმარებლის უფლებების დაცვის II საერთაშორისო …