APM Terminals-ი განცხადებას ავრცელებს

თბილისი (BPI) – „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპანიას კარგად ესმის და სამართლიანად მიაჩნია ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორიაზე მანქანების გახსნის დროის გახანგრძლივებასთან დაკავშირებული მომხმარებელთა უკმაყოფილება, რამდენადაც ეს ყველაფერი არ შეესაბამება მომსახურების იმ ხარისხსა და ტემპს, რაც ჩვენ ბაზარზე ბოლო პერიოდში დავამკვიდრეთ; მომხმარებლებს სრულიად ლოგიკურად აქვთ უკეთესი მომსახურების მოლოდინი კომპანიის მხრიდან, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე.

კომპანიაში ამბობენ, რომ არ იშურებენ ძალისხმევას და მაქსიმალურად ცდილობს შექმნილი ვითარების შემსუბუქებას.

“მეორადი ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების რაოდენობა, 2018 წლის იმავე პერიოდთან შედარებით წელს 42%-ით გაიზარდა. ამასთან, ნავსადგურის ისტორიაში სწორედ 2019 წლის 3 თვე – იანვარი, ივნისი და აგვისტო იყო რეკორდული ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების გადამუშავების მხრივ.

მოხდა საკონტეინერო ტერიტორიაზე ავტომანქანების სადგომი ადგილების რაოდენობის გაზრდა 630დან 1100-მდე, კონტეინერების დასაწყობების ადგილების შემცირების და მათი ძირითადი ადგილმდებარეობიდან სხვა სივრცეებში გადატანის ხარჯზე. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ არსებული ადამიანური რესურსებით და ტექნიკით, ნავსადგურს შეუძლია ყოველდღიურად გახსნას ავტომანქანებით დატვირთული 100 კონტეინერი, რაც მომხმარებლებისთვის დაახლოებით 400 ავტომანქანის მიღების შესაძლებლობას გულისხმობს, თუმცა, ზემოაღნიშნულის განხორციელება პირდაპირ არის დამოკიდებული ავტოსადგომიდან მანქანების გაყვანის სისწრაფესა და რაოდენობაზე, რაც მიმდინარე მდგომარეობით საშუალოდ დღეში 220 მანქანას შეადგენს. ავტომანქანებით დატვირთული კონტეინერების რაოდენობის ზრდა, სხვადასხვა გარე და შიდა ფაქტორით, უმთავრესად კი რეგიონის ბაზრების გააქტიურებით არის გამოწვეული, რაც, თავის მხრივ, დადებითი მოვლენაა. როგორც ჩვენს მომხმარებლებთან დიალოგის შედეგად გაირკვა, აღნიშნული მდგომარეობა დროებითია და 2019 წლის ბოლოსთვის ტვირთნაკადი შემცირებაა მოსალოდნელი.

“ეიპიემ ტერმინალს ფოთის” გუნდი ძალისხმევას არ იშურებს მომხმარებლებისთვის სწრაფი და ეფექტური მომსახურების მისაწოდებლად, რის ნათელ დადასტურებასაც წარმოადგენს ქვემოთ ჩამოთვლილი რიგი ინიციატივები, რომლებიც შემუშავდა და განხორციელდა გაზრდილი საბაზრო მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად: – კონტეინერების სასაწყობე ტერიტორიის გაზრდა როგორც ჰორიზონტალურად, ასევე ვერტიკალურად; – ავტოსადგომზე ადგილების დამატება; – 15%-იანი ფასდაკლების დაწესება ავტოსადგომიდან მანქანების სწრაფად გაყვანის შემთხვევაში; – ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების სწრაფად და მოქნილად მობილიზების უზრუნველყოფა; – მუდმივი კომუნიკაცია და თანამშრომლობა საპორტო გადაზიდვების ლოგისტიკური ჯაჭვის შემადგენელ თითოეულ რგოლთან, რომელთა ძირითად ნაწილს წარმოადგენენ საზღვაო ხაზები, საექსპედიტორო კომპანიები, ავტომანქანების დილერები, საბაჟო, უშუალოდ ტვირთმფლობელები და ა.შ.

მიუხედავად აღნიშნული ქმედებებისა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ყველა საწარმოს აქვს გარკვეული შეზღუდვები, რომლის ზღვარზეც დღეს უკვე იმყოფება ფოთის საზღვაო ნავსადგურის საკონტეინერო ტერიტორია. „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ მთელი გუნდი კვლავაც აგრძელებს თავდაუზოგავად მუშაობას მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად და ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოების ჩართულობით და თანამშრომლობით, შედეგი მიღწეულ იქნება.

ზოგადი მიმოხილვა

2011 წლის აპრილში, „ეიპიემ ტერმინალსმა“ შეისყიდა საქართველოში ყველაზე დიდი ნავსადგური – „ფოთის საზღვაო ნავსადგური“ რომელსაც მრავალმიზნობრივი დანიშნულება აქვს. ნავსადგურში სულ 15 ნავმისადგომია, სადაც ხდება ყველანაირი სატვირთო მომსახურების, მათ შორის რო-რო სერვისის განხორციელება. ნავმისადგომების მთლიანი სიგრძე შეადგენს 2,900 მეტრს, სადაც 20-ზე მეტი საპორტო ამწეა განლაგებული. სათავეში მოსვლის დღიდან, „ეიპიემ ტერმინალსმა“ უზრუნველყო 80 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციის განხორციელება მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურის, საბაჟო ცენტრის, სარკინიგზო და საავტომობილო გზების და სერვისის განახლების მიზნით.

აღნიშნული პერიოდის მანძილზე, ფოთის ნავსადგურმა, რომელიც ფლობს საქართველოს ნავსადგურების გავლით კონტეინერების გადაზიდვის 85%-ს, შეძლო ნავსადგურში არსებული ინფრასტრუქტურისა და აღჭურვილობა/ტექნიკის განახლება, რათა ის ყოფილიყო ყველაზე პროდუქტიული და უსაფრთხო ნავსადგური ქვეყანაში და შეენარჩუნებინა მისი არსებული პოზიცია, როგორც მნიშვნელოვანი კარიბჭე ცენტრალურ აზიასა და კავკასიაში”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გვარცელებულ განცხადებაში.

შემთხვევითი სიახლე

აპლიკაცია, რომელიც გეხმარება დაუკავშირდე ყველას, ნებისმიერ ადგილზე: Rakuten Viber-ის 7 საოცარი ფუნქცია, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გამოგიყენებია

Rakuten Viber, ეს არის გლობალური, უსაფრთხო საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით ადამიანს აკავშირებს …